Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის ციხის თანამშრომელთა შრომითი უფლებები


ახალციხის ციხის წინააღმდეგ საქმე ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში მოიგო. ჯუნა ნათენაძის სარჩელი მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე გათავისუფლების შესახებ ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ გაბათილებას, ჯუნა ნათენაძის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.07%-ის დამატებას ითხოვდა. გათავისუფლებული ჯუნა ნათენაძის ადვოკატი იოსებ ხითარიშვილი მიიჩნევს, რომ, შრომით კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ჯუნა ნათენაძის ხელშეკრულება უვადოს სტატუსით სარგებლობდა, რის გამოც მისი გათავისუფლება იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, უკანონო იყო.

პროცესის დაწყების წინ ორივე მხარემ მორიგებაზე უარი განაცხადა. ახალციხის ციხის იურისტმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ჯუნა ნათენაძე მუზეუმში მუშაობდა, თუმცა ხელფასს, სიტყვიერი შეთანხმებისა და მათი კეთილი ნების საფუძველზე, ახალციხის ციხე უხდიდა. დეკემბრის ბოლოს მას და კიდევ ერთ მეთვალყურეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ციხის იურისტი მარინა გოგოლაძე აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ვიდრე ახალციხის ციხე მუზეუმს ოფიციალურად გაემიჯნება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ციხის ადმინისტრაციას მოუწევს. რაც შეეხება ჯუნა ნათენაძეს, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პროცესის მოგება იყო.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციისთვის ყოფილ თანამშრომელთან სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში წაგებული ეს უკვე მეორე საქმეა.

XS
SM
MD
LG