Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარეობის სამი სავარაუდო კანდიდატიდან ერთი დასახელდა


საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინა. თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის“ პროექტის ხელმძღვანელია. მას საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების გამოცდილებაც აქვს. ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პრეზიდენტმა საარჩევნო კომისიას 3 კანდიდატურა უნდა წარუდგინოს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებს გაივლის. თამარ ჟვანია ჯერჯერობით ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატია.

11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინა, განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ პრეზენტაციაზე, სადაც შერჩეული კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა:

„პირველ რიგში, საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თამარმა ძალიან კარგად იცის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მისი სპეციფიკა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მისი აპოლიტიკური წარსული. ის არის ნეიტრალური ადამიანი და, რა თქმა უნდა, პიროვნული თვისებები, ობიექტურობა და პრინციპულობა, რაც მას ახასიათებს, არის გადამწყვეტი“.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შერჩეული კანდიდატურა მისაღები იქნება როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მმართველი კოალიციისთვის და მას მხარს დაუჭერენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ამბობს, თამარ ჟვანია აპოლიტიკური კანდიდატია, საარჩევნო პროცესების კარგი გამოცდილებით:
„თამარ ჟვანია ჯერ რომ დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ყოფილიყო წარდგენილი არასამთავრობო სექტორის მიერ, პირველ რიგში, ეს არის ძალიან პოზიტიური. მეორე მხრივ, მე ვთვლი, რომ ამაზე კარგი არჩევანი საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ რიგში, თამარი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში საარჩევნო სისტემების და, ზოგადად, საარჩევნო თემის. გარდა ამისა, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი მის მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმში“.

ჩვენ მივიღებთ პირველ პრეცედენტს საქართველოს ისტორიაში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს სრულიად ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გაერთიანებებთან...
ლევან ნატროშვილი
სწორედ კანდიდატის აბსოლუტური აპოლიტიკურობა მიაჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველის“ პროგრამის კოორდინატორს ლევან ნატროშვილს შერჩეული კანდიდატის მთავარ პრიორიტეტად. ნატროშვილის სიტყვებით, მისი არჩევის შემთხვევაში:

„ჩვენ მივიღებთ პირველ პრეცედენტს საქართველოს ისტორიაში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს სრულიად ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გაერთიანებებთან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატურას პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას საერთოდ არ იცნობს, მაგრამ რადგან არასამთავრობო სექტორი სთავაზობს მის კანდიდატურას, ალბათ, უნდა ენდოს:

„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის თამარ ჟვანია. ცესკოს თავმჯდომარეობა მე შევთავაზე კოჟორიძეს, ლომჯარიას და გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამ ადამიანზე, - არა. ისინი ძალიან ხშირად უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. მიმაჩნია, რომ ლომჯარია და გიგაური არიან გულანთებული, ნორმალური ადამიანები. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი. მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი რამ უნდათ. მე ამ ადამიანებს ვიცნობ მხოლოდ ტელევიზორიდან. თუ თვითონ არ მოინდომეს და სხვა წარმოადგინეს, რომელსაც მე არ ვიცნობ, მე მათ მსჯელობას, ალბათ, უნდა ვენდო“.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია 22 აგვისტოს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოხატა. მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით, ის „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს ნინო ლომჯარიას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს სთავაზობდა კანდიდატად წარდგენას, რაზეც დასახელებულმა პირებმა უარი განაცხადეს. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, „მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენთაგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილიო“.

გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების წევრები. ანუ კოალიციაში შედის 6 პარტია. შესაბამისად, 6 წევრი ჰყავთ მათ ცესკოში, ანუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით...
ეკა აზარაშვილი
პრეზიდენტი მომავალ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. ჯერჯერობით სამოქალაქო საზოგადოებას სხვა კანდიდატი არ დაუსახელებია.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების წესს, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის საფუძველზე ქვეყნის პრეზიდენტი სამ კანდიდატს შეარჩევს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი კი ასეთია: პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ერთს ირჩევს, მას ადმინისტრაციის ექვსიდან 4-მა ან მეტმა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. თუ 5 დღის განმავლობაში არც ერთი კანდიდატურა მხარდაჭერილი არ იქნება, მაშინ ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩევა 7 დღის ვადაში.

როგორც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა აზარაშვილი განმარტავს, ცესკოში წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ერთის არჩევის თაობაზე მხოლოდ მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნების“ - წარმომადგენლები იმსჯელებენ, ვინაიდან, კანონის მიხედვით, არჩევანს აკეთებენ ცესკოს ადმინისტრაციაში პარტიების მიერ დანიშნული წევრები, თუმცა კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, კენჭისყრაში არ მონაწილეობენ წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წარმომადგენლები:

„როგორც პარტიას და არა საარჩევნო ბლოკს, საუკეთესო შედეგი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ამ პარტიის მიერ დანიშნული წევრი - ერთი წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოში - ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების წევრები. ანუ კოალიციაში შედის 6 პარტია. შესაბამისად, 6 წევრი ჰყავთ მათ ცესკოში, ანუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით“.

გარდა 11 არასამთავრობო ორგანიზაციისა, სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატები წარუდგინონ. კონსულტაციები პრეზიდენტთან მომავალი კვირიდან დაიწყება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG