Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კოდექსზე ჩამოკიდებული ვაჭრობის შეღავათიანი პირობები


შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.
შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსი იქნება მთავარი განმსაზღვრელი იმისა, შეუნარჩუნდება თუ არა საქართველოს ამერიკასთან ვაჭრობის შეღავათიანი პირობები. 28 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ამერიკული და ქართული მხარე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე წარმოადგენდა, თითქმის ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს.

თუკი საქართველოს შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებს არ მიუახლოვდება, მაშინ, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, ხილის წვენი, ჩაის თესლი, კედარის თესლი და კიდევ რამდენიმე სახეობის პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე უბაჟო იმპორტის რეჟიმით ვეღარ ისარგებლებს. ეს საქართველოდან გატანილი იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით 2001 წლიდან სარგებლობს.

28 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრაზე სელესტ დრეიქი, პროფკავშირთა ამერიკული გაერთიანების წარმომადგენელი, იყო პირველი მომხსენებელი, რომელმაც სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი პეტიციის მიზეზი განმარტა. პროფკავშირთა ამერიკული გაერთიანების მიერ შედგენილი პეტიციის მიხედვით, საქართველოში არსებული შრომის კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ საქართველოს უნდა შეუჩერდეს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლის სტატუსი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს პროფკავშირებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს პეტიციით ჯერ კიდევ 2000 წელს მიმართა, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ირღვეოდა როგორც დასაქმებულების, ისე პროფკავშირების უფლებები. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების მისამართით დაგროვილ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა. მას მიაჩნია, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულების უფლებებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, მოქმედი შრომის კოდექსის პირობებში, სრულიად იგნორირებული იყო, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ აუცილებელია კოდექსი გამორიცხავდეს მასში არსებულ ორაზროვნებებს:

”აი, მაგალითად, 13 ჩამონათვალია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაითხოვო სამსახურიდან, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დადებული მოკლევადიანი ხელშეკრულება და ამ ჩამონათვალის ბოლოს წერია ასეთი რამ: „და სხვა ობიექტური მიზეზები“. ეს ჩანაწერი იძლევა ისეთი ორაზროვანი განმარტებების საშუალებას, რომ დამსაქმებელს ეს პუნქტი შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს, რაც შრომის კოდექსში, გარკვეულწილად, ფასადურ ცვლილებას მოგვცემს”.
მთავარი პრობლემა იყო, რომ დამსაქმებელს თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება დასაქმებულთან. ეს შეიცვალა. 37-ე მუხლი უკვე არეგულირებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს...
ზურაბ სანიკიძე

მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს შრომის კანონმდებლობის შეცვლისა ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვებისთანავე გამოხატა. არასამთავრობო სექტორთან თითქმის ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოადგინა. დასაქმებულის ინტერესების გაზრდა, მათი უფლებების დაცვა, თუმცა, ამასთანავე, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსის შენარჩუნება, - ასე განმარტავს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მისიას იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველი ზურაბ სანიკიძე. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს:

”მეთოთხმეტე მუხლი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ რეგულარული სამუშაო კვირა 40 საათისგან შედგება და მეჩვიდმეტე მუხლი კი მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უნდა იყოს ანაზღაურებული ხელფასის საათობრივ განაკვეთზე მეტით, როგორც ამას სოციალური ქარტია გვავალდებულებს. 37-ე და 38-ე მუხლები, ეს არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მთავარი პრობლემა იყო, რომ დამსაქმებელს თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება დასაქმებულთან. ეს შეიცვალა. 37-ე მუხლი უკვე არეგულირებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს”.

მიუხედავად იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მთავარი მისიაა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების დაბალანსება, ეკონომიკის მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა ინტერესების დაცვის გადამეტებულმა რეგულაციამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს:

”ყველა ზედმეტი ტიპის რეგულირებას, რომელმაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შეაფერხოს მეწარმე მისი თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ, ერთი მხრივ, დავიცვათ დასაქმებულების უფლება და, მეორე მხრივ, შევზღუდოთ მეწარმის თავისუფლება, ამას შეიძლება, ჯამში, ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ეს საკითხი დაბალანსებული - ორივე მხარის თავისუფლება და ორივე მხარის დაცვის მექანიზმები”.
ეს პროცესი მალე დაიხურება, რადგან საქართველოს მთავრობამ მართლაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით...
ალექსანდრე ბარამიძე

რაც შეეხება ე.წ. საფრთხეს, ამერიკასთან ვაჭრობის შეღავათიანი პირობების დაკარგვის საშიშროება, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეფერენციებით სარგებლობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ შეღავათებით ქვეყანა იღებს შანსს საკუთარი პროდუქცია გაიტანოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით გაჯერებულ ბაზარზე. სწორედ ამიტომ მას მიაჩნია, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობა საქართველოსთან კონსულტაციებს 18 აპრილამდე გააგრძელებს, დააკვირდება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს, რის შემდეგაც გადაწყდება შეუნარჩუნდება თუ არა საქართველოს ამერიკასთან ვაჭრობის შეღავათიანი პირობები. მოლაპარაკებებში მონაწილე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, როგორც ჩანს, ამ მხრივ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

”ეს პროცესი მალე დაიხურება, რადგან საქართველოს მთავრობამ მართლაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით”, - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP) არის პროგრამა, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდაში, ეს ხელშეწყობა კი იმით გამოიხატება, რომ 127 ბენეფიციარი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან დაახლოებით 5000 სახეობის პროდუქტი (მათ შორის, საქართველოსთვის 3400 დასახელება) აშშ-ის ბაზარზე უბაჟო იმპორტის რეჟიმშია. საქართველო აღნიშნული რეჟიმით სარგებლობს 2001 წლიდან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსთვის ზოგიერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას ზემოაღნიშნული რეჟიმი არ ფარავს (მაგალითად, თხილი), ხოლო ნაწილი პროდუქციისა აშშ-ის ბაზარზე შესვლისას ისედაც ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობს (მაგალითად, მინერალური სასუქები).
XS
SM
MD
LG