Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო კრიზისი აზერბაიჯანში და მისი შესაძლო შედეგები


დაკეტილი სავალუტო ჯიხურები ბაქოში
დაკეტილი სავალუტო ჯიხურები ბაქოში

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში სერიოზული სავალუტო კრიზისია. გუშინ, 14 იანვარს, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა სავალუტო ჯიხური დაიხურა. ვალუტის გაცვლა ახლა მხოლოდ ბანკებში იქნება შესაძლებელი, თუმცა, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, გამონაკლისი დაიშვება ტურისტულ ობიექტებში, კერძოდ, სასტუმროებსა და აეროპორტებში.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს ვალუტის გაცვლის ოპერაციების გახშირების გამო. „ცენტრალურმა ბანკმა შეზღუდა და შეაჩერა ვალუტის გაცვლის ჯიხურების მუშაობა კომერციული ბანკების ოპერაციების ეფექტურობის, ოპერაციებზე კონტროლის გაძლიერებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საკმარისი რაოდენობის ბანკის ფილიალია, სადაც ვალუტის გაცვლა იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის აზერბაიჯანში გახსნილია ბანკების 914 ოფისი და ფილიალი, რომელთაგან 458 რეგიონებშია.

ვალუტაზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 დეკემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ე. წ. „მცურავი კურსი“ გამოაცხადა ეროვნულ ვალუტაზე. ამ გადაწყვეტილებას მომენტალურად მოჰყვა მანათის დევალვაცია და მანათი დოლართან მიმართებაში 48 პროცენტით გააუფასურა.

ამ პროცესისთანამდევია ბანკებში რიგები და დოლარის დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, დოლარზე მოთხოვნის პანიკურმა ზრდამ განაპირობა. აზერბაიჯანში იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა და, ბუნებრივია, მასზე მოთხოვნაც შემცირდა.

საქართველო, რომლისთვისაც აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ცხადია, ამ პროცესების მიღმა ვერ აღმოჩნდება. ზამთრის კურორტების მცხოვრებლები და სასტუმროების მეპატრონეები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანელ ტურისტთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო - ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანი, ტრადიციულად, საქართველოს ტურისტთა სამეულში შედის.

ცალკე თემაა სავაჭრო ბრუნვა. დღემდე აზერბაიჯანი საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვან წილს იკავებს და მთლიანი ქართული ექსპორტის 11 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში ექსპორტმა 231,2 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შეადგინა, მაშინ როცა, მაგალითად, რუსეთსა და სომხეთში, ერთად, ექსპორტი 141 მილიონი აშშ დოლარია. ეს სამი ქვეყანა საქართველოსთვის დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის პირველ სამეულში შედის.

ჯერჯერობით 21 დეკემბრის შემდგომი ტურიზმისა და ექსპორტის სტატისტიკური მაჩვენებლები ცნობილი არ არის, თუმცა ტენდენციები მოწმობს, რომ საქართველოს ექსპორტსა და ტურისტულ შემოდინებებზე ეს ყველაფერი დადებითად, ცხადია, ვერ აისახება.

XS
SM
MD
LG