Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ელისაშვილი: ხელისუფალთა საეჭვო მესიჯები ჩემს ტელეფონშია


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

შეწყალების საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი პროკურატურის ქმედებებში მიკერძოების ნიშნებს ხედავს და სწორედ ამას აბრალებს სატელეფონო მესიჯებთან დაკავშირებულ ნაჩქარევ განცხადებებს. დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი უკან დახევას არ აპირებს და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაამტკიცებს სიმართლეს, რაც პოლიტიკოსების მხრიდან პატიმართა შეწყალების საკითხით ვაჭრობასა და ფულის აღებას უკავშირდება. პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს.

14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მორიგ დაკითხვაზე გამოცხადებულმა ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურას ის მესიჯები წარუდგინა, რომლებიც მან შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს, ასე წელიწად-ნახევრის წინ, კონკრეტული პოლიტიკოსებისგან მიიღო და რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების საკითხის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს ასახავდა. თუმცა, როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა15 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებს, პროკურატურისთვის წარდგენილ მობილურ ტელეფონში მესიჯების კვალს ვერ მიაგნეს:

„ალექსანდრე ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა ამ მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული და დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები“.

ინბოქსში, მარტივად რომ გითხრათ, არ იყო, მაგრამ მყარ დისკზე იყო – ვინც ტელეფონში ერკვევა და ამ ტერმინოლოგიაში ერკვევა, ის მიხვდება, მე რასაც ვგულისხმობ...
ალექსანდრე ელისაშვილი

პროკურატურის ასეთი ნაჩქარევი და შეცდომაში შემყვანი შეფასებები, ალექსანდრე ელისაშვილის აზრით, სერიოზული საქმის ჩაფარცხვის მიზანს ემსახურება და პოლიტიკურ მიკერძოებაზე მიანიშნებს, რადგანაც დიდი ხნის წინათ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ასე ვთქვათ, მობილური ტელეფონის არქივშია გადასული და სწორედ ამიტომ ესაჭიროებოდა ამ მესიჯების მოძიებას საექსპერტო ჩარევა:

„ინბოქსში, მარტივად რომ გითხრათ, არ იყო, მაგრამ მყარ დისკზე იყო – ვინც ტელეფონში ერკვევა და ამ ტერმინოლოგიაში ერკვევა, ის მიხვდება, მე რასაც ვგულისხმობ. შესაბამისად, იმიტომ დავუტოვე ეს ტელეფონი, რომ მათ ჩაეტარებინათ ტექნიკური ექსპერტიზა ოფიციალურად და ამ ექსპერტიზის შედეგად ეთქვათ, იყო თუ არ უყო... რატომ იჩქარა პროკურატურამ და რატომ გამოხტა გამოძიების დასრულებამდე და რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო?!“

შეწყალების საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თხოვნას, რომ მესიჯების არსებობა და ხილვა დაედასტურებინა, არ გამოხმაურებია თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა, როგორც მისმა მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ დაუდასტურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, პრეზიდენტს თავისი თვალით აქვს ნანახი მესიჯები ალექსანდრე ელისაშვილის მობილურ ტელეფონში. უნდა ითქვას, რომ თავად კახა კოჟორიძე იმხანად არ მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და, შესაბამისად, არც მესიჯების შინაარსს გასცნობია:

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

„შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ალეკო ელისაშვილი ნამდვილად ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხზე და საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად წაიკითხა მესიჯები“.

კახა კოჟორიძე მესიჯების ავტორებს არ ასახელებს და უნდა ითქვას, რომ კონკრეტული გვარები მთელი ამ ხნის განმავლობაში საჯაროდ არც ალექსანდრე ელისაშვილს დაუსახელებია და არც ზვიად ქორიძეს – შეწყალების კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, რომელიც რამდენჯერმე დაკითხეს პროკურატურაში. შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ჩართულ პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა ვინაობა მათ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს გაუმხილეს. ელისაშვილის მსგავსად, ქორიძეც ადასტურებს, რომ რიგ შემთხვევებში ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ სხვა საჯარო პირები მართლაც „არაჯანსაღ ინტერესს“ იჩენდნენ ზოგიერთი პატიმრის შეწყალების საკითხთან მიმართებით. გვარები დაასახელა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ და დასახელებულთა შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები – მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ელისო კილაძის მტკიცებით, ფული და, კერძოდ, 200 ათასი დოლარი ე. წ. „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებით იქნა აღებული და, პატიმრის შეწყალების შემთხვევაში, კორუფციულ გარიგებაში ჩართული პირები კიდევ არაერთი ასეული ათასი დოლარის მიღებას იმედოვნებდნენ.

არავისთვის არანაირი თანხა არ გადამიხდია. ეგ არის აგორებული ჭორები, უბრალოდ. თუ მართლაც ასეთ რაიმეს ჰქონდა ადგილი, რატომ არის, რომ ჩემი ნათესავები, ჩემი ოჯახის წევრები დღემდე ციხეებში არიან?!
ნუგზარ ბოჭორიშვილი

ასეთ ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებას უწოდებენ თავად ბრალდების ადრესატები თუ მათი მხარდამჭერები და ზოგი მათგანი იმასაც ვარაუდობს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი წინასაარჩევნო პიარით არის დაკავებული და შიდაპოლიტიკურ სარბიელზე საკუთარი თავის სარფიან გაყიდვას ცდილობს. ფულის მიცემის ფაქტი ტელეკომპანია „იბერიასთან“ საუბრისას უარყო „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა, ნუგზარ ბოჭორიშვილმა:

„არავისთვის არანაირი თანხა არ გადამიხდია. ეგ არის აგორებული ჭორები, უბრალოდ. თუ მართლაც ასეთ რაიმეს ჰქონდა ადგილი, რატომ არის, რომ ჩემი ნათესავები, ჩემი ოჯახის წევრები დღემდე ციხეებში არიან?! თუ ვინმეს რაიმე თანხა გავატანე...“

შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა შესაძლო დაინტერესების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში 8 დეკემბერს აღიძრა და გამოძიება 339-ე პრიმა (ზეგავლენით ვაჭრობის) მუხლით დაიწყო. ამ ეტაპისთვის დაკითხულია რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 14 დეკემბერს დაუდასტურა. რადიო თავისუფლება ოთხშაბათს ცდილობდა გაერკვია გამოძიებასა თუ ალექსანდრე ელისაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG