Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჩელი, რომელიც ყველას ეხება


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

კამპანია ”ეს შენ გეხებაში” ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნეს 283 მოქალაქის სასარჩელე განცხადებები, რომლებითაც ისინი პარლამენტის მიერ მიღებული ფარული თვალთვალის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ. მოქალაქეების უკმაყოფილება უკავშირდება თვალთვალის განმახორციელებელი „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში ყოფნას. არასამთავრობო ორგანოები დარწმუნებული არიან, რომ გასაჩივრებული კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას.

სარჩელი, რომელიც ყველას ეხება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
გადმოწერა

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეთა სარჩელები ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისიდან საქართველოს ფოსტის საშუალებით გაგზავნეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას, თქმით, სარჩელთა შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანია ასევე მოსარჩელეთა რაოდენობაც:

„სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლო გააერთიანებს ამ სარჩელებს, რადგანაც ერთსა და იმავე თემას ეხება და განიხილავს ერთ სხდომაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის დაფიქსირება, რომ ეს არ არის ერთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიების პრობლემა და რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ეხება ყველას, ანუ არის საქართველოს მოქალაქეების სარჩელი“.

ის მხარს დაუჭერს სასამართლოს თავისი მოსაზრებებით, არგუმენტებით, გააძლიერებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს შედარებით ახალი ინსტიტუცია და უპრეცედენტო ახალი ფორმაა, რომელსაც პრეზიდენტი გამოიყენებს...
ანა დოლიძე

მაინც რას უწუნებენ მოსარჩელეები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს? ლიკა საჯაიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ფორმალურად შეცვალა 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწუნებული კანონი.

„მიღებული კანონით პარლამენტმა არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ დარჩა მუდმივი პირდაპირი წვდომა მოქალაქეების კომუნიკაციაზე, რომელიც არ კონტროლდება და, შესაბამისად, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ისევ დაირღვევა ჩვენი პირადი ცხოვრების უფლება და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ისევ ბოროტად იქნება გამოყენებული მისთვის მინიჭებული ამხელა ძალაუფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ძალიან ნათლდა თქვა, რომ არ უნდა ჰქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა იმ სტრუქტურას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას ან პროფესიულადაა დაინტერესებული მოაგროვოს უფრო მეტი ინფორმაცია, მაგრამ რეფორმის შედეგად მივიღეთ ის, რომ უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი დეპარტამენტი გადაკეთდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რითაც ვერ შესრულდა გადაწყვეტილება“, უთხრა ლიკა საჯაიამ რადიო თავისუფლებას.

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ე. წ. ფარული მიყურადების შესახებ კანონის არსებული ფორმით მიღებას აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიებიც. „ნაციონალურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის, თქმით, კანონის ავტორებს არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ, მათთვის მთავარია გააკონტროლონ პოლიტიკური ლიდერები და აქტიური საზოგადო მოღვაწეები.

სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, კანონის მიღებით მოხერხდა ბალანსის დაცვა ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის:

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი და ეს არის ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. სწორი ბალანსის დაცვა იყო საჭირო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პაკეტი, რომელიც დამტკიცდა, სწორედ ამ ბალანსის დაცვას ემსახურება“.

პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ არანაირი კონფლიქტი ორ ინტერესს - ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს - შორის არ არსებობს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული კანონის გაუქმება ვეტოს უფლების გამოყენებით სცადა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო იოლად დაძლია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით ახლაც ჩართულია აღნიშნული კანონის გაუმჯობესების პროცესში:

„ის მხარს დაუჭერს სასამართლოს თავისი მოსაზრებებით, არგუმენტებით, გააძლიერებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს შედარებით ახალი ინსტიტუცია და უპრეცედენტო ახალი ფორმაა, რომელსაც პრეზიდენტი გამოიყენებს“.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიაჩნია სახალხო დამცველსაც. უჩა ნანუაშვილი ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს, რათა გამოირიცხოს ყველა ის რისკი, რომელსაც ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ კანონი შეიცავს.

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ დავა განმწესრიგებელი სხდომით დასრულდება, რადგანაც გასაჩივრებულია ე. წ. დამძლევი ნორმა, რომელიც წარსულში სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად, პარლამენტმა კი აღადგინა კანონის მიხედვით. განმწესრიგებელი სხდომა უნდა გაიმართოს სარჩელის რეგისტრაციიდან ოთხი თვის ვადაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG