"ბლუზეტის" ჩაწერის შემდეგ ტუტს თილემანსი კომერციული პროექტების განხორციელებასა და ფილმებისათვის მუსიკის წერას შეუდგა. ამ საქმიანობაში ის ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა, კომპოზიტორმა და ბენდლიდერმა ქუინსი ჯონსმა ჩართო.
ბელგიელმა პირველი საუნდტრეკი შექმნა სიდნი ლუმეტის ფილმისათვის "მევახშე", რასაც მოჰყვა ისეთი პროექტები, როგორიცაა: "შუაღამის ქოვბოი", "გაქცევა", სტივ მაკქუინის მონაწილეობით, "შუგარლენდის ექსპრესი" და მრავალი სხვა, თუმცა ამ ორი არტისტის თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. ტუტსის საშემსრულებლო ოსტატობით აღფრთოვანებულმა ქუინსი ჯონსმა საკუთარ ბიგ-ბენდში მიიწვია და კვლავ ჯაზურ სივრცეში დააბრუნა. ორკესტრის ფარგლებში თილემანსმა რამდენიმე დისკის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის გახლდათ "გრემის" მფლობელი ალბომი "Walking In Space", სადაც ტუტსმა მსმენელს ტუჩის გარმონზე რომანტიკული მეტყველებით დაამახსოვრა თავი.
დიახ, თილემანსი დიდებული აკომპანიატორი გახლდათ. მას ნაწარმოების ხასიათის, შინაარსის სიღრმისეული წვდომის უნიკალური უნარი ჰქონდა. შესაბამისად, ტუტსის გიტარა თუ ტუჩის გარმონი ხშირად უწევდა თანხლებას ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: ოსკარ პიტერსონი, დიზი გილესპი, ელა ფიცჯერალდი, პოლ საიმონი, ჯონი მიტჩელი, ბილი ჯოელი, შირლი ჰორნი და მრავალი სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თილემანსისა და ბილ ევანსის თანამშრომლობა 1978 წლის დისკზე "Affinity". პიანისტმა ბელგიელს თვითგამოხატვის სრული თავისუფლება მისცა და მათ შორის ულამაზესი ლირიკული დიალოგი შედგა. კრიტიკოსების შეფასებით, ტუტს თილემანსმა იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულად მოაზროვნე ჯაზარტისტად წარმოაჩინა თავი.
"ტუტსი ემოციის ადამიანია. მას მუსიკა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით არ აინტერესებს. თუ კომპოზიციის სულს ვერ იგრძნობს, ნაწარმოებს არასოდეს შეასრულებს. მაილს დევისიც ამგვარად იქცეოდა" - ასე ახასიათებდა ბელგიელს ბასგიტარისტი ჯაკო პასტორიუსი. მათ ერთმანეთი 1979 წელს ბერლინის ჯაზფესტივალზე გაიცნეს და თანამშრომლობაც იქვე გადაწყვიტეს. ჯაკოს ბენდთან ერთად ბელგიელმა კონცერტებით მოიარა ევროპა, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები, 2 წლის თავზე კი გამოვიდა პასტორიუსის ალბომი "Word of Mouth", რომლის ერთ-ერთი მარგალიტი პოლ მაკარტნის სიმღერა "Blackbird" გახლდათ, თილემანსის ინტერპრეტაციით.
რაც შეეხება ტუტს თილემანსის სოლო პროექტებს, 1955 წლიდან 20-მდე სტუდიური და საკონცერტო ალბომი გამოსცა. მათ რომ ქრონოლოგიურად უსმინო, ხვდები, თუ როგორ მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ შემოჰყავს საკუთარ მუსიკაში ჯაზური ინტონაციები. რწმუნდები იმაში, რომ ტუჩის გარმონის შესაძლებლობები ამოუწურავია - განსაკუთრებით, სტანდარტების იმპროვიზაციის პროცესში. ამ მხრივ საინტერესოა 1994 წლის დისკი "East Coast West Coast", სადაც თელონიუს მონკის, ჯონ კოლტრეინის, დიზი გილესპის, დეივ ბრუბეკის, მაილს დევისისა და პოლ დესმონდის თხზულებები ჯაზისთვის უცხო საკრავის დომინირებითაა წარმოდგენილი. ჯაზის მთელი ისტორია ხსენებული არტისტების მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა და ტუტსიც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა მათ დაწყებულ საქმეს.