საქართველოში, სადაც ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტადაა გამოცხადებული, წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება საზოგადოებრივი ტუალეტების ნაკლებობა და მათი არასახარბიელო მდგომარეობა. ქალაქ ახალციხეში, რომელიც ქვეყნის ძირითადი ტურისტული მარშრუტების ჩამონათვალშია, სულ სამი, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მუნიციპალური საპირფარეშო არსებობს. სველი წერტილების ნაკლებობა და გაუმართაობა წუხილს იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით გამოდარების შემდეგ, როცა ხალხმრავლობაა ქალაქის მთავარ პარკსა და თავშეყრის სხვა ადგილებში.
ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ორი კვირაა დაკეტილია. სველ წერტილს წყალი არ მიეწოდება. ამის გამო ლაურა იაროშევსკი იძულებულია საპირფარეშოს დასასუფთავებლად წყალი ბოთლებით მოზიდოს. მოქალაქეებისთვის მან მაისამდე სპეციალური განრიგი დააწესა და მსურველებს საპირფარეშოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს.
ქალაქში, ცენტრალური პარკის გარდა, მუნიციპალური საპირფარეშო კიდევ ორ ადგილზე ფუნქციონირებს – ახალციხის ციხესა და ტბაზე, თუმცა ეს უკანასკნელი მოსაწესრიგებელია. სველი წერტილების გარდა, მოსახლეობას დისკომფორტს დამშრალი წყაროებიც უქმნის. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სასმელი წყალი არსად მოდის.
სველი წერტილები ახალციხის ყველაზე სუსტი მხარეაო, ამბობს ქალაქის მერი. ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება საპირფარეშოს აშენებას აპირებს, თუმცა კიდევ ერთი ობიექტი პრობლემას ვერ გადაჭრის. ქალაქის პირველი პირის ინიციატივით, საპირფარეშოები ფასიანი გახდება.
ქალაქში სასმელი წყლისა და საპირფარეშოს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ დაისვა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ეს თემა მუდმივად ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება. გაერთიანებული დემოკრატების წევრი ახალციხეში, ჯიმშერ გოგოლაური, ქალაქში საპირფარეშოების აუცილებლობაზე საუბრობს.
სასმელი წყლის უქონლობა და საპირფარეშოების არარსებობა ტურისტულ ქალაქში ყველაზე დიდ პრობლემას ვიზიტორებს უქმნის. სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ პრობლემა ბიოტუალეტების დადგმით გადაჭრან. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება, რადგან მსგავსი ტიპის საპირფარეშოების მოწყობა მცირებიუჯეტიანი ქალაქისთვის ძვირად ღირებული პროექტია.