Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად


თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად. აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა, რომ აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისში ავტომანქანაში ჩასვეს პირებმა, რომლებსაც თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, ჟურნალისტის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სახეზე ეტყობა ძალადობის კვალი. ელჩინ სადიყოვი ჟურნალისტის ნაამბობზე დაყრდნობით ამბობს, რომ აფგან მუხთარლის ავტომანქანაში თავზე ტომარა ჩამოაცვეს, დაახლოებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ სხვა ავტომობილში გადასვეს, მოგვიანებით კი ავტომანქანა კიდევ ერთხელ შეიცვალეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მესამე ავტომობილის მგზავრები აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. აფგან მუხთარლის ცნობითვე, უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას ჩაუდეს 10 000 ევრო. აფგან მუხთარლი ამჟამად იმყოფება ბაქოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. სასამართლო დღეს, 31 მაისს იმსჯელებს ჟურნალისტისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე. აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქმრის პასპორტი, რომელიც თბილისში დარჩა, იმის დასადასტურებლად, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში თავისი ნებით არ გამგზავრებულა. 30 მაისს, თბილისში, „ადამიანის უფლებათა სახლში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისი ქმრის გაუჩინარება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან აფგან მუხთარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში. ლეილა მუსტაფაევამ მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მუსტაფაევას თქმით, თავის ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს. ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. მუხთარლი ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“ - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს, 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG