Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, ერთ დღეში აირჩევენ


საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა დაასახელა. ესენი გახლავთ კონსტანტინე ამირაჯიბი, მანუჩარ გამყრელიძე და თამარ ჟვანია. მიხეილ სააკაშვილმა სამივე კანდიდატი სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციით წარადგინა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, რომ კომისია ხვალ შეიკრიბება და ახალ თავმჯდომარესაც ხვალვე აირჩევენ. კომისიის წევრთა წინასწარი განწყობით, სიმპათიები ფართო სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატისკენ, თამარ ჟვანიასკენ იხრება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 კანდიდატი წარადგინა. ერთი მათგანი, თამარ ჟვანია, 2012 წლიდან დღემდე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის" - მენეჯერი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, ასევე - "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ვაშინგტონის ოფისში. თამარ ჟვანიას კანდიდატურა 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად 23 აგვისტოს შესთავაზა პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, მანუჩარ გამყრელიძეს და კონსტანტინე ამირაჯიბს, მათივე განცხადებით, ისინიც სამოქალაქო სექტორის მიერ არიან დასახელებული.
ვფიქრობ, რომ ის 13-წლიანი გამოცდილება, რომელიც არა მარტო ადმინისტრაციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად, საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საერთაშორისო პოზიციებზე მუშაობის კუთხით გამაჩნია, ალბათ, იქნება ის, რაც მე განმასხვავებს ამ კანდიდატებისგან...
მანუჩარ გამყრელიძე

მანუჩარ გამყრელიძე 2009-2010 წლებში ქობულეთის N82 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კონსტანტინე ამირაჯიბი კი წლების განმავლობაში ვაკის N2 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე იყო. სამივეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს, თუმცა, როგორც თამარ ჟვანია ამბობს, მისი უპირატესობა ისაა, რომ მას, ამასთანავე, საარჩევნო სუბიექტებთან, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორანიზაციებთან მუშაობის 13-წლიანი პრაქტიკა აქვს:

„იმავე მედიასთან ურთიერთობა, არასამთავრობოებთან, საერთაშორისო სექტორთან გამოცდილებაც ნამდვილად სჭირდება ადმინისტრაციის მენეჯერს და ხელმძღვანელს, რათა პროცესი იყოს მაქსიმალურად კარგად მიტანილი ჩართულ მხარესთან და ეს ურთიერთობა იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული. მე ვფიქრობ, რომ ის 13-წლიანი გამოცდილება, რომელიც არა მარტო ადმინისტრაციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად, საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საერთაშორისო პოზიციებზე მუშაობის კუთხით გამაჩნია, ალბათ, იქნება ის, რაც მე განმასხვავებს ამ კანდიდატებისგან“.

თამარ ჟვანიას მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში არავითარ ცვლილებებს არ გეგმავს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსტანტინე ამირაჯიბი. ორივე კანდიდატი იზიარებს იმ აზრს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობს და რომ ცვლილება არჩევნების მიმართ სანდოობის ამაღლებას არ მოემსახურება. კონსტანტინე ამირაჯიბი, გამარჯვების შემთხვევაში, თამარ ჟვანიას მსგავსად, არჩევნების სამაგალითოდ - დემოკრატიულად და გამჭვირვალედ - ჩატარებას გეგმავს:

„მიმდინარე გეგმა ეს არის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, ეს არის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა, კიდევ უფრო მოქნილი საარჩევნო სისტემის შექმნა და რაც შეიძლება მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა“.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის მესამე კანდიდატს, მანუჩარ გამყრელიძეს, რადიო თავისუფლებამ მისი გეგმების შესახებ აზრი ვერ ჩაიწერა - მოუცლელობის გამო მან საუბარი ვერ მოახერხა.
ჩემი პირადი პოზიციით, მიმაჩნია, რომ თამარ ჟვანიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე დანარჩენ წარმოდგენილ ორ კანდიდატს...
ირაკლი ხორბალაძე

თავის მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრების აზრით, სამივე დასახელებული კანდიდატი გამოცდილია საარჩევნო სისტემებში, თუმცა, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცესკოში ირაკლი ხორბალაძე ამბობს, კომისიის წევრთა სიმპათია თამარ ჟვანიას მიმართ გამოკვეთილად მეტია:

„მისი გამოცდილება, მისი მომავლის ხედვა და უნარები იმისათვის, რომ იყოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, სხვა კანდიდატებთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი პოზიციით, მიმაჩნია, რომ თამარ ჟვანიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე დანარჩენ წარმოდგენილ ორ კანდიდატს“.

კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა, პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს სამ კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ. იმისათვის, რომ თავმჯდომარე აირჩეს, საჭიროა ცესკოს ექვსიდან ოთხმა წევრმა ერთ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული წევრები იმსჯელებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც წინა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის წარმომადგენლები.

თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

ცესკოში ვარაუდობენ, რომ 5-დღიანი ვადა საჭირო არ გახდება - კონსენსუსს წევრები ხვალვე მიაღწევენ და ცესკოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG