12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი ეს-დე-ერი (SDR) (დაახლოებით, 285.3 მილიონი აშშ დოლარი, ქვეყნის კვოტის 100 პროცენტი) დაუმტკიცა, "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს ხელს შეუწყობს შეამციროს ეკონომიკური გამოწვევები და განახორციელოს კოორდინირებული პოლიტიკა ეკონომიკის ზრდის მიზნით.
ეკონომიკის სწრაფი და უფრო ინკლუზიური ზრდისთვის პროგრამა ითვალისწინებს ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს განათლების, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, საჯარო მმართველობის ეფექტურობის ამაღლებისა და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რათა კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გახდეს.
სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება პროგრამის პირველი ტრანში 30 მილიონი SDR-ის (დაახლოებით, 40.7 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს კიდევ ექვს ტრანშს. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნისთვის პროგრამის მსვლელობის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ ჩატარებული მიმოხილვის დასკვნის საფუძველზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ საქართველოს გამოწვევებია: წარმოების სიმცირე, დეფიციტური საგარეო და ფისკალური პოზიცია, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და მაღალი უმუშევრობა.
სავალუტო ფონდის ექსპერტების შეფასებით, ეს გამოწვევები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 2014 წლის საგარეო შოკის ფონზე, როდესაც ნავთობის დაბალი ფასის გამო სავაჭრო პარტნიორების ზრდა შემცირდა.
პროგრამა უპასუხებს ზემოაღნიშნულ გამოწვევებს ფისკალური დეფიციტის შემცირებით, ხარჯების ინვესტიციებზე მიმართვით, სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებით, მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებით, უსაფრთხოების სისტემებისა და ბანკების საკითხთა განხილვის (banking resolution) ჩარჩოს დახვეწით.
სსფ-ში ამბობენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ინფლაციის ტარგეტირების მექანიზმის გაძლიერებას. მაშინ, როცა ფინანსური სექტორი მდგრადი აღმოჩნდა ვალუტის გაუფასურების მიმართ, ცენტრალური ბანკი ქმნის მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს ვალუტის შეუსაბამობის, კონცენტრაციის რისკისა და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების საკითხებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლებამ დედოლარიზაციის ღონისძიებები გამოაცხადა. დეპოზიტების დაზღვევა გააძლიერებს ფინანსური უსაფრთხოების სისტემას. ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე შემოსავლების ზრდისა და ხარჯების დაზოგვის გზით.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პარალელურად გაიზრდება საინვესტიციო ხარჯები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. გადაიდგმება ნაბიჯები ჯანდაცვის ხარჯების ეფექტურობის ასამაღლებლად ისე, რომ არ შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის მოცვა, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი ფენის მიმართ. გაძლიერდება ფისკალური რისკების აღიარება და კონტროლი.
სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გატარდეს სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას. ყურადღება მიმართულია კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) რეფორმაზე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, კერძო სექტორში აღრიცხვისა და კონკურენციის საკითხებსა და განათლების რეფორმაზე. პროგრამის განხორციელების თანმხლებ მაღალ რისკს ანელებს ხელისუფლების გადაწყვეტილების სიმტკიცე და პროგრამის მიმართ არსებული პოლიტიკური მხარდაჭერა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნულ დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თანხები მთლიანად საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად იქნება მიმართული.