Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ხმება და ზიანდება თბილისში ხეები?


კიკვიძის პარკში გაჩეხილი ხეები
კიკვიძის პარკში გაჩეხილი ხეები
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცის” ვებსაიტზე ახლაც დევს ღია წერილი თბილისის მერის, ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომელშიც თბილისის უბნების მწვანე საფრის სავალალო მდგომარეობაზეა საუბარი. წერილში ვკითხულობთ, რომ დედაქალაქში ხეები არა მხოლოდ იჩეხება, არამედ ხმება, რომ მწვანე ნარგავებს სოკოვანი დაავადებები და მავნებლები აზიანებენ და ამის გამო დედაქალაქის არაერთ უბანში ხეების მთელი ხეივნებია გამხმარი და განადგურებული. ”უსაფრთხო სივრცე” დედაქალაქის მთავრობისგან შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და იმ დასკვნების გასაჯაროებას მოითხოვს, რომელშიც ქალაქის ბაღებსა და პარკებში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი.

”უსაფრთხო სივრცემ” თბილისის მწვანე საფრის კვლევა ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც მცენარეთა დაავადებათა სპეციალისტებთან ერთად ხეების მდგომარეობა 10 ობიექტზე შეისწავლა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოქვეყნდა 13 დასკვნა, რომლებშიც ხეების ხმობის მიზეზები და რეკომენდაციები ჩაიწერა. სურათი, რომელიც კვლევამ გამოავლინა, ”უსაფრთხო სივრცის’ ხელმძღვანელის ანა გაბრიაძის შეფასებით, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა:

”დიღმის ტყე-პარკში დაფიქსირდა ზუსტად ის სოკოვანი დაავადებები, რაც გლდანშიც ვნახეთ. ეს დაავადებები ტალღასავით წამოვიდა და რამდენიმე უბანზე გავრცელდა. რაც ლისის ტბაზე ვნახეთ, ნამდვილი კოშმარი იყო - უნდა ნახოთ რა გადამხმარია, ჟანგისფერი ადევს იქაურობას. ხეები ხმება, თან ძალიან სწრაფი ტემპით. ვაკის პარკის ცენტრალური ხეივანი გამხმარია, ასევე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზეც”...

კვლევაში მონაწილე აკადემიკოსი შაქრო ყანჩაველი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მწვანე ნარგავების მდგომარეობა საგანგაშო ჯერ კიდევ არ არის, თუმცა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა დამატებითი კვლევები უნდა ჩაატაროს და მწვანე საფრის გადარჩენისათვის საჭირო ღონისძიებები ისე დაგეგმოს.

გაგაცნობთ რამდენიმე კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნებში მოხვდა: მაგალითად, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, შავი ფიჭვების უმეტესი ნაწილი დაავადებების გამო ჯერ კიდევ შარშანწინ გახმა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხეები მაშინვე უნდა მოეჭრათ და, როგორც ინფექციის წყარო, იქაურობისთვის მოეშორებინათ, რაც არ მოხდა. გამხმარი ხეები დღესაც მოუჭრელია, დაავადება კი მთელ გლდანში გავრცელდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე ხეების ხმობა მავნებლებმა და სოკოვანმა დაავადებებმა გამოიწვია. იქვე არაერთი ხე დაზიანდა და გაიჩეხა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოების დროს. დასკვნების მიხედვით, მძიმე ვითარებაა თბილისის დენდროპარკში, სადაც მეცნიერებმა ვერცხლისფერი ნაძვის, კედრის, ცხენის წაბლის, მუხის ნიმუშები შეისწავლეს. იქაც დადგინდა როგორც სოკოვანი დაავადებების, ისე მავნებლების არსებობა, დასკვნაში კი ჩაიწერა, რომ ”ამ ორგანიზმების განვითარებას ხელს უწყობს სისტემატიური მოუვლელობა, დენდროპარკის ტერიტორიაზე მოშლილია სარწყავი სისტემა და გვალვების დროს ტერიტორიას არ რწყავენ. მოსკოვის პროსპექტზე დაავადებულია კაკლები, მარშალ გელოვანის გამზირზე - კიპარისები და თუთის ხეები. კახეთის გზატკეცილზე განადგურება ემუქრება სოკოვანი დაავადებებით დაზიანებულ ცაცხვებს.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი ნიკა მჟავანაძე შენიშნავს, რომ ხეების ხმობის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაცაა, თუმცა ახალ კლიმატურ პირობებში მწვანე ნარგავების დაცვასაც ახლებური მიდგომა სჭირდება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიზეზია. პრობლემის სათავეს ის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის არაპროფესიონალ კადრებში ხედავს:

”სამუშაოები, გადანერგვა იქნება თუ სხვა, არასწორად კეთდება, არასრულფასოვნად. მაგალითად, აღმაშენებლის ხეივანში იყო წყლით დატბორილი ტერიტორია, სადაც საკმარისი იყო ერთი მილი ჩაეგდოთ, რომ წყალი გასულიყო. ამათ კი რა ქნეს, მთლიანად ხეები მოჭრეს და ასე გადაწყვიტეს პრობლემა.”

ემთხვევა თუ არა მერიის შესაბამისი სამსახურის ხელთ არსებულ დასკვნებს არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები?
ანა გაბრიაძე ამბობს, რომ ის რამდენიმე თვეა მერიისგან ამ ინფორმაციას ითხოვს, მაგრამ დღემდე არ მიუღია. ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში კი ამბობენ, რომ მათთვის ამ მოთხოვნით არავის მიუმართავს. სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის მწვანე ნარგავების მდგომარეობის მონიტორინგისა და კვლევისათვის 2011 წელს 40 000 ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც მხოლოდ 28 000 ლარია გახარჯული. ის არ ეთანხმება გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორის მწვავე შეფასებებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში მწვავე კერები არ არსებობს, მერია კი მუდმივად ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს:

”ეს ეხება როგორც თბილისს, ისე მის შემოგარენს, კოჯორი იქნება ეს, კიკეთი თუ სხვა, სადაც გვაქვს ტყის მასივები. ყველგან, სადაც კი აღმოჩნდება ხოლმე დაავადების კერა, შესაბამისი წამლობაც უტარდება იმ ხეებს. ხანდახან სანიტარულ ჭრებსაც ვაწარმოებთ სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს სხვა ხეების დაავადება. ამ ეტაპზე კი ნამდვილად არ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა და თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია აქვს, მოგვაწოდოს და რეაგირებას მოვახდენთ.”

გიორგი ქორქაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის მზადაა შეხვდეს როგორც „უსაფრთხო სივრცეს“, ისე სხვა გარემოსდამცველ ორგანიზაციებს და კონკრეტული ფაქტების შესახებ სწორედ მათგან მიიღოს ინფორმაცია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG