Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშლი წნევის წინააღმდეგ


ვაშლის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდების უდიდეს ნაწილს მისი კანი შეიცავს. ამ ნივთიერებას, ჟანგვის საწინააღმდეგო ფართოდ ცნობილი ზემოქმედების გარდა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა თვისებებიც ახასიათებს - იტყობინებიან კანადელი მეცნიერები. ვაშლის კანის ექსტრაქტი, რომელიც ყველა ფლავონოიდს შეიცავს, ანდა მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილები, ასუსტებენ ფერმენტს, რომელიც სისხლის წნევის რეგულირებაში მონაწილეობს. ამ ფერმენტის შეკავებაზეა დამყარებული წნევის საწინააღმდეგო მთელი რიგი მედიკამენტების მოქმედება.


„ჩვენი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ფლავონოიდების მაღალი შემცველობის მქონე ვაშლის კანის ექსტრაქტი ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის შემაკავებელი ეფექტის პოტენციალს შეიცავს,“ ამბობენ ნილეეკა ბალასურია და ვასანთა რუპასინგე ტრუროს სასოფლო-სამეურნეო კოლეჯიდან. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის მოქმედებისას წარმოიქმნება უფრო ნაკლები ანგიოტენზინი II, ჰორმონი, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს და, შესაბამისად, ზრდის წნევას.

ქიმიური ლაბორატორიის პირობებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ როგორც ყველა ფლავონოიდის შემცველი ექსტრაქტი, ისე მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილები - ანთოციანები, ფლავონოლები, ფლოვონები ან ფლავანონები - ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ძლიერი შემაკავებლის როლს თამაშობენ.

შემდგომში ცხოველებზე ცდებითა და კლინიკური გამოკვლევებით მეცნიერები აპირებენ შეამოწმონ, ხომ არ შეიძლება, რომ ამ ბუნებრივ ნივთიერებებს უკეთესი თერაპიული ეფექტი ჰქონდეთ, ვიდრე წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგალითად, Captopril-ს, Enalapril-ს ან Ramipril-ს.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG