Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოლიდარობა თურქეთს


ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის ელჩი საქართველოში
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის ელჩი საქართველოში

სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი თავდასხმის გამო თბილისში, თურქეთის საელჩოში, გაიხსნა სამძიმრის წიგნი, რომელშიც ჩანაწერების გასაკეთებლად და თურქი ხალხისადმი თანადგომის გამოსახატად მივიდნენ საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. 28 ივნისის ტერაქტის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 240-მდე დაიჭრა.

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 35 ნომრის წინ, სადაც თურქეთის საელჩო მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობა იყო. ოთხი შვილის დედა ხათუნა სამარღანიშვილ-კასაბურიც, ათეულობით სხვა მოქალაქესთან ერთად, თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სამძიმრის სათქმელად მივიდა. ვიდრე სამძიმრის წიგნში ჩანაწერს გააკეთებდა, ქალბატონმა ხათუნამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვერასოდეს დაივიწყებს გულისხმიერებას თურქი ხალხისა და ექიმებისა, რომლებმაც 2011 წელს ანკარის ჰაჯეტეპეს კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებულ მის მცირეწლოვან ქალიშვილს სიცოცხლე აჩუქეს.

„მინდა გამოვხატო უდიდესი სამძიმარი თურქი ხალხის მიმართ, იმიტომ რომ მე ამ ხალხმა ისეთი სითბო მაჩვენა, რომ არასოდეს დამავიწყდება. არასწორი დიაგნოზით ვიყავით ჩასული. დაგვისვეს სწორი დიაგნოზი და დღესდღეობით ჩემი გოგონა ძალიან კარგად არის თურქი ექიმების წყალობით. გამახსენდა როგორ ველოდებოდით სამი საათი სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავს, რათა ანკარაში გავფრენილიყავით. როგორი საშინელება იქნებოდა, ტერაქტი რომ მომხდარიყო... იმდენი უდანაშაულო ხალხი, იმდენი ბავშვი, ზოგი სამკურნალოდ მიდიოდა, ზოგი - დასასვენებლად... წარმოდგენაც კი მზარავს, რამხელა უბედურებას ავცდით. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, მთელი მსოფლიო უნდა ამხედრდეს ამის წინააღმდეგ“, უთხრა რადიო თავისუფლებას სამარღანიშვილ-კასაბურმა.

ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ ერთად ვართ ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. საჭიროა უფრო მეტი ქმედებები იმისათვის, რომ ტერორიზმი დამარცხდეს და არ არსებობდეს ეს ტერორი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი პრობლემების წინაშე აყენებს...
მიხეილ ჯანელიძე

თურქი ხალხისა და თურქეთის მთავრობისათვის სამძიმრის სათქმელად საელჩოში ერთ-ერთი პირველი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

„ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ ერთად ვართ ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. საჭიროა უფრო მეტი ქმედებები იმისათვის, რომ ტერორიზმი დამარცხდეს და არ არსებობდეს ეს ტერორი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი პრობლემების წინაშე აყენებს. ამიტომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის გვერდით, რათა ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმსა და მის ყველა გამოვლინებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ქართველი ხალხის თანადგომას მნიშვნელოვნად მიიჩნევს თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, რომლის თქმითაც, ის, რაც ამ ძნელბედობის ჟამს თურქ ხალხს აძლიერებს, არის მეგობრების მხარდაჭერა და სოლიდარობა:

„ეს ტერაქტი მხოლოდ თურქი ხალხისა და თურქეთის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული. ეს იყო თავდასხმა კაცობრიობის, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, როცა მათ სამიზნედ აირჩიეს სტამბოლის აეროპორტი, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და დატვირთული ადგილი მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა გვმართებს ტერორიზმის წინააღმდეგ. და სწორედ ეს ხდება ახლა. საქართველოში და ყველგან მსოფლიოში ხალხი ერთიანდება და ყველა შესაძლო საშუალებით გმობს ტერორიზმს. და ეს მე მაიმედებს და მარწმუნებს, რომ ჩვენ დავამარცხებთ ამ ჭირს. ტერორიზმი ვერ შეძლებს თავის მიზანს მიაღწიოს. რა გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ, ისინი დამარცხდებიან, რადგან კაცობრიობა, ადამიანები, უბრალო ადამიანები, როგორც აქ, მათ წინააღმდეგ არიან“.

თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მადლიერია ქართველი ხალხის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, რომლებმაც ტერაქტის შემდგომ პირველივე წუთებში გამოხატეს თურქეთის ხალხისა და მთავრობის მხარდაჭერა. თურქეთის ელჩს პირადად მიუსამძიმრა საქართველოს მუფტიმ ბეგლარ ქამაშიძემ:

„იცოდეს თურქმა ხალხმა, რომ საქართველო ყოველთვის ედგა გვერდით მეგობარ ქვეყნებს და ასევე გვერდში ვუდგავართ მათ, რომ აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია არსად - არც მათ ქვეყანაში, არც ჩვენთან და არც სხვაგან. მსოფლიოში უნდა იყოს მშვიდობა. ცუდია, რომ ეს ყველაფერი რელიგიას ეწერება. არც ერთი რელიგია არ ქადაგებს ადამიანის მიერ ადამიანის განადგურებას“.

სტამბოლის აეროპორტი აფეთქების შემდეგ
სტამბოლის აეროპორტი აფეთქების შემდეგ

​​სამძიმრისა და თანადგომის გამოსახატად 29 ივნისის საღამოს თურქეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს სტუდენტებმა, ღამით კი თურქეთის დროშისფრად განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა. თურქ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო შეძრწუნებულია სტამბოლში მომხდარი ტრაგედიით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სამძიმრის გამოხატვის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და ნებისმიერი მიმართულებით, სადაც საჭიროება გამოიკვეთება, მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს კოლეგებს იმ ადამიანების პოვნასა და სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რომლებიც შესაძლოა დგანან ამ ტერორისტული აქტის უკან. ტერორიზმი არის გლობალური პრობლემა და მთელი მსოფლიოს სამართალდამცავები დგანან ერთ მხარეს, ერთმანეთის გვერდიგვერდ“, უთხრა არჩილ თალაკვაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG