Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია


საქართველოს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 26 იანვარს, დაასახელებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა, სადაც იგი მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში ღებულობს მონაწილეობას. გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებების მიხედვით, შესაძლოა მინისტრის პორტფელიც მას ერგოს.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა. მანამდე იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. დიდწილად სწორედ ამ გარემოებით, ბიძინა ივანიშვილთან მისი ახლობლობით აიხსნება გავრცელებული აზრი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ვახტანგ გომელაურის შანსები მაღალია. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს შანსები არსებობდა მაშინაც, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მის პირველ მოადგილეს, ვახტანგ გომელაურს კი არა, პოლიციის თბილისის სამმართველოს მაშინდელ უფროსს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ერგო. დღეისათვის ვახტანგ გომელაურის გარდა, ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენის კანდიდატებად არაოფიციალურად სახელდებიან ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი და სხვები. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ჭიკაიძის შემცვლელი „ქართუ ჯგუფის“ რიგებიდან შეირჩეს. შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურის კოალიციურ რეჟიმში დასახელების იმედი აქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ერთ ნაწილს, კერძოდ, ფრაქცია „რესპუბლიკელებს“, რომელთა აზრითაც, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოწვევები სერიოზულია და პრობლემები მრავლადაა, შინაგან საქმეთა მინისტრი სწრაფად და გონივრულად უნდა შეირჩეს.

პრობლემა კი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მიზეზი გახდა, მისი განცხადების თანახმად, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უკავშირდება. კერძოდ, აწ უკვე ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს მინისტრი ხელს აფარებდა 2006 წლის 2 მაისს „დინამოს“ ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. ალექსანდრე ჭიკაიძის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, თანამდებობა მან მორალური პასუხისმგებლობის გამო დატოვა იმის იმედით, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მის ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

“იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, როგორიც არ უნდა იყოს ეს კითხვა, აბსურდულიც რომ იყოს ეს კითხვა, ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა არასოდეს და არც არის მთავარი“.

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის ფაქტის კომენტირებისას მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ეს პათოსი სრულად გაიზიარა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც:

“პატივი სცა ოფიცრის მუნდირს, საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა და აჩვენა კიდევ ერთჯერ ახალი ხელისუფლების ხელწერაც“.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან დაადასტურა ისიც, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კორტების საქმის გამოძიების საკითხზე შეხვდა და ესაუბრა იური ვაზაგაშვილს, რომელიც 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის თანახმად, საქართველოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული. მმართველი ძალის ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ უახლოეს ხანში შესაძლოა გიორგი ბადაშვილის სავარძელიც შეირყეს, შექმნილ ვითარებაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის აზრით, პრობლემა სისტემური და ინსტიტუციონალურია და მართვის არსებულ ფორმაში ვლინდება:

“ჭიკაიძე იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, ბადაშვილი იქნება გენერალური პროკურორი თუ ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ ენიჭება. ერთი კაცი კულისებს მიღმა მართავს ქვეყანას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ეს არის, ჩემი აზრით, ის, რაც უნდა ითქვას; ის, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში“.

ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომას კი უკვე მოჰყვა შსს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის ოთარ მირზოევის გადადგომა. რამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს, თანამდებობა დატოვა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა . ისინი მათ რიგებში არიან, ვის მფარველობაშიც ალექსანდრე ჭიკაიძეს იური ვაზაგაშვილი სდებდა ბრალს. ამ გადადგომებს წინ უძღოდა ეგრეთ წოდებული თამაზაშვილ-ღარიბაშვილის ჯგუფის რამდენიმე ჩინოვნიკის თანამდებობიდან წასვლის პროცესი. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული იქნება შემდგომ საკადრო ნაბიჯებს მიმართოს. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელსაც ხათუნა ლაგაზიძე გამოყოფს, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ არსებული საინფორმაციო კამპანიაა, რომლის გაგრძელების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მას გარდაუვლად მიაჩნია:

“ამის თქმის საფუძველს მაძლევს მე ასევე ორწლიანი გამოცდილება, როდესაც ქვეყანაში რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მწვავედ რეაგირებდა და რეაგირებს მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე. გავიხსენოთ იგივე ხვედელიძის საქმე, იგივე ფარცხალაძის საქმე, როდესაც მედიაში აქტიურად შუქდებოდა მათ წინააღმდეგ არსებული ბრალდებები, რაც ამ პერსონების თანამდებობიდან გადაყენებით დამთავრდა. დღეს იგივე პროცესთან გვაქვს საქმე პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ“.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, თუ ეს პროცესი - საინფორმაციო კამპანია - არ შეწყდა და მთავრობის მხრიდანაც რადიკალური ცვლილებები და შესაბამისი ეფექტური შედეგები ვერ მივიღეთ, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დაკარგავს. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, მას ხათუნა ლაგაზიძე პოლიტიკურ აქტად განიხილავს და საქმის გახსნას არა მარტო პრესტიჟის საგნად, არამედ ქვეყნის სტაბილურობისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG