სასწავლო პროცესი განახლდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სტუდენტების ორი ჯგუფის საპროტესტო აქციები. სტუდენტებმა აქციები 16 მარტს, ღამით შეწყვიტეს. აქციების მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა დააარსა მოძრაობა „აუდიტორია ნომერი 115,“ რომელიც სტუდენტებისა და ლექტორების მონაწილეობით შექმნის უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა არა თანამდებობის ცალკეული პირების გადადგომა, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის შეცვლა და თვითმმართველობის რეორგანიზაცია განათლების კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ე.წ. ოდეერისგან საგანმანათლებლო სივრცის სრულად გათავისუფლებას. ლევან ლორთქიფანიძის განმარტებით, "აუდიტორია ნომერი 115" აპირებს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში და ამ მიზნით, უახლოეს ხანში შემუშავდება კონსენსუსზე დაფუძნებული ხელშეკრულება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ლორთქიფანიძის განცხადებით, შეთანხმებას, რომელიც არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას, ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და „აუდიტორია ნომერი 115“-ის წარმომადგენელი. მოძრაობის წევრთა ინფორმაციით, თუ ხელშეკრულება 16 აპრილამდე არ გაფორმდება საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია შეწყვიტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა და მხარდამჭერებმაც. თვითმმართველობის თავმჯდომარის შალვა საბაურის განცხადებით, კვლავ ძალაშია მათი მოთხოვნა რექტორის თანამდებობიდან ვლადიმერ პაპავას გადადგომის შესახებ. ამასთან, საბაურმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობას და „აუდიტორია 115“-ს აქვთ საერთო მოთხოვნებიც, რომლებზეც დღეს იმსჯელებენ.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1