Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის დაზვერვა სირიისა და ერაყის დაშლას წინასწარმეტყველებს


სირიელი ლტოლვილები თურქეთის საზღვართან
სირიელი ლტოლვილები თურქეთის საზღვართან

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ვინსენტ სტიუარტი აცხადებს, რომ ერაყი სამ სხვადასხვა - ქურთების, სუნიტებისა და შიიტების - რეგიონად დაიშლება. მან ზუსტად გაიმეორა მოვლენათა განვითარების ის ანალიზი, რომელიც სრულიად გულწრფელად გააკეთა ზაფხულის დასაწყისში და რამაც ერთხელ უკვე უკიდურესად გააბრაზა ერაყის პრემიერ-მინისტრი.

„მე ძალიან მიჭირს ამის ისევ განმეორება“, - განაცხადა 10 სექტემბერს ვაშინგტონში მიმდინარე „მრეწველობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკელმა გენერალმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ უკვე ოკუპირებული აქვს სირიისა და ერაყის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ერაყის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, რომელიც უპირატესად სუნიტებით არის დასახლებული, ექსტრემისტები ტერიტორიების მესამედს აკონტროლებენ, მიწების მესამედი დაიპყრეს „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა აღმოსავლეთ სირიაში და ამ ვრცელ ტერიტორიაზე მათ რადიკალ სუნიტ მუსლიმთა სახალიფო გამოაცხადეს.

ვინსენტ სტიუარტი
ვინსენტ სტიუარტი

პირველი მსოფლიო ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ერაყი და სირია ხელოვნურად შექმნეს ბრიტანელმა და ფრანგმა დიპლომატებმა. ორივე ქვეყანაში ძირითადად სამი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი - სუნიტები, შიიტები და ქურთები ცხოვრობენ.

ერაყს დღეს მართავს შიიტური უმრავლესობით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ირანთან, სირიის ლიდერის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებაში კი შიიტური სექტის წარმომადგენლები, ალავიტები, დომინირებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოზიცია ერაყისა და სირიის მიმართ უცვლელია: ვაშინგტონი მხარს უჭერს ერაყისა და სირიის სახელმწიფოებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სწორედ ამ მოსაზრებით, თეთრმა სახლმა უარი თქვა, ერაყის ცენტრალური მთავრობის გვერდის ავლით, პირდაპირ გადაეცა შეიარაღება ლოიალური ქურთებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაშინგტონის დამოკიდებულებაში რაღაც იცვლება, არსებული ვითარების გათვალისწინებით: ერაყსა და სირიაში აშშ-ს რეალურად მხოლოდ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ჰყავს, ქურთების სახით.

ფრონტის წინ მყოფი ერაყელი ქურთების სახალხო ლაშქარი არა მხოლოდ მათ მიერ ჩრდილოეთ ერაყში თვითგამოცხადებული ავტონომიის, არამედ ჩრდილოეთ ერაყის სხვა ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლადაც ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“.

აშკარაა, რომ ერაყი იშლება და აშკარაა, რომ ფედერალურმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ლამის ყველაფერზე დაკარგა კონტროლი. ყველაფერი იშლება - არმია, სამხედრო ნაწილები და პოლიცია...
მასუდ ბარზანი

ქურთთა პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ ცოტა ხნის წინ მტკიცედ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უკან აღარ დაუბრუნებენ იმ მიწებს, რომელთა გასათავისუფლებლადაც ქურთებმა სისხლი დაღვარეს.

„აშკარაა, რომ ერაყი იშლება და აშკარაა, რომ ფედერალურმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ლამის ყველაფერზე დაკარგა კონტროლი. ყველაფერი იშლება - არმია, სამხედრო ნაწილები და პოლიცია“, - განაცხადა ივნისში ტელეკომპანია „სიენენის“ კორესპონდენტ ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში მასუდ ბარზანიმ და დასძინა, დროა ქურთმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავადვე განსაზღვროსო.

ბარზანის აღნიშნული განცხადება და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩრდილოეთ ერაყში პოზიციების გაძლიერება ჰქონდა მხედველობაში ამერიკის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, გენერალ ვინსენტ სტიუარტს, რომელსაც არ სწამს, რომ ქურთები დაბრუნდებიან ერაყის ცენტრალური მთავრობის კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება სირიას, გენერალი სტიუარტი ვარაუდობს, რომ მომავალში სირია ორ ან სამ ნაწილად დაიშლება.

ამერიკის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ვარაუდს მეტწილად ეთანხმება აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ ბრენანი, რომელიც ასევე მონაწილეობდა და სიტყვითაც გამოვიდა ზემოხსენებულ „მრეწველობის კონფერენციაზე“. ბრენანმა აღნიშნა, რომ ერაყი და სირია ინარჩუნებენ საზღვრებს, მაგრამ მათზე კონტროლს ახორციელებენ არა ამ ქვეყნების მთავრობები, არამედ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG