Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმია აცხადებს, რომ მთლიანად აკონტროლებს ვითარებას, ერდოანის თქმით, თურქეთს ის მართავს


თურქმა სამხედროებმა გადაკეტეს ბოსფორის ხიდისკენ მიმავალი გზა
თურქმა სამხედროებმა გადაკეტეს ბოსფორის ხიდისკენ მიმავალი გზა

თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყნის მართვაზე იმისთვის, რომ დაცულ იქნეს დემოკრატიულ წესრიგი და ადამიანის უფლებები. განცხადება გაავრცელა დოგანის ახალი ამბების სააგენტომ და გადასცა თურქეთის ტელევიზიამ 15 ივლისს, გვიან ღამით.

განცხადებაში ასევე წერია, რომ თურქეთის საგარეო ურთიერთობები მთლიანად იქნება შენარჩუნებული და პრიორიტეტი იქნება კანონის უზენაესობა. ანადოლუს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება ამის ფონზე, რომ სტამბოლში მძევლად აიყვანეს თურქეთის არმიის მაღალი რანგის პირები, მათ შორის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი ესაუბრება ჟურნალისტებს საკურორტო ქალაქ მარმარისში, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდა
თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი ესაუბრება ჟურნალისტებს საკურორტო ქალაქ მარმარისში, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდა

CNN-მა პირდაპირ ეთერში გადასცა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სატელეფონო მიმართვა თანამემამულეებისადმი. ერდოანმა მოსახლეობას მოუწოდა, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდნენ. "მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, შეიკრიბონ მოედნებსა და აეროპორტებში, პუჩისტებმა თავიანთი ტანკებითა და ზარბაზნებით, რაც უნდათ, ის გააკეთონ", თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. მან დასძინა, ქვეყანას კვლავაც მე ვმართავ და სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩახშობილ იქნებაო.

უფრო ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიის ერთმა ნაწილმა თვითნებურად მოქმედება დაიწყო. ტელეკომპანია NTV-მ მოიყვანა ილდირიმის სიტყვები, რომ საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. რეიტერის სააგენტოს თანახმად, პრემიერი თვლიდა, რომ არასწორია ამას „გადატრიალება“ უწოდო, ეს უფრო მცდელობააო.

თურქეთის პრემიერის სიტყვები მოჰყვა ცნობებს, რომ დედაქალაქ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობდნენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა. უშიშროების ძალებმა ნაწილობრივ გადაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდი, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპასა და აზიას. ხიდების გადაკეტვა უპრეცედენტო შემთხვევაა: ყოველდღიურად მათი გზით ევროპასა და აზიას შორის მოძრაობს 180 ათასამდე ავტომანქანა.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტანკს გზა გადაუღობა მოქალაქემ
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტანკს გზა გადაუღობა მოქალაქემ

NTV-ს მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორ არიან განთავსებული ტანკები სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.

თბილისში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იმსჯელეს საფრთხეებზე, რომლებიც თურქეთში შექმნილი სიტუაციიდან საქართველოსთვის შეიძლება მომდინარეობდეს. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ვითარება საზღვრებზე და გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის შემდეგ. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იქ სტაბილურობის შენარჩუნება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერმა დასძინა, რომ სამხედრო გადატრიალებები მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

„დილამდე დავაკვირდებით ვითარებას. ჯერჯერობით, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილით, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება შეხვედრა და, ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, გავაკეთებთ კორექტირებას ამ სიტუაციაში“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG