Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხთარლის თქმით, ის საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს აზერბაიჯანის მხარეს


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, იგი ორშაბათს საღამოს შემდეგ არ ეხმიანებოდა სატელეფონო ზარებს. მუსტაფაევამ მიმართა საქართველოს პოლიციას.

სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში იმყოფება. რადიო თავისუფლება ესაუბრა მის ადვოკატს, ნემათ ქარემლის, რომლის თქმითაც, მუხთარლი თავად დაუკავშირდა მას ტელეფონით და უთხრა, რომ ადვოკატის დახმარება სჭირდება. მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი მეუღლის პასპორტი, რომელიც თბილისში დარჩა, იმის დასადასტურებლად, რომ მუხთარლი თავისი ნებით არ გამგზავრებულა აზერბაიჯანში.

მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. 2015 წლიდან იგი იძულებული იყო თბილისში ეცხოვრა.

ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა „იატაკქვეშეთზე“. მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხთარლი. აზერბაიჯანული საინტერნეტო ტელეარხის, Meydan TV-ს ცნობით, ჯეირანოვი და ბაირამლი ამ დღეებში დააკავეს - ერთი საქართველოს სამართალდამცველებმა, მეორე კი აზერბაიჯანის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც ის იძულებული შინ დაბრუნებულიყო, ვინაიდან საქართველომ მას არ გაუგრძელა ვიზა.

როგორც მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა სამშაბათს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული ვინაიდან, მუხთარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში.

ლეილა მუსტაფაევამ მომხდარისთვის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ის თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აფგან მუხთარლის ადვოკატს, ელჩინ სადიყოვს. სადიყოვის თქმით, მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

მუხთარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხთარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს.

XS
SM
MD
LG