ბოლო ინფორმაციით, 41 ადამიანი დაიღუპა და 239 ადამიანი დაიჭრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 28 ივნისს მოწყობილი აფეთქებების შედეგად. დაღუპულებიდან 12 არის უცხოელი, სამს კი ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მათ შორის, ამჟამინდელი ინფორმაციით, არ არიან ქართველები.
თურქეთის ლიდერები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ აკისრებენ პასუხისმგებლობას აფეთქებებზე, რომლებმაც სტამბოლის აეროპორტში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 28 ივნისის საღამოს სამმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა აეროპორტში, მანამდე მათ სროლა ატეხეს ავტომატური იარაღიდან. აი, როგორ აღწერს მომხდარს თვითმხილველი ირინა ლერმანი, რომელსაც 29 ივნისს სტამბოლში ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენი კოლეგა პრაღიდან: „ანკარაში მივფრინავდი სტამბოლზე ტრანზიტით. გამოვედი იქ, სადაც პასპორტს აკონტროლებდნენ. თითქმის მივედი კიდეც, როცა აფეთქება მოხდა. ტალღებად წამოვიდა მტვერი და ქაღალდები. არავინ იცოდა, რა ხდებოდა, ხალხი ძირსაც კი არ დამჯდარა, შეძრწუნებული ფეხზე იდგა. ყველა გაჩუმდა. არავინ იცოდა, რა ხდება! გვეგონა, ყველაფერმა ჩაიარა და მერე, ასე 10 წუთში, უკვე მეორე აფეთქება მოხდა და მაშინ დაიწყო პანიკა. პოლიციელებმა და საპასპორტო კონტროლის თანამშრომლებმა ტრანზიტის ზონისაკენ წაგვიყვანეს“, - ჰყვება ირინა ლერმანი.
იყო სროლა. მეორე აფეთქების შემდეგ ჯერ სროლის ხმა გაისმა და მერე მოხდა მესამე აფეთქება, როცა უკვე სატრანზიტო ზონაში ვიყავი. ეს ყველაფერი აეროპორტში, შიგნით ხდებოდა!..ირინა ლერმანი
თურქმა ოფიციალურმა პირებმა 29 ივნისს განაცხადეს, რომ სამი თავდამსხმელი ტაქსით მივიდა ათათურქის სახელობის აეროპორტში და თავი აიფეთქა შენობის შესასვლელში მას შემდეგ, რაც მოხდა ურთიერთსროლა თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის. სროლას ადასტურებს თვითმხილველი ირინა ლერმანი, თუმცა ამბობს, რომ აფეთქებები შენობაში მოეწყო: „იყო სროლა. მეორე აფეთქების შემდეგ ჯერ სროლის ხმა გაისმა და მერე მოხდა მესამე აფეთქება, როცა უკვე სატრანზიტო ზონაში ვიყავი. ეს ყველაფერი აეროპორტში, შიგნით ხდებოდა! არ არის მართალი, თითქოს ავტოსადგომზე მოხდა. მერე დერეფნების გავლით გამოგვიყვანეს აეროპორტიდან, ავტოსადგომზე გავიარეთ. ის დაზიანებული არ ყოფილა“.
აფეთქებების შედეგად დაღუპულ 40-ზე მეტ ადამიანს შორის, ამჟამინდელი ინფორმაციით, არ არიან ქართველები. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ უთხრა ჩვენს რადიოს 29 ივნისის დილას.
იუწყებიან აგრეთვე, რომ სტამბოლის აეროპორტმა უკვე განაახლა მუშაობა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა აფეთქებებიდან რამდენიმე საათში: „ჩვენი უშიშროების ძალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ტერაქტები მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაცია "ისლამურ სახელმწიფოზე" მიანიშნებს, გამოძიება კვლავაც გრძელდება. აეროპორტი საჰაერო მიმოსვლისათვის გაიხსნა 2:22 საათზე და საჰაერო მიმოსვლა ნორმალიზებულია“, - უთხრა ჟურნალისტებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც აფეთქებების შემდეგ მალევე მივიდა სტამბოლის აეროპორტში. ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინზის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია მგზავრებისათვის, თვალი მიადევნონ აქტუალურ ინფორმაციას რეისების თაობაზე.