ლარი უახლოვდება გაუფასურების ისტორიულ მინიმუმს, რომელიც 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2,45 ლარი ღირდა. მიმდინარე მოვლენების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ კრიზისული პერიოდი გადავლილია და რომლარის კურსი არის პიკში. ამასთან, არის მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს გამოიყენებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პარამეტრებს გადახედავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პროგნოზირებულია ლარის კურსის დასტაბილურება საშუალოვადიან პერსპექტივაში.
შეგახსენებთ: 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება უკვე მოხდა მიმდინარე წელს, თუმცა კორექტირების ფარგლებში გადასახდელების გადანაწილება შეიცვალა, ხოლო ასიგნებების ჯამური მაჩვენებლები უცვლელი დარჩა. მიმდინარე წელს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, ეკონომიკის წახალისებისთვის იგეგმებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებაც, თუმცა, მიმდინარე კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, წლის ბოლოს შესაძლოა ბიუჯეტის შესრულების პრობლემა შეიქმნას, რადგან, გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, აღარ იგეგმება ავანსის სახით თანხების გაცემა. მორე მხრივ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, პრივატიზების გეგმა 103 პროცენტით არის შესრულებული, გაყიდულია ყველა ობიექტი, რაც ასევე წარმოადგენდა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გეგმას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, თუ ზეწოლა გაძლიერდა, იგეგმება უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის წარმოება. შეგახსენებთ: რეფინანსირების განაკვეთი 6 პროცენტამდეა გაზრდილი, ხვალ გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი შეხვედრა. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა სავალუტო ინტერვენციების გამოყენებაც დაიწყოს. ცნობისათვის, წელს სულ 5 სავალუტო აუქციონი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვალუტა გაყიდა. უკანასკნელი მონაცემებით, უცხოური ვალუტის რეზერვები 2 მილიარდ 261 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედი მატებაა.
ფინანსთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხის გაზრდას, გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. პარალელურად, არასახარბიელოა საგარეო ფაქტორების გავლენა - კერძოდ, გრძელდება ფულადი გზავნილების ნაკადების კლება, ექსპორტის კლება და შეინიშნება ქვეყნიდან კაპიტალის გადინების ტენდენციებიც.
ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ლარზე უარყოფითად მოქმედი პანიკის აღმოფხვრას და კურსის სტაბილიზაციას. მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, გუშინ, ლარი მცირედ, მაგრამ გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4086 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0413 ლარი შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად გამოიტანა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი.