Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაჯარიმდა არაქართულენოვანი წარწერებისთვის და რა ცვლილებები იგეგმება რეკლამის კანონში?


თბილისი
თბილისი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრება იგეგმება. თბილისის მერიაში უკვე დაიწყეს მუშაობა კანონში შესატან ცვლილებებზე.

რეკლამის შესახებ კანონი

რეკლამის შესახებ კანონის თანახმად:

  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, სხვა ენაზეც.
  • უცხოენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

გასულ კვირას ქალაქის მერმა კახა კალაძემ ახვლედიანის ქუჩის დათვალიერების შემდეგ რეკლამის შესახებ კანონზე ისაუბრა - აღნიშნა, რომ ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა.

“დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, მისცენ გონივრული ვადა შენობების მესაკუთრეს, რომ წარწერები ქართულად გაკეთდეს. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, არავის ვერჩით, ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი“, - თქვა კახა კალაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მითითებების შემდეგ ახვლედიანის ქუჩაზე ხუთი ობიექტი დაჯარიმდა, იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 200-მდე ობიექტმა მიიღო გაფრთხილება, მათგან ოცდახუთს კი ფულადი სანქცია დაეკისრა.

გიორგი ბაგრატიონი: “კანონდარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგენენ ოქმს და შემდეგ სასამართლო წყვეტს, დააჯარიმოს თუ არა ობიექტი. იმისთვის რომ უფრო ეფექტიანები გავხდეთ, ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ფულადი ჯარიმებიც გაიზრდება და თავად ზედამხედველობის თანამშრომლები შეძლებენ დამრღვევის დაჯარიმებას”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ პრობლემა კანონის აღსრულებაშია:

თბილისი
თბილისი

“მაგალითად, როდესაც საკრებულოში ვიყავი ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე, მარტივად გადავწყვიტე ეს საკითხი: 30-40 კომპანიას შევხვდით საკრებულოში, ავუხსენით ვითარება და თბილისში თითქმის ასი პროცენტი შეიცვალა ქართულენოვანი ან ორენოვანი აბრებით.

2014 წლის შემდგომ ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. ნელ-ნელა ვხედავ, რომ წარწერების 70-80 პროცენტი ისევ არაქართულმა წარწერებმა ჩაანაცვლა. კანონის ცვლილება ცუდი არ არის, მაგრამ ყველა საკითხზე კანონპროექტში ცვლილების შეტანას აჯობებს პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღონ”.

გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის, თქმით, ისინი მთავრობას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარუდგენენ ცვლილების ტექსტს და შემდეგ უფრო ადვილად შეძლებენ საკითხის მოგვარებას.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG