Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის საუკეთესო თავდაცვა წინასაარჩევნოდ ახალციხეში?


ახალციხე
ახალციხე
14 ოქტომბერს ახალციხეში სასტიკად სცემეს სოფელ თისელის მკვიდრ ვახტანგ კოშაძეს. ეს ცნობილი გახდა ახალციხეში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს. დაზარალებული ამბობს, რომ იგი "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსათვის" პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოდიოდა, ახალციხის შემოსასვლელთან კი 7 პირი თავს დაესხა. ვახტანგ კოშაძე ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან თავდამსხმელთაგან ორი – ირაკლი მუმლაძე და სოსო მარტინენკო - ახალციხის „ქართული ოცნების“ ოფისის წევრია. დაზარალებული იმასაც ამბობს, რომ ისინი მას ადრეც არაერთხელ დამუქრებიან ტელეფონით.

„უკან გამომყვნენ, მანქანიდან გადმომაგდეს და სასტიკად მცემეს. ირაკლი მუმლაძემ და ვითომ „მეოცნებემ“, არადა, სინამდვილეში, ნაციონალების აქტივისტმა სოსო მარტინენკომ მცემეს. დავალებული ჰქონდათ და იმიტომ. დიდი ურთიერთობები აქვთ, გაიყვეს მონოპოლიები უკვე. შეურაცხყოფა კი მივაყენე, მაგრამ კაცი ვარ და ვეღარ მოვითმინე მაგ დამპლებისგან, ივანიშვილის მოღალატეებისგან“, – იხსენებს ვახტანგ კოშაძე.

ნინო ბურჯანაძის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსათვის“ ახალციხის შტაბის წევრები მედიასთან წინასაარჩევნო კამპანიის არათავისუფალ გარემოსა და პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატების ჩამოხევაზე საუბრობდნენ. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთად ებრძვიან. მისივე თქმით, ერთ-ერთი ფაქტი ვახტანგ კოშაძის ინციდენტია, რაზეც რეაგირებას პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვს.

,,ვიცი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან არის გაცემული ბრძანება, რომ არ გაბედონ ადამიანების დაშანტაჟება. ამიტომ ამ ზეწოლის შესაებ ჩვენ ის უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. თუ მერე არ იქნება რეაგირება, ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ამაზე გააკეთებს რეაგირებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ვახტანგ კოშაძე სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებს და დახმარებას უფლედამცველებს სთხოვს. ირაკლი მუმლაძე კი სატელეფონო საუბარში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არც ვახტანგ კოშაძეს იცნობს და არც ,,ქართული ოცნების“ აქტივისტია. მომხდარზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე. იგი მმართველი პარტიის მონაწილეობას გამორიცხავს და „ქართული ოცნების“ მიერ შესრულებულ დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას:

,,ყველაზე საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და ახლა ისინი გვესხმიან თავს და ათას რამეს გვაბრალებენ. თუ რამე ფაქტები აქვთ, კეთილი ინებონ და დადონ, თუ არადა, სიცრუეს და ჭორებს მოეშვან. რაც შეეხება შესრულებულ დაპირებებს: პირველი – შემოღებული იქნა ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამა; მეორე – მშობიარობა გახდა უფასო, 1 აგვისტოდან დღემდე 6 000-მა დედამ იმშობიარა უფასოდ; მესამე – 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღები გახდა უფასო; მეოთხე – ამ სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების 650 ათასმა მოსწავლემ მიიღო უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები“.

სასოფლო-სამეურნეო ბარათები, ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, „ქართული ოცნების“ შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც წინასაარჩევნოდ ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი საუბრობს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ახალი ხელისუფლების ერთწლიან მუშობას ტარიელ ლონდარიძე პოპულისტურსა და საზოგადოებაზე გათვლილ დროებითი მოვლენას უწოდებს.

,,პროექტების თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, ამ მთავრობამ მოახერხა, რომ ათიათასობით ადამიანმა ამ ერთი წლის განმავლობაში უმთავრესი შემოსავალი – სამუშო ადგილი დაკარგა“.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ერთი წელი საკმარისი არ არის ხელისუფლების მუშაობის შესაფასებლად:

,,ბევრი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ვერც გაკეთდებოდა ამ ერთ წელიწადში სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით, მძიმესაც, მსუბუქსაც სხვა სირთულეები ახლავს, ყველაფერი ღია ცის ქვეშ იწარმოება და სხვა ხელისშემშლელი პირობებიც არსებობს“.

ახალციხეში წინასაარჩევნოდ შტაბები გახსნეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ - ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“.
XS
SM
MD
LG