Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არაადაპტირებული გარემო და დასაქმების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა შშმ პირებისთვის


ქუთაისი
ქუთაისი

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის 1,5 %-ს შეადგენენ, იმერეთის რეგიონში კი ეს მონაცემები გაცილებით მაღალი – 4,4 %-ია. მხარის 12 მუნიციპალიტეტში მხედველობის, სმენის, გადაადგილების, კომუნიკაციისა და სხვა დარღვევების მქონე 23 500-მდე პირია რეგისტრირებული, რაც, შესაძლოა, არასრულყოფილი სტატისტიკაა, რადგან ხშირად შეზღუდვების მქონე ადამიანებმა საკუთარი უფლებების შესახებ არც კი იციან ან საზოგადოებისგან დამალულად ცხოვრობენ. არაადაპტირებული გარემო, ტრანსპორტი და შენობები, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა იმ პრობლემების ნაწილია, რომლებზეც შშმ პირები და მათი პრობლემების მოსაგვარებლად მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.

სოფიო ჭელიძე ბოლო 5 წელია აქტიურადაა ჩართული შშმ პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში. მან ჯერ ქვილინგის ტექნიკა შეისწავლა და სოციალურ საწარმო „ფარშავანგში“ მისალოცი ბარათების დამზადება დაიწყო, შემდეგ კი სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა და, უკვე ერთი წელია, სილამაზის სალონში მანიკიურის სპეციალისტად მუშაობს. როგორც სოფიო ამბობს, წლების განმავლობაში ვერ გამოდიოდა სახლიდან და ძალიან დათრგუნვილი იყო, მას შემდეგ კი, რაც სოციალურ საწარმოში მუშაობა დაიწყო და პროფესიაც შეიძინა, მისთვის პრობლემების ნაწილი მოგვარდა, თუმცა ეს ადვილი არ იყო.

სოფიო ჭელიძის თქმით, სურვილი აქვს დამატებით გადამზადება გაიაროს, როგორც მანიკიურის სპეციალისტმა, და ამისთვის მას ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება სჭირდება. ადაპტირებული ტრანსპორტისა და გარემოს საჭიროებაზე ლაპარაკობს ნანა ფხაკაძე, რომლის თქმითაც, მას და მის 21 წლის შვილს, მარიამს, შშმ პირის სტატუსი აქვთ, ამასთან, მარიამს - დაბადებიდან. ნანა ფხაკაძის განცხადებით, მისმა შვილმა კოლეჯი დაამთავრა კომპიუტერული გრაფიკოსის სპეციალობით და ამჟამად ისევ ცდილობს დაეუფლოს ახალ პროფესიას გადამზადების კურსების მეშვეობით. ამავე დროს, მარიამი ქვილინგის ტექნიკით სუვენირების დამზადებაში დედასაც ეხმარება. როგორც ნანა ფხაკაძე ამბობს, ის, რომ მისი შვილი განათლებას იღებს და მუდმივად ცდილობს სიახლეებს დაეუფლოს, მისი დიდი აქტიურობის შედეგია. ნანა ფხაკაძის თქმით, არაადაპტირებული გარემოს გამო მარიამს უკვე მოუწია შეთავაზებულ სამსახურზე უარის თქმა.

შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისთვის და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს და პროექტებს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელის, ლია კილაძის, განცხადებით, აუცილებელია დამსაქმებლებისთვის სახელმწიფომ შექმნას დამატებითი მექანიზმები, რათა კომპანიები დაინტერესდნენ შშმ პირების სამსახურში აყვანით. ლია კილაძის განცხადებით, ამჟამად მოქმედი შეღავათების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია 6 ათას ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში და, დამსაქმებლის წახალისების მიზნით, უკვე ერთი წელია დასაქმებულ შშმ პირს, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, 50 %-იან თანადაფინანსებას უწევს სახელმწიფო.

ლია კილაძისავე განცხადებით, დამსაქმებელს აუცილებლად სჭირდება წახალისება, იმისათვის რომ შექმნას სპეციფიკური სამუშაო ადგილი და სავალდებულოა სახელმწიფომ გაითვალისწინოს ამ მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. ლია კილაძისავე ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 4 რეგიონში 153 შშმ პირია დასაქმებული, სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში კი ამ დროისთვის 500-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG