Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის დახმარების პროგრამის ახალი ეტაპი საქართველოში


საქართველოში სოფლის დახმარების ახალი პროგრამა იწყება. მიმდინარე წლის აგვისტოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამის სრული ბიუჯეტი 6.8 მილიონი ლარია (2.63 მილიონი ევრო). აქედან 95 % დაფინანსებულია ევროკავშირის, ხოლო 5 % – აჭარის მთავრობის მიერ.

პროგრამის ერთ-ერთი მიზანია შემუშავდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის და შემდგომში ხელი შეეწყოს ამ სტრატეგიების პრაქტიკულ განხორციელებას.

ეს ორწლიანი ინიციატივა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და განხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, რომლის მეორე ეტაპი საქართველოში ერთი თვის წინ დაიწყო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას „ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის პროგრესული დაახლოების გზით“, ასევე, ცოდნის გავრცელებითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით სოფლის განვითარების პოლიტიკაში.

სოფლის მეურნეობის განვითარების დახმარების კუთხით, ევროკავშირი ქვეყნის მთავარი დონორია. დახმარების მიზანი 2014-2017 წლების სტრატეგიულ ჩარჩო-ხელშეკრულებაში შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, მცირე ფერმერების ცოდნის გაუმჯობესება და მათთვის უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა, ასევე, მათი როლის ზრდა კომერციულ ფერმერულ საქმიანობაში“.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამაა (ENPARD). ENPARD-ის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა დაფინანსების სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მათ შორისაა პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ტექნიკური მხარდაჭერა და არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო დაფინანსება. 2013-2018 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 2013 – 2016 წლების ბიუჯეტის საერთო მოცულობა 52 მილიონი ევროა. პროგრამის პირველი ეტაპის ამოცანები იყო: სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება, სოფლად კოოპერაციის ხელშეწყობა - მცირე ფერმერთა კოოპერაციის გაძლიერება, არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დივერსიფიკაცია და სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

საინტერესოა, რომ პროგრამა აფინანსებს არა მხოლოდ ცალკეული დოკუმენტების მომზადებას, არამედ უშუალოდ ფერმერზე ორიენტირებულ პროგრამებსა და გრანტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დახმარების შესახებ საზოგადოების ფართო ფენებს ჰქონდეთ ინფორმაცია და მისით სარგებლობა სოფლად მცხოვრები და დასაქმებული ადამიანების დიდმა ნაწილმა შეძლოს.

XS
SM
MD
LG