Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს დაჭრეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას. როგორც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამთენიისას თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა, გული რამდენჯერმე გაუჩერდა და რეანიმაციის ბოლო, მეოთხე, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის, განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჩაუტარა. მაია ნიკოლეიშვილის ვარაუდით, შედეგად, შესაძლებელია სროლის მანძილისა და ტრაექტორიის დადგენა მოხერხდეს. საქმის თაობაზე შეკითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დილის 8 საათისთვის გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, ექიმები პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძალას არ იშურებდნენ, თუმცა პაციენტის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ოჯახი ინფორმაციას არ ფლობდა და მზად იყო სხვა კლინიკაში მისი ტრანსპორტირებისთვის. ადვოკატისვე სიტყვებით, გარდაცვლილის ცხედარს, ოჯახის წევრების თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხარაულის სამედიცინო ექსპრეტიზის ბიუროში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის, თანდასწრებით დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპრეტიზა ჩაუტარდა, რამაც, შესაძლოა, დამატებით ინფორმაცია გააჩინოს სპეცოპერაციის ფარგლებში ნასროლი ტყვიის ტრაექტორიისა და მანძილის თაობაზე.

თამირლან მაჩალიკაშვილი
თამირლან მაჩალიკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ნოემბრის ბოლოს თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ამ ბრალდებით სულ 5 პირია დაკავებული.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე. ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში...
თამთა მიქელაძე

საქმის შესწავლით დაიტერესებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციის წარმომადგენელ თამთა მიქელაძის განცხადებით, სიმართლის დასადგენად ყველა შესაძლო მექანიზს გამოიყენებენ. მისივე სიტყვებით, საქმის პოლიტიკური შინაარსიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივ დონეზე სამართლებრივი მექანიზმები ეფექტური იქნება, შესაბამისად, თავად ოპერაციის მარლთზომიერების საკითხს და სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობის საკითხსაც საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით გამოარკვევენ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე. ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და ასევე მთელი ამ კვირის პერიოდში აღმოჩენილი სამედიცინო მომსახურების პრობლემა. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად შევისწავლით და საბოლოო სწორება, იმისთვის რომ საბოლოო სიმართლე დადგინდეს, გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ორგანო და ინსტიტუტი, რომელიც ამ საქმეს შეაფასებს“.

საქმის დეტალების გარკვევით დაინტერესებული სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, პირობას იძლევა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს, „რათა დადგინდეს, იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტება, აღმოუჩინეს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს დროული სამედიცინო დახმარება და ყველაფერი გაკეთდა თუ არა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.

არის კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს და რომელზეც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამაში არიან ჩართულები. ამასთან, არის სხვა ტიპის კითხვებიც, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით...
სერგი კაპანაძე

სპეცოპერაციისას სპეცრაზმელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს პროკურატურა იძიებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე საქმის დეტალების თაობაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის:

„ის შეკითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი. გამოძიება მიმდინარეა. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი მინისტრი თუ სხვა პირი ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, სანამ საგამოძიებო ორგანოები თავიანთ სამუშაოს არ დაასრულებენ “.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეკითხვები აქვთ, ზოგადად, 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის თაობაზეც და ამ კონტექსში უკვე თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული ოპერაციის დროს ძალის პროპორციულობის თაობაზეც. ამის შესახებ მედიასთან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ, თქვა:

„არის კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს და რომელზეც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამაში არიან ჩართულები. ამასთან, არის სხვა ტიპის კითხვებიც, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა, იყო თუ არა საჭირო ძალის ისეთი გამოყენება, როგორც ეს მოხდა, რამაც შემდეგ გამოიწვია ამ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება“.

თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ოპონენტებს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ სპეციალური სამსახურები მომხდარის ირგვლივ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG