Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტი და პოლიტიკა 2014


სოჭის ოლიმპიადა
სოჭის ოლიმპიადა

ბევრისთვის სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. მეტიც, ხშირად სპორტს პოლიტიკისგან დასვენების საშუალებად აღიქვამენ. მაგრამ 2014 წელს ნათლად გამოჩნდა, რომ გრანდიოზულ სპორტულ მოვლენებს, როგორებიცაა ოლიმპიური თამაშები და „ფორმულა ერთის“ ავტომანქანებით რბოლა, დიახაც ბევრი რამ აკავშირებთ ავტორიტარულ პოლიტიკურ რეჟიმებთან. 2014 წლის განმავლობაში სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთობაზე ანა ლომთაძე გიამბობთ.

ზოგს უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს, რომ ექვსი ადამიანიდან, ვინც სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩირაღდანი ჩამოატარა, მხოლოდ ორი იყო ზამთრის თამაშების მონაწილე. როგორც ჩანს, მათი არჩევა დიდწილად განაპირობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერამ. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეთაგან ოთხი რუსეთის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო მეხუთემ სწორედ თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე ხოტბა შეასხა პუტინს ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მისი პოლიტიკისთვის.

პოლიტიკასა და სპორტს შორის არსებული ჰარმონია რუსეთისთვის უცხო მოვლენა არ არის. 2014 წელს არაერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გარდა, რუსეთმა უმასპინძლა, აგრეთვე, „ფორმულა ერთის“ ავტომანქანებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპს. ბელორუსიაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში, აზერბაჯანში კი ევროპის პირველობა მხატვრულ ტანვარჯიშში. მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს თურქმენეთშიც კი ჩატარდა. ამ ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 80%-ს უდაბნო შეადგენს, სერფინგის ოსტატთა ასპარეზობას უმასპინძლა.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ჩემპიონატების გამართვა იაფი არ ჯდება. სოჭის „თეთრმა ოლიმპიადამ“ ყველა რეკორდი მოხსნა. მისი გამართვის სიამოვნება ვლადიმირ პუტინს 51 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ავტორიტეტიანი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი მინკი უორდენი ამბობს, რომ ასეთი უზარმაზარი ინვესტიციებიდან დიქტატორები როგორც წესი, მაინც ნახულობენ სარგებელს, კერძოდ იპყრობენ მთელი მსოფლიოს ყურადღებას, მოიპოვებენ ლეგიტიმაციას სხვა ქვეყნების თვალში.

„იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ამა თუ იმ ლიდერს შეიძლება სულაც არ უნდოდეს ტრიბუნაზე რომელიმე დიქტატორის გვერდით დგომა, სპორტული შეჯიბრებისას ამის გაკეთება მაინც უწევთ. ეს საშუალებას აძლევს დიქტატორებს, რეპუტაცია აიმაღლონ და ამიტომ ხშირად არად დაგიდევენ იმ ფინანსურ ტვირთს, რომელიც მსხვილმასშტაბიანი ასპარეზობის მასპინძლობას ახლავს.“

სპორტის გამოყენება საკუთარი თავისა და მთავრობის განდიდებისთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ 1936 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სამი წლით ადრე, ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ნაცისტური გერმანიის სიძლიერის საჩვენებლად. 1978 წელს, მას შემდეგ, რაც არგენტინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, ამ ქვეყანამ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. (თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისია სამხრეთი კორეა: 1988 წელს იქ ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიადა ბევრმა აღიქვა, როგორც ავტორიტარული მთავრობის ჩამოგდების მცდელობა.)

ბოლო წლებში სპორტსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის კავშირი სულ უფრო მჭიდრო ხდება. აღსანიშნავია, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას 2010 წლის გადაწყვეტილება, რუსეთსა და ყათარში ჩაატარონ მსოფლიო ჩემპიონატები 2018 და 2022 წლებში. თავისი გადაწყვეტილება ფიფამ ფეხბურთის პოპულარიზაციის იდეით გაამართლა: მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზულ სანახაობას პირველად მოაწყობენ ქვეყნები, რომლებიც არ გამოირჩევიან განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურითო.

მსოფლიო ჩემპიონატები 2018
მსოფლიო ჩემპიონატები 2018

ამ ნაბიჯს იმთავითვე მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. გამოითქვა ვარაუდები, რომ ფიფას აღმასრულებელი საბჭოს ზოგმა წევრმა მილიონობით დოლარისა და სხვა საჩუქრების სანაცვლოდ ხმა მისცა რუსეთსა და ყათარს. საბჭოს რამდენიმე წევრს გადადგომაც კი მოუხდა, თუმცა საბოლოოდ შიდა გამოძიებამ მაინც ვერავითარი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა.

ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკმა განაცხადა: „რაღაც სიგიჟეს ვიტყვი: ნაკლები დემოკრატია ზოგჯერ უკეთესიც კია მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად“.

„გარდიანის“ მიმომხილველი, ოუენ გიბსონი, ასე განმარტავს ფიფას გენერალური მდივნის სიტყვებს:

„რასაკვირველია, [მისმა ნათქვამმა] ყველა გააკვირვა. მაგრამ საქმეს ოპერატიულობის კუთხით თუ შევხედავთ, მის ნათქვამში არის რაღაც აზრიანი. ბევრად ადვილია, იყო ფიფა და იმოქმედო, როდესაც შენთან თანამშრომლობს ავტორიტარული რეჟიმის ლიდერი. შენდება სტადიონები, ხორციელდება დასახული გეგმები. თუმცა, ამის მეორე მხარეა კორუფცია, რომელიც თავს იჩენს ქრთამების სახით, სტადიონების მშენებლობებთან დაკავშირებულ კონტრაქტებში და ასე შემდეგ“.

კორუფციასთან ერთად, ხშირად ვხდებით ადამიანის უფლებათა დარღვევის მოწმენიც. ორივე ეს საფრთხე რეალურია აზერბაიჯანის შემთხვევაში, სადაც 2015 წლისთვის დაგეგმილია სპორტის 20 სახეობაში ევროპული თამაშების გამართვა, ოლიმპიურის მსგავსი ასპარეზობისა, რომელშიც 6000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს არაერთხელ შეუვიწროვებია ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ კორუფციის წინააღმდეგ იმაღლებდა ხმას. ჯერჯერობით არავინ იცის, მოიტანს თუ არა რაიმე პოლიტიკურ ცვლილებებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი ევროპული თამაშები ან „ფორმულა ერთის“ „გრან პრი“.

არის ცვლილებებიც. მაგალითად, 8 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალმა პრეზიდენტმა, ყოფილმა მოფარიკავემ თომას ბახმა ოლიმპიურ ქარტიაში ჩაამატა ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება თამაშების მასპინძელ ქალაქებთან გაფორმებულ კონტრაქტებში.

ზეპ ბლატერი
ზეპ ბლატერი

ექსპერტების ვარაუდით, ფიფასგან არ უნდა ველოდეთ განსაკუთრებულ ცვლილებებს, ვიდრე მას ახალი მმართველობა არ ეყოლება. ახლანდელი პრეზიდენტი, 78 წლის ზეპ ბლატერი უკვე 20 წელია ფიფას სათავეშია და გაისად მეხუთე ვადითაც აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას.

თუმცა ფიფას, შესაძლოა, მაინც მოუწიოს ცვლილებების განხორციელება. ნოემბერში კომპანია „სონიმ“ უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატების სპონსორობაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ყათარს ერგოთ მისი მასპინძლობა. ამ უარით ფიფამ, არც მეტი, არც ნაკლები, 279 მილიონი დოლარი დაკარგა.

ოლიმპიური თამაშების ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი დევიდ ვალეჩინსკი ამბობს, რომ სოჭის თამაშების შემდეგ, ზოგ დემოკრატიულ ქვეყანას ოლიმპიადების მასპინძლობის სურვილი გაუქრა:

„სოჭის ‘მემკვიდრეობის’ მხრივ, ყველაზე უარესი ის არის, რომ [ოლიმპიური თამაშები] 50 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც ვანკუვერში ჩატარებული ოლიმპიური თამაშებისას გაწეულ ხარჯებს 500%-ით აღემატება. და იმის მიუხედავად, რომ ეს აბსურდული თანხა თავიდან ბოლომდე კორუფციისა და უსარგებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგია, სხვა ქალაქები მაინც უყურებენ ამას და ფიქრობენ: განა ღირს 50 მილიარდი დოლარის დახარჯვაო?“

XS
SM
MD
LG