Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშით აღებული მოსავალი


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ადგილობრივი მოსახლეობა მოსავალს იღებს. სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება და წლების განმავლობაში რუსეთის მესაზღვრეები აქ მავთულხლართებს აბამდნენ. მათ დაახლოებით 80 ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს. ამის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი მიწის გარეშე დარჩა, ნაწილს კი მიწა მავთულხლართების გასწვრივ აქვს, ამიტომ მოსავლის აღება შიშით უწევთ. დვანის მცხოვრები მარინე კოპაძე ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად პატრულირებენ, რაც მათ შეშფოთებას იწვევს.

სოფელში ქართველი პოლიციელებიც მუდმივად პატრულირებენ, მაგრამ, დვანელების აზრით, ეს უსაფრთხოების გარანტიას ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს, რადგან სოფლის გარშემო სტრატეგიულ სიმაღლეებზე საგუშაგოები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აქვთ მოწყობილი და სოფელს მუდმივად აკვირდებიან. დვანის მკვიდრი ნინო ქულიჩიშვილი თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან ყოველდღიურად ეზოში გამოსული ხედავს, რუსეთის მესაზღვრეები მეზობელ მთაზე სანგრებს როგორ თხრიან.

დვანელები ახლა ხორბლისა და ლობიოს მოსავალს იღებენ, უფრო ადრე ქერის მოსავალი დააბინავეს. წელს სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას მოსავლის ასაღებად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უსასყიდლოდ გამოუყო, თუმცა ამ შეღავათით ყველამ ვერ ისარგებლა, რადგან წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, გლეხების ნაწილი სოფელში კომბაინების შესვლას არ დაელოდა და საკუთარი ძალებით აიღო მოსავალი. დვანში ქარელის გამგებლის წარმომადგენელი ნოდარ კოპაძე აცხადებს, რომ, მიუხედავად არაინფორმირებულობისა, სახელმწიფოს დახმარებით მაინც ბევრმა ადამიანმა ისარგებლა.

დვანში ვითარება 2013 წლის ოქტომბრიდან დაიძაბა, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთების შეღობვა მასობრივად დაიწყეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ნახევრად დამწვარი სახლიც მოექცა. ამჟამად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სოფელში ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის სამუშაოები შეჩერებული აქვთ, დვანელები კი მავთულხლართების სიახლოვეს გადაადგილებას ერიდებიან. მოსავლის ასაღებადაც რამდენიმე კაცი ერთად მიდის, მათგან ერთი სამხედრო პირთა გამოჩენას მეთვალყურეობს, რადგან მუდმივი შიში აქვთ, რომ მარტო მყოფებს რუსეთის მესაზღვრეები უპრობლემოდ დააკავებენ.

XS
SM
MD
LG