Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო კომპანია მესხეთის თეატრს სასამართლოში უჩივლებს


მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სცენას ახალი სამშენებლო კომპანია გააკეთებს,ტენდერში გამარჯვებული დაწუნებული კომპანია კი დაწესებულების ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებს. რა არის შექმნილი ვითარების მიზეზი - პირადი კონფლიქტი, გაურკვეველი ხელშეკრულება თუ კვალიფიკაციის ნაკლებობა?

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ახალი სამშენებლო კომპანია მონახოს, რომელიც თეატრის სცენას პროექტით გათვალისწინებულ ვადებში ხარისხიანად გააკეთებს. შ.პ.ს. „ქრისტინე სარაშვილმა“ იატაკი შესაბამისი სტანდარტებით ვერ დააგო, რის გამოც ხარვეზების გამოსწორებას სხვა კომპანია შეეცდება, – აცხადებს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრატორი შალვა ტაბატაძე.

დაწუნებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორი ამბობს, რომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებს. ნუგზარ სარაშვილის კომპანიამ პროექტით გაწერილ ვადებში სამუშაოები ვერ დაასრულა, ამიტომ მას ჯარიმა4.800 ლარი დაეკისრა. იგი მოთხოვნილ სანქციას აპროტესტებს და სამუშაოს დროულად შეუსრულებლობის მიზეზებს განმარტავს - ამბობს, რომ 70-დან 34 დღე წვიმდა, უამინდობამ კი სამუშაოები შეაფერხა. ნალექის გარდა, სცენის რეაბილიტაციის პარალელურად რეპეტიციების მიმდინარეობა კომპანიისთვის კიდევ ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. ნუგზარ სარაშვილი თეატრის ადმინისტრაციისაგან ჯარიმის ბათილად ცნობასა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას მოითხოვს.

პროექტის თანახმად, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის უნდა გადაეხურათ სახურავი, გამოეცვალათ ფანჯრები, საკანალიზაციო სისტემა და სცენის იატაკი, გაესწორებინათ, ასევე, წყლის მილები. სცენის რეაბილიტაციის გარდა, შ.პ.ს. „ქრისტინე სარაშვილმა“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაო შეასრულა, თუმცა რამდენად ხარისხიანად, ამაზე უკვე ექსპერტები იმსჯელებენ. „ოპტიმალ გრუპ +“- მა შესრულებული სამუშაოები უკვე შეამოწმა და დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობდა, კომპანიას ხარვეზების აღმოფხვრა დაევალება. თეატრის დირექტორის ირაკლი ათუნაშვილის მტკიცებით, შესრულებული სამუშაოებისათვის ანგარიშსწორება მხოლოდ დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე მუშებს შესრულებული სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა არ ჩაერიცხებათ. მეთუნუქე ზურაბ ოსეფიანი წინასაახალწლოდ ხელფასის დროულად მიღებას ითხოვს.

კულტურის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციისათვის 140 ათასი ლარი გამოყო, სამუშაოებისათვის ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - შ.პ.ს. „ქრისტინე სარაშვილი“ - მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG