სოფელი სამყური დაბა ადიგენიდან 5 კმ-ით არის დაშორებული, თუმცა კლიმატური პირობები აქ მნიშვნელოვნად განსხვავებულია. როცა დაბაში საგაზაფხულო ხვნაა დაწყებული, სამყურში ჯერ კიდევ თოვლია. სოფელში ზამთარი ექვს თვეს გრძელდება.
სოფლის მოსახლეობის პრობლემები ამით არ სრულდება. სამყურში ჩივიან, რომ სახნავ-სათესი მიწის 90 % ჯერ კიდევ დაუმუშავებელია. კლიმატური პირობების გარდა, ადგილობრივებს ხელს ტექნიკის სიმცირეც უშლით.
სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული. სამყურში ამბობენ, რომ მათი სოფლის ხილი გემოთი სრულიად გამორჩეულია, თუმცა რამდენიმე წელია, ხეხილის მოსავალი არ მიუღიათ. ნაადრევი ყინვისა და სეტყვის გამო, ხილი ყვავილშივე ზიანდება.
სამყური ზღვის დონიდან 1 250 მეტრზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, საზღვრისპირა სოფელი მაღალმთიანი სტატუსის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დასახლებამ სხვა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სოფელში 42 კომლია რეგისტრირებული, თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სოფელი, მძიმე სოციალური პირობების გამო, არაერთმა ოჯახმა დატოვა.
სოფლის სკოლაში მხოლოდ დაწყებითი განათლების მიღებაა შესაძლებელი. მეხუთე კლასიდან მოზარდები სწავლას მეზობელ სოფელში აგრძელებენ.
სამყურში გამოდარებას და მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ელიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მაღალმთიანის სტატუსით გათვალისწინებული შეღავათები მიეცემათ, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა გაუმჯობესებდა და საზღვრისპირა სოფელი ახალგაზრდებისგან არ დაიცლება.