„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს. მასში წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირთა - მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიასა და სხვათა 11 სისხლის სამართლის საქმეზე დაკვირვების შედეგებია ასახული.
გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მესამე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი გამოყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური მოტივების არსებობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების ყველაზე ნათელ მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელი გია გვილავა ასახელებს გიგი უგულავას საქმეს, რომელიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურის მთავარი მიზანი იმ მომენტისთვის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება იყო.
“ასევე პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა საქმესთან დაკავშირებით იყო, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ცალსახად. გარდა ამისა, სასამართლოში მოწმეთა განცალკევების საკითხიც პრობლემურია, იმიტომ რომ მოწმეებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთმანეთს ესაუბრონ და მათ აქვთ ამის შესაძლებლობა და წინა პერიოდშიც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ეს ხარვეზი არ არის გამოსწორებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც მთელი ამ მონიტორინგის განმავლობაში - დაახლოებით, 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა - გამოიკვეთა, რომელიც თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში არსებობდა“.
გახმაურებულ საქმეებში გამოთქმულ შენიშვნებზე რეაგირებას აპირებს უზენაესი სასამართლო, რომლის თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო რამდენიმე დღეში იმსჯელებს:
“მე ძალიან ზოგადად და ზედაპირულად მოვასწარი ამ შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის თვალის შევლება, თუმცა მოგახსენებთ იმას, რომ ჩვენ დღესვე დავგეგმეთ: ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოწვეულნი არიან მონიტორინგის განმახორციელებელი პირები „საერთაშორისო გამჭვირვალობიდან“ და საბჭო იმსჯელებს ყველა იმ შენიშვნასა და რეკომენდაციაზე, რომელიც გაკეთებულია მათ მიერ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის ფოკუსში მოქცეულ პრობლემებს შორის კი, ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გარდა, არის ასევე გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების დარღვევა და რიგ საქმეებში პროცესის ხელოვნური გაჭიანურება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრობლემათა შორის განსაკუთრებით გამოყოფს თანამდებობის პირების მიერ ცალკეულ გახმაურებულ საქმეებზე კომენტარების გამოთქმის დაუშვებლობის საკითხს:
“მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში, ალბათ, იყო ის, რომ როგორ საუბრობდნენ ამ პროცესებზე პოლიტიკური თანამდებობის პირები. ეს იყო და დღესაც რჩება პრობლემად. ის, რომ ისინი ლაპარაკობენ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, ყველა პრინციპის დარღვევით, ეს არის პრობლემა და ეს არის არაპირდაპირი გავლენის მოხდენის მცდელობა მოსამართლეზე. შესაბამისად, მომავალში ვიმედოვნებთ, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“.
პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლად მიიჩნევს დეპუტატი ლევან თარხნიშვილი. იგი ამბობს, რომ ამგვარი კომენტარები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე აისახება:
“ჩვენ ვიზიარებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ანგარიშში გამოთქმულ შეწუხებას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება პოლიტიკოსების წინასწარ განცხადებებს, რომლებიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე“.
მმართველი კოალიცია კი - ამ შემთხვევაში, მთავრობის სახით - სამართლიანი მართლმსაჯულებისა და სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების ამოწურვის მიზნით, მზადაა შექმნას გარკვეული საერთაშორისო მექანიზმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან, შეხვედრაზე:
“იყო საუბარი გარკვეულ სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ აბსოლუტურად ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან, მათ შორის. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენ ბოლომდე ამოვწუროთ, თუკი რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენს შორის. და ამისთვის ჩვენ შევთავაზეთ, რომ საქართველო იქნება ღია ამ კომუნიკაციაში. ნებისმიერი შეკითხვა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათ დააინტერესებთ, იქნება უმოკლეს ვადაში მიწოდებული. და არ არის გამორიცხული, რომ ჩამოვიდეს ჯგუფი საქართველოში, რომელიც კონკრეტულად ამ შეკითხვებით დაინტერესდება და მიიღებს ამომწურავ პასუხებს“.
კითხვებზე პასუხებს საერთაშორისო ჯგუფი, სავარაუდოდ, მიიღებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსგანაც“, რომელიც სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეების მონიტორინგს განაგრძობს. რიგით მესამე მონიტორინგის ანგარიშმა კი, კრიტიკული შენიშვნების გარდა, მოიცვა დადებითი შეფასებებიც -მაგალითად, პროცესი გირგვლიანის საქმეზე, ანგარიშის თანახმად, დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.