Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზღაპრე თეა თოფურიას უკუღმართობები


თეა თოფურია ზღაპრების ორი წიგნის ავტორია. პირველი, „პარადიის არდადეგები“ ახალგამოსულზე წავიკითხე. ბავშვებმა მოიტანეს სახლში. ჩავხედე და ვეღარ მოვწყდი, სანამ ბოლოში არ გავედი, ჯიუტად არაფრით არ დავუთმე გაღიზიანებულ პატარებს. ამის მერე, სადმე საუბარი თუ მოიტანდა და ამ წიგნს შევაქებდი, ხშირად მეუბნებოდნენ, კი, ძალიან კარგია, მაგრამ „გასაღვიძებელი ზღაპრები“ კიდევ უფრო მაგარიაო. სულ მესმოდა ეს, მაგრამ მაინც გვიან მოვიხელთე იგი წასაკითხად. ცოტა ხნის წინ სიცხიანი ვიწექი ამ წიგნით ხელში და შეურაცხადივით ვიცინოდი. სანამ ბოლოში გავედი, სიცხემ დამიკლო, რაც შესაძლოა მის სამკურნალო თვისებებზეც მიუთითებდეს, და ახლა, დაწეული ტემპერატურით და ცივი გონებით შევეცდები მის შესახებ მოგითხროთ.

არაფერს არ იგონებს, საიდანღაც არ ცვივა ეს ყველაფერი, უბრალოდ, გარშემო არის სამყარო, რომელიც ჩვენ თუ ვუყურებთ - ჩვეულებრივია, მაგრამ თუ შევხედავთ იმ მხრიდან, საიდანაც თეა უყურებს, ყველაფერი არაჩვეულებრივი ხდება...
ლია ლიქოკელი

გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოცემულ ამ წიგნში ხუთი ზღაპარია. ორი - პატარა, ბოლოში. კიდევ ორი - ერთი ციკლის - სადაც ერთი ძალიან პატარა სახელმწიფოს და მასში მცხოვრები ნინიკას ამბებია აღწერილი, და მეხუთე - ის ზღაპარი, რომლის სათაურიც წიგნის სათაურადაა გამოტანილი და ეს შემთხვევითი არაა, რადგან სწორედ აქ ხდება ლიტერატურული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - თეა თოფურია ზღაპრის თხრობის თავის წესებს აყალიბებს და გვთავაზობს. შეიძლება მშრალად ითქვას, რომ ეს წესები XX-XXI საუკუნის ლიტერატურულ გამოცდილებებს ემყარება, მაგრამ ასეთი შეფასება ბევრს ვერაფერს მიგვახვედრებს, მეტიც, შეიძლება არასწორი შთაბეჭდილება შეგვიქმნას - გვეგონოს, რომ ეს თანამედროვე პროზაიკოსის რიგითი ექსპერიმენტია, რაღაც მოსაზრებების გამო საბავშვო ლიტერატურაში ჩატარებული, არადა, უპირველესი ისაა, რომ ეს ნამდვილი მეზღაპრის მიერ შეთხზული ტექსტია, გულწრფელი, ლაღი, მხიარულებითა და უცნაურობებით სავსე. ავტორის ფანტაზია ყურით მოთრეული და თითიდან გამოწოვილი სახეებით არ იკვებება და არც არაფერში სჭირდება - უბრალოდ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მწერლის ფანტაზია მეზღაპრეობისთვისაა ზედგამოჭრილი.

წიგნისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს პოეტი ლია ლიქოკელი:

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

“ეს წიგნი მე ვერც აღვიქვი, რომ არის საბავშვო ზღაპრები. წავიკითხე, როგორც წიგნი ჩემთვის. იყო ძალიან უცნაური სამყარო. საერთოდ, თეას ძალიან თავისებური წესრიგი აქვს, საკუთარი ლოგიკა, რომელსაც აშენებს, და ძალიან სწორია იქ ყველაფერი, ოღონდ გარეთ რომ გამოდიხარ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. მაგრამ თუ იქ მოხვდები, შენც იწყებ იმ თამაშით თამაშს. თუ ვიტყვით, რომ ეს არის ზღაპრები ბავშვებისთვის, ძალიან უცნაურია იმ კუთხით, როგორ ზღაპრებსაც უყვებიან ბავშვებს. და არის ტექსტში ასეთი რამ: ვის გაუგია ბავშვებისთვის სიმართლის თქმა! ვის გაუგია ბავშვებისთვის ასეთი ზღაპრების მოყოლა! რომ უფლისწული უნდა იყოს ჭკვიანი, ბრძენი და ასე შემდეგ, და ჩვენ აქ, უცებ, ყველაფერს ვყვებით პირიქით. და არაფერს არ იგონებს, საიდანღაც არ ცვივა ეს ყველაფერი, უბრალოდ, გარშემო არის სამყარო, რომელიც ჩვენ თუ ვუყურებთ - ჩვეულებრივია, მაგრამ თუ შევხედავთ იმ მხრიდან, საიდანაც თეა უყურებს, ყველაფერი არაჩვეულებრივი ხდება. როდესაც გაიზრდებით და მოწყენილი უფროსები გახდებით, გახსოვდეთ, რომ იხვი სულ ყიყინებსო. უფროსებმა, რომლებიც იყვნენ ბავშვები, გაიზარდნენ და გახდნენ მოწყენილები და დეპრესიულები, უნდა წაიკითხონ ეს წიგნი”.

ძალიან მომწონს ის ცხვარი, რომელიც სულ ავიწყდებათ დათვლის დროს - ეს სულ მახსოვს. ასე გამოხტება ხოლმე ზღაპრიდან ზღაპარში. ბევრი რაღაც არის კიდევ ასეთი ამ ტექსტში, ალეგორიული რაღაცები...
ლია ლიქოკელი

ეს პირიქითობა, ინვერსიულობა, უკუღმართობა არის ის, რაც მისი ზღაპრების სტრუქტურას აგებს. ის, რაც დასაძინებლადაა საჭირო, გაღვიძებისთვის გამოიყენება, შინაური და გარეული ცხოველები ერთმანეთს ადგილებს უცვლიან, დედაბერს ტანსაცმელი უკუღმა აცვია, რათა საქმე წინ წაუვიდეს და ა.შ. „გასაღვიძებელი ზღაპრის“ მთხზველი ასეც კი ასკვნის: „მოდი, ამ ქალისა არ იყოს, უკუღმა დავამთავრებ. იქნებ, ვინც წაიკითხავს, ყველას პირიქით აუხდეს“. რასაც ფსევდოფინალების რიგი მოყვება: ზღაპარი თითქოს მთავრდება, მაგრამ რაკი მთავრდება, მას არსებული ზღაპრის გამოქვეყნებისა და მის წინააღმდეგ მშობლების მიერ გამართული საპროტესტო აქციის ამბავი მოსდევს. ამის შემდეგ ტექსტში გამოტოვებული ზღაპარი ჩნდება, გამოტოვებული ზღაპრის შემდეგ კი კიდევ ერთი დასასრული... ერთი სიტყვით, ეს არაა კლასიკური ზღაპარი, „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“-თი, დასასრული სიკეთეს და ბოროტებას, ყველას და ყველაფერს არ უჩენს თავის ადგილს. მთლიანობაშიც, თხრობის არალინეარულობა არის ის, რაც, როგორც ზემოთ ითქვა, თანამედროვე ლიტერატურული გამოცდილების ნაწილია და როგორც აქ ჩანს, ისეთი ლიტერატურული ჟანრისთვისაც კი შეიძლება იყოს ორგანული, როგორიც ზღაპარია.​

რაც შეეხება პერსონაჟებს: ამ ფუნქციაშეცვლილ ცხოველებსა თუ ადამიანებს შორის შეიძლება უცებ გაჩნდეს კლავიატურის კლავიში F6, რომელიც საკუთარ უფუნქციობაზე ბრაზდება და კლავიატურას ტოვებს. ამ ზღაპრებში ბევრია პერსონაჟი, თავს რომ დაგამახსოვრებს. მოვუსმინოთ ისევ ლია ლიქოკელს:

“ძალიან მომწონს ის ცხვარი, რომელიც სულ ავიწყდებათ დათვლის დროს - ეს სულ მახსოვს. ასე გამოხტება ხოლმე ზღაპრიდან ზღაპარში. ბევრი რაღაც არის კიდევ ასეთი ამ ტექსტში, ალეგორიული რაღაცები: რომ ყველა რევოლუცია იწყება ვიღაცის ღრიალით, ქვეყანა, რომელიც დარბის, როდესაც ომი იწყება, ქვეყანა, რომელსაც შეეშინდება, რადგან მისი მოქალაქეები გაგიჟდნენ და დარბის ამის გამო აქეთ-იქით და მშვიდობა ვერ მყარდება. ეს შეგვიძლია პირდაპირაც წავიკითხოთ. ასეთი ზღაპრები განსაკუთრებულ ფანტაზიას მოითხოვს ნამდვილად, რომ იწერებოდეს, და თანამედროვე ბავშვებს არ ვიცი, მოეწონებათ-არ მოეწონებათ, მაგრამ მე მგონი საჭიროა, და არა კლასიკური, არქეტიპული ზღაპრები, რომლებზეც ჩვენ ყველა ვიზრდებოდით. თავისუფლად აზროვნების მომენტი, სხვანაირად შეხედვის მომენტი, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს საოცრად ცოცხალი და შეგიძლია გადააკეთო, როგორც გინდა".

საოცრად სასაცილო წიგნია, ტყუილად არ ვთქვი, რომ თუ თქვენ შემოგაწვათ მძიმე პერიოდი, შეგიძლიათ იკითხოთ და იკითხოთ და იკითხოთ და ძალიან ისიამოვნოთ. ანტიდეპრესენტად გამოდგეს შეიძლება...
ლია ლიქოკელი

დიანა ანფიმიადს აქვს წერილი ამ წიგნზე, სადაც ის ერთ სახასიათო ისტორიას ყვება, თუ როგორ დაკარგა ერთ საღამოს, სახლში, მოულოდნელად ქმარი, და მერე ერთ-ერთ ოთახში ამ წიგნით ხელში აღმოაჩინა:

„შევიდოდი ოთახში - გავუვლიდი, გამოვუვლიდი, ის კი ზედაც არ მიყურებდა, კითხულობდა "გასაღვიძებელ ზღაპრებს" და კვდებოდა სიცილით, ისე, ბავშვივით იცინოდა.

მერე გიო შევუშვი, გიომ თავისი პატარა ბურთი ესროლა, მერე მანქანა გაუგორა, მერე მუსიკალური სათამაშო აახმაურა - არანაირი შედეგი, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს "გასაღვიძებელ ზღაპრებს" და იცინის.

ჯერ სამზარეულოში ფოლგაში გახვეული ხორცის შეწვა დავიწყე - იქნებ სუნმა შეაწუხოს და გამოვიტყუო-მეთქი, მერე კექსიც შევაგდე აირღუმელში, ბევრი ვანილით - არანაირი შედეგი,თქვენც არ მომიკვდეთ, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს და კვდება სიცილით.

გიო დავაძინე, მეორე დღის სადილი მოვამზადე, ტელევიზორი ავახმაურე, ჭურჭელი დავრეცხე, ავეჯი გადავაადგილ-გადმოვაადგილე. მაინც ვერაფერი, ზედაც არ მიყურებს. დავწექი და დავიძინე.

თეა თოფურია
თეა თოფურია

მეორე დღეს მკითხა - ეს გოგო ნამდვილად არსებობს, ასეთი რამეები თავში როგორ მოსდისო?“

აი, ეს კითხვა, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო კომპლიმენტია მეზღაპრისთვის. ნამდვილი მეზღაპრე რომ რაღაცნაირად დაუჯერებელი უნდა იყოს. ასეთია თეა თოფურიაც, რომელიც მართლა არსებობს, ჟურნალისტიცაა, პოეტიცაა, პროზაიკოსიცაა, და რაც მთავარია, თავში ბავშვებისთვის თუ დიდებისთვის ასეთი საკვირველი რამეებიც მოსდის!

ლია ლიქოკელი: “საოცრად სასაცილო წიგნია, ტყუილად არ ვთქვი, რომ თუ თქვენ შემოგაწვათ მძიმე პერიოდი, შეგიძლიათ იკითხოთ და იკითხოთ და იკითხოთ და ძალიან ისიამოვნოთ. ანტიდეპრესენტად გამოდგეს შეიძლება...”

XS
SM
MD
LG