ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკთან 140 ჰექტარ ტერიტორიაზე, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 12 სექტემბერს წარმოადგინა, თუმცა მხოლოდ ახლახან დაიწყო ცენტრალური საავტომობილო გზიდან მშენებლობის ადგილამდე მისასვლელი გზის გაყვანა. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, განმარტებით, ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ტერიტორია გეოლოგებმა გამოიკვლიეს და დასკვნა მოამზადეს, პარალელურად კი გერმანელი სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად მუშაობენ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმაზე, კვლევით პროგრამებზე, უნივერსიტეტის სტრუქტურასა და განვითარების სტრატეგიაზე:
„კონცეფციის შექმნაში, თუ რომელი ფაკულტეტი რომელ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, რამდენ სტუდენტს მიიღებს, ვინ იქნებიან ლექტორები, როგორ უნდა იყვნენ ისინი მოძიებულნი, სად იქნება აუდიტორიები, ლაბორატორიები მუშავდება. თვეებია დადებულია ხელშეკრულება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელიც არის ევროპაში ძალიან ძლიერი უნივერსიტეტი. სამუშაოებიც იწყება და რეალური არის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შეუძლია ნახოს ერთი წლის წინ დაწყებული თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა და რამდენი მილიონის ინვესტიციაა იქ უკვე განხორციელებული“.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიასავე განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტთან ერთად დაიგეგმა და მათი საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. ამ თანხის ნახევარი უნდა დაიხარჯოს 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვისთვის. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული უნივერსიტეტი სახელმწიფოს გადაეცემა. საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ადგილამდე გზის გაყვანას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ ოპოზიციური პარტიები. ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი კანდიდატი, კახაბერ ქორიძე, ამბობს, რომ ის გრანდიოზული მშენებლობის დაპირებას სიცრუედ მიიჩნევს:
„შარშან იყო პრეზენტაცია პროექტის, წელს იქნება, ალბათ, გზის გაყვანა და მომდევნო ათწლეულები მოუნდებიან, ალბათ, ჭაობის დაშრობას. ეს არის ხალხის დაცინვა და ტყუილი იმ დაპირებებიდან, რასაც პირდებოდა ბიძინა ივანიშვილი ხალხს. ეს ქუთაისისთვის და კახიანაურის მოსახლეობისთვის მორიგი ტყუილია“.
კარგად ვნახეთ, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ბანერებით და პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლით და განცხადებებით წინ ვერ წავიდა „ქართული ოცნება“. ერთადერთი ხელშესახები, რაც იქ ხდება, არის ის, რომ არსებულ ჭაობს დაუნიშნეს რექტორი, რომელიც ბიუჯეტიდან ღებულობს თანხას...გიგა შუშანია
საუნივერსიტეტო ქალაქის შესაქმნელად ამ დრომდე გაწეულ სამუშაოს არასაკმარისად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა შუშანია. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას ქუთაისში უკვე არსებული უნივერსიტეტის სასწავლო ბაზების გაუმჯობესებაზე ეზრუნა:
„კარგად ვნახეთ, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ბანერებით და პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლით და განცხადებებით წინ ვერ წავიდა „ქართული ოცნება“. ერთადერთი ხელშესახები, რაც იქ ხდება, არის ის, რომ არსებულ ჭაობს დაუნიშნეს რექტორი, რომელიც ბიუჯეტიდან ღებულობს თანხას. მიგვაჩნია, რომ უფრო სწორია თანხა დაიხარჯოს არსებული უნივერსიტეტის გასავითარებლად, არა ახალი შენობების ასაშენებლად, არამედ ლაბორატორიების შესაქმნელად და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებაზე გასაგზავნად“.
ქუთაისის მომავალი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და სამინისტროსა და მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გერმანელი სპეციალისტები შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს და უნივერსიტეტის სტრუქტურას. საუნივერსიტეტო ქალაქის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების საპასუხოდ თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი აუცილებლად აშენდება, ფაკულტეტები მუშაობას ეტაპობრივად დაიწყებენ და ახალი უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმებასაც:
ხშირად იმასაც ვამბობ, რომ ძლიერი კონკურენტის არსებობა გაძლიერებს, იმიტომ რომ ყოველთვის, განვითარებაზე როცა ფიქრობ, ცდილობ საკუთარ თავს აჯობო, მაგრამ ვიღაც უნდა გყავდეს ახლოს საზომად, რომ მიხვდე, რაში გჯობია შენ ან შენ რაში ჯობიხარ...გიორგი ღავთაძე
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტი იქნება. მე ვნახე პროექტი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ მთავარი არის არა შენობა, რომელიც აშენდება, არამედ ის სულისკვეთება, რომელიც ამ უნივერსიტეტმა უნდა შემოიტანოს ქუთაისში და მთლიანად საქართველოში. ეს არის დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არა მხოლოდ განათლების ცენტრი, არამედ ინვესტიციების ცენტრიც იქნება, რადგან ყველა უნივერსიტეტის ასეთი დიდი ტექნოლოგიური ცენტრების ირგვლივ ხდება ბიზნესის განვითარება“.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის, შეფასებით, ახალი უნივერსიტეტი, რომელმაც, გეგმის მიხედვით, პირველი სტუდენტები 2019 წელს უნდა მიიღოს, ქალაქში კონკურენტულ გარემოს შექმნის:
„ხშირად იმასაც ვამბობ, რომ ძლიერი კონკურენტის არსებობა გაძლიერებს, იმიტომ რომ ყოველთვის, განვითარებაზე როცა ფიქრობ, ცდილობ საკუთარ თავს აჯობო, მაგრამ ვიღაც უნდა გყავდეს ახლოს საზომად, რომ მიხვდე, რაში გჯობია შენ ან შენ რაში ჯობიხარ. ხშირად მისმევენ ხოლმე კითხვას, რას უზამს ახალი უნივერსიტეტი ამ უნივერსიტეტსო. მე გავამახვილებდი ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ თბილისს უფრო წაართმევს ეს უნივერსიტეტი კარგი აკადემიური მოსწრების მქონე ძლიერ სტუდენტებს, ვიდრე ჩვენს უნივერსიტეტს“.
პროექტის მიხედვით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარედ, მდინარე რიონის არხის დასავლეთ და აღმოსავლეთ მდელოებზე, ხელოვნური ტბის გარშემო გაშენდება. 140 ჰექტარზე უნდა განთავსდეს სასწავლო ცენტრები, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებლები და სპორტული კომპლექსები, სადაც განახლებადი ენერგიის წყაროები უნდა გამოიყენონ.