Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონების შემდეგ ელექტროენერგია თბილისშიც გაძვირდა


სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში, დაახლოებით, 4 თეთრით გაძვირდა. თბილისში 350 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა, სავარაუდოდ, ოქტომბერში მისული ქვითრების მიხედვით მოუწევს. სს „თელასმა“, რომელიც თბილისის მოსახლეობას ამარაგებს ელექტროენერგიით, სემეკს ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით 23 ივლისს მიმართა. სემეკის ინფორმაციით, კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდა დაასახელა.

5-საათიანი მსჯელობისა და დაძაბული სხდომის შემდეგ, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სემეკმა, გადაწყვეტილება მიიღო და სამივე სეგმენტის მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი, საშუალოდ, 4 თეთრამდე გაუზარდა. ის, ვინც 0-დან 101 კვ/სთ-მდე ელეტროენერგიას მოიხმარდა, ტარიფი 3 თეთრამდე გაეზრდება, 101-დან 301 კვ/სთ-ის მოხმარების შემთხვევაში, ფასი 3,84 თეთრით იმატებს, ხოლო 301 კვ/სთ-ის და მეტის მოხმარების შემთხვევაში, ფასი 3,202 თეთრით გაიზრდება.

„თელასის“ ფინანსური დირექტორის მიხეილ ანთაძის თქმით, სემეკის დადგენილება კომპანიას საშუალებას მისცემს ზამთარში გრაფიკის დაწერების გარეშე იმუშაოს. რაც შეეხება ტარიფისნაწილში კომპანიის მოგების წილის შემცირებას, მიხეილ ანთაძის თქმით, ეს „თელასისთვის“ დიდი ტვირთი იქნება:

„ეს არის ის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას ზამთარი გადავიტანოთ ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება თავად „თელასის“ წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემაა კომპანიისთვის. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ სემეკთან მუშაობას იმ შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით და გამოვთქვამთ იმედს, რომ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენთვისაც ხელსაყრელი იქნება, კომისიისთვისაც და, რაც მთავარია, მომხმარებლისთვის“.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას სიტყვებით, „თელასის“ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა შეუძლებელი იყო, მთავარი მიზეზი კი ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის გაზრდაა, რაც, თავისთავად, ლარის დევალვაციამ განაპირობა:

„გარდაუვალი ეს იყო იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი კომპანიას გაეზარდა, დაახლოებით, 5 თეთრზე მეტად. ამიტომ ეს კომპანიის ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო. სხვა შემთხვევაში კომპანია, უბრალოდ, ვერ შეძლებდა ელექტროენერგიის შესყიდვას. სექტემბერში გაიყოფა პროპორციულად დღეების მიხედვით, ძველი ტარიფი რამდენ დღესაც იმოქმედებს, ძველი ტარიფი მიუდგება და დღევანდელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება უკვე ახალი ტარიფი“.

სემეკში თელასის მიერ მოთხოვნილი ტარიფის გაზრდის თაობაზე მსჯელობა ოპოზიციური პარტიების „ქართული დასისა“ და „მემარცხენე ალიანსის“ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდას ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისთვის გამოცხადებულ საბოტაჟს უწოდებდნენ.

თუმცა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ანდრო გვიდიანის განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისთვის საჭირო გაზის საფასურის გაზრდის გამო. მთლიანობაში, ანდრო გვიდიანის თქმით, ტარიფის გაზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგია:

„ტარიფში ეს ზრდა პირდაპირ არის გამოწვეული თბოსადგურებისგან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასით, ანუ შეწონილი ფასი გამოვიდა ჰიდროელექტროსადგურებს პლუს თბოსადგურები პლუს იმპორტი. აქედან გამომდინარე, გამოითვალა სემეკმა ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს გამოიტანა. ენგურთან და ყველა ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მოქმედებს ძველი ტარიფები. ასე რომ, ლარის დევალვაციის პროცესი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის ფასს არ შეჰხებია, ცვლილება შეეხო მხოლოდ თბოსადგურების ფასს“.

24 ივლისს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ტვირთად არ დააწვესო. ამ დღეს მთავრობამ რეგიონების მოსახლეობისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების სქემა დაამტკიცა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სუბსიდირების გეგმა ამ შემთხვევაშიც იქნება გათვალისწინებული:

„სუბსიდირების საბოლოო ფორმატი, რომელიც განხორციელდა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაზრდის აბსოლუტური კომპენსირება, ანუ ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ტარიფის ეს ზრდა, თუ იგივე თემა დადგება, „თელასის“ შემთხვევაშიც არ შეეხება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა. თუმცა სუბსიდირებას, როგორც გამოსავალს, ხელისუფლების ოპონენტები გაუმართლებლად მიიჩნევენ, ვინაიდან სუბსიდირება კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG