Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები: აშშ რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს და არ დააჩაგვრინებს მეზობლებს


1 იანვარს საქართველოში აშშ-ის სენატორებს ელოდებიან. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი ემი კლობუჩარი საქართველოს იმ მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ეწვევიან, რომლის მარშრუტიც, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, უკრაინაზე, საქართველოსა და ჩერნოგორიაზე გადის. საქართველოში დიდი ინტერესით ელოდებიან მესიჯებს, რომლებსაც სენატორები ჩამოიტანენ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის წინ. თუმცა გავლენიანი ამერიკელი კანონმდებლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეეგუება რუსეთის აგრესიულ, დესტრუქციულ პოლიტიკას და რომ ამერიკა არ მიატოვებს თავის პარტნიორებს რუსეთის სამეზობლოში.

„როდესაც ვხედავთ (რუსეთის) განგრძობად აგრესიას ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ვხედავთ მუდმივ საფრთხეს საქართველოში, ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ის იყო აქამდე, დიდი ხნის მანძილზე“- ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ყოფნის დროს, 27 დეკემბერს, გააკეთა და იქვე გამოამჟღავნა დიდი იმედი იმისა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის პირობებშიც ძველებურად მტკიცე იქნება აშშ-ისა და ნატოს ურთიერთობები. ამასთან, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯონ მაკკეინი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამერიკა ადეკვატურად უპასუხებს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს:

ჯონ მაკეინი
ჯონ მაკეინი

„მე მჯერა ასევე, რომ, თუკი ვლადიმირ პუტინის მხრიდან გაგრძელდება ყირიმის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის გაყოფა და ასევე სხვა ქვეყნების დაშინება რეგიონში, ჩვენ გვექნება ძლიერი და არსებითი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს (ამერიკის) პრეზიდენტი“.

ხანგრძლივ და მასშტაბურ ტურნეში ჩართულმა თანამოაზრე სენატორებმა ბოლო დღეებში ძალიან ბევრჯერ ახსენეს რუსეთის პრეზიდენტის სახელი და გვარი, თქვეს, რომ ვაშინგტონი მასთან კომპრომისებზე არ წავა, რომ ამერიკელი კანონმდებლები ზედმიწევნით ფხიზლად იქნებიან და რომ არ გადაიხედება ყირიმის ანექსიის კვალდაკვალ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ეს მოსაზრებები სენატორებმა ნათლად ჩამოაყალიბეს 30 დეკემბერს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის კიევში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. სენატორ ლინდსი გრემის ინფორმაციით, კიბერთავდასხმების გამო რუსეთს დამატებითი სანქციები ემუქრება და ამგვარად დასჯა ერთადერთი გამოსავალია:

„ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალ წელს წარმოვადგინოთ ახალი სანქციები (რუსეთის წინააღმდეგ) - ამჟამად არსებული სანქციების - ობამას სანქციების - გარდა. სანქციები შეეხება ენერგეტიკის სექტორს, საბანკო სექტორს და მათში ნახსენები იქნება არა მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მათი ლიდერები, არამედ ნახსენები იქნება პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა. მჯერა, რომ რუსეთის იძულებით შესაცვლელად ერთადერთი საშუალებაა, პუტინის რუსეთის ეკონომიკამ და თავად პუტინმა გადაიხადონ მაღალი საფასური“.

მაკკეინი და მისი თანმხლები დელეგაცია შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლების შეძლებისდაგვარად დამშვიდებას, დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო არ გახდება ერთგვარი ვაჭრობისა ან ინტერესთა გაცვლის საგანი რუსეთსა და აშშ-ს შორის...
ზაალ ანჯაფარიძე

თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში გაკეთებულ განცხადებებს მივადევნებთ თვალყურს, ადვილად გამოვიცნობთ იმ მესიჯების შინაარსს, რომლებსაც სენატორები გაახმოვანებენ (1-2 იანვარს) საქართველოში სტუმრობის დროს. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სენატორები საქართველოშიც შეეცდებიან გააქარწყლონ ბოლო პერიოდში წარმოშობილი ეჭვები და შეშფოთება:

„მაკკეინი და მისი თანმხლები დელეგაცია შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლების შეძლებისდაგვარად დამშვიდებას, დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო არ გახდება ერთგვარი ვაჭრობისა ან ინტერესთა გაცვლის საგანი რუსეთსა და აშშ-ს შორის. ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე, სწორედ ეს წუხილები და შეშფოთება არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში (აშშ-ის პარტნიორებს შორის), რომ ერთგვარი ზიგზაგი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოილიტიკისა, რომ დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან - ხომ არ მოხდება მათ ხარჯზე?!... სავარაუდოდ, სენატორების გზავნილი იქნება ის, რომ ეს არ მოხდება“.

„ამერიკის შეერთებული შტატები არ განეკუთვნება იმ ტიპის სახელმწიფოებს, რომლებიც ქვეყნის სათავეში პერსონის შეცვლის გამო, მთლიანად ცვლიან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, სწრაფად ახდენენ მნიშვნელოვან გადაფასებებს ანდა იოლად თმობენ ერთგულ პარტნიორებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ. მისი აზრით,მეგობრობა იმ სცენარით, როგორც ეს მოსკოვს სურს, ვერ შედგება აშშ-სა და რუსეთს შორის:

„რა თქმა უნდა, იმას არავინ იტყვის, რომ რუსეთის მიმართ უნდა ვიყოთ კონფრონტაციულად განწყობილი და არ უნდა ვეცადოთ მასთან ურთიერთობების დალაგებას... ნორმალურია, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას სურს რუსეთთან კონსტრუქციული და ნორმალური ურთიერთობები. მეტიც, ჩვენც ვამბობთ ამას, რომ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება... მაგრამ რა გამოვა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული განცხადებების საფუძველზე ვერ ვივარაუდებთ, რომ ამერიკა და რუსეთი საერთო ენას გამონახავენ... მგონია, რომ, პირიქით, უფრო და უფრო გართულდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთო ენის გამონახვა, მით უმეტეს, ტრამპის განცხადებებით, მას სურს, რომ ამერიკა ისევ მსოფლიო დონის ძალად აქციოს - ეს კი უკვე თავისთავად გამორიცხავს რუსეთთან დათმობებს“.

პუტინის რუსეთსა და აშშ-ს შორის გარიგებასა და პარტნიორთა ინტერესების დამაზიანებელი ურთიერთობების ჩამოყალიბებას არც ზაალ ანჯაფარიძე მოელის. მისი თვალთახედვით, ამას უკვე რუსეთშიც კარგად აცნობიერებენ, დიდ იმედებს აღარ ამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციაზე და მოსკოვი გარკვეული თადარიგის დაჭერასაც ცდილობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG