Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ჯაში და ნიონის კინოფესტივალის გამარჯვებული „დაისის მიზიდულობა“


სალომე ჯაში
სალომე ჯაში

ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის, დოკუმენტური ფილმი „დაისის მიზიდულობა“ ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალის (Visions du Réel​) მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა სექციაში - Regard Neuf - პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები​. ამ ფილმს სალომე ჯაში წალენჯიხის რაიონში თითქმის ერთი წლის განმავლობაში იღებდა. „დაისის მიზიდულობა“ „საქდოკ ფილმის” პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, „არტეს“, მხარდაჭერით შეიქმნა. ნიონის ფესტივალზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ფილმის ახალი საფესტივალო ცხოვრება დაიწყო და მის ნახვას ელიან საქართველოშიც.

რადიო თავისუფლება: გილოცავთ ამ ჯილდოს და, ცხადია, გვაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები ნიონის კინოფესტივალიდან. თუ ელოდით გამარჯვებას და რა ხდებოდა სწორედ იმ წუთებში, როდესაც თქვენი სახელი გამოაცხადეს?

სალომე ჯაში: რაღაც მხრივ, ალბათ, უფრო არ ველოდი, რადგან კონკურსში 20 ფილმი მონაწილეობდა და შანსიც ასეთი იყო - ოცში ერთი. და, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც ფილმის პრემიერაზე „დაისის მიზიდულობამ“ ჯილდოც აიღო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ფილმს ექნება ძალიან კარგი საფესტივალო ცხოვრება. ჩემთვის, როგორც ამ ფილმის რეჟისორისა და პროდიუსერისათვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჟიურიმ სწორედ ეს ფილმი მოიწონა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი ამ ფილმისთვის, რადგან ეს ჯილდო ნიშნავს იმას, რომ მას მიიწვევენ სხვადასხვა ფესტივალებზე; შესაძლოა, დაინტერესდნენ ტელევიზიებიც, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ნაყიდი აქვს ტელევიზია „არტეს“, ასევე გერმანულ და ფინურ ტელევიზიებს. ანუ ამ ფილმს აქვს ძალიან კარგი დასაწყისი, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: თქვენ თვითონ რას ფიქრობდით, რა უნდა მოსწონებოდა ჟიურის ამ ფილმში, რას უნდა მიეზიდა ყველაზე მეტად და გამოერჩია სხვა ფილმებისგან?

სალომე ჯაში
სალომე ჯაში

სალომე ჯაში: გადაღების მომენტში ამაზე ბევრი არ მიფიქრია, თვითონ პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სავსე. ხანგრძლივიც. მე მქონდა იმედი, რომ გარკვეულ ემოციას მივიტანდი მაყურებლამდე, რადგან ეს ფილმი ნაკლებად ეხება კონკრეტულ ამბავს, უფრო ემოციური განვითარებაა სიუჟეტისა. მონტაჟის დროსაც სულ ამაზე ვფიქრობდი და რამდენადაც ახლა მესმის შეფასებები, მგონი, ამ მიზანს მივაღწიე.

რადიო თავისუფლება: და დღემდე რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო კომპლიმენტი ამ ფილმის შესახებ?

სალომე ჯაში: მითხრეს, რომ ძალიან ემპათიური ფილმი გამოვიდა, რაც მინდოდა კიდეც. ჩემი წინა ფილმები უფრო კრიტიკული იყო, აქ კი კრიტიკისა და ემპათიის ბალანსი გამოვიდა.

ეს არ არის პირდაპირი დასახელება, თუმცა ის შეიცავს დაისსაც და მიზიდულობასაც - რაღაცის დასასრულსაც და რაღაც ბრჭყვიალასაც, რაც გვიზიდავს; დადებითსაც და შედარებით ნეგატიურსაც. მე მგონია, რომ ლოკალური ამბები შეიძლება იყოს გამოძახილი საერთაშორისო ამბებისა. ეს ფილმიც ასეა: ჰყვება ძალიან ლოკალურ ამბავს, მაგრამ ეხმიანება გლობალურ მოვლენებს. ამ ფილმში თითქოს თანამედროვე სამყაროს გადატეხილი ანარეკლია ასახული.
სალომე ჯაში

რადიო თავისუფლება: ჩვენ ჯერ ფილმი არ გვინახავს, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს, რაზეა ის, რატომ ჰქვია „დაისის მიზიდულობა“ და რას უნდა ელოდოს ამ ფილმიდან საქართველოს მაყურებელი.

სალომე ჯაში: ფილმის საწყისი არის ის, თუ რა არის ახალი ამბავი ერთი კონკრეტული რეგიონული ტელემაუწყებლისთვის. და ფილმიც არის ერთი პატარა მოგზაურობა ამ სივრცეში, ამ პატარა ახალ ამბებში, სადაც რაღაც ტიპის პორტრეტი იკვეთება - მე ამას ვუწოდებ ფსევდოეთნოგრაფიულ ამბავს. რაც შეეხება ფილმის სათაურს, კინოს ნახვის შემდეგ მაყურებელს თავად გაუჩნდება ასოციაციები. ეს არ არის პირდაპირი დასახელება, თუმცა ის შეიცავს დაისსაც და მიზიდულობასაც - რაღაცის დასასრულსაც და რაღაც ბრჭყვიალასაც, რაც გვიზიდავს; დადებითსაც და შედარებით ნეგატიურსაც. მე მგონია, რომ ლოკალური ამბები შეიძლება იყოს გამოძახილი საერთაშორისო ამბებისა. ეს ფილმიც ასეა: ჰყვება ძალიან ლოკალურ ამბავს, მაგრამ ეხმიანება გლობალურ მოვლენებს. ამ ფილმში თითქოს თანამედროვე სამყაროს გადატეხილი ანარეკლია ასახული.

რადიო თავისუფლება: თქვენი წინა ფილმები გამოირჩევა კრიტიკულობით, ეს ფილმი რამდენად გამოვიდა მათსავით გაბედული ან რით განსხვავდება წინა ფილმებისგან?

სალომე ჯაში: ეს ფილმი „ბახმაროსთან“ ყველაზე ახლოს დგას, უფრო ჰგავს რაღაცით. მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო გაბედული ფილმი გამოვიდა. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო სუბიექტური დაკვირვებაა - ვიღაცისთვის, შესაძლოა, კრიტიკული იყოს, ვიღაცისთვის - ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, რატომ მინდოდა ეს ფილმი უფრო ემპათიური ყოფილიყო, მაქვს პასუხი. გარდა რეჟისორობისა, მე სამოქალაქო აქტივიზმშიც ვარ ჩართული და ხანდახან ვხვდები, რომ კრიტიკას, მარგინალიზების გარდა, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ხანდახან ასეც არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ სხვა ადამიანების გაგებას, მათი პოზიციის გაგებას, მერე უფრო ადვილი იქნება შევძლოთ განვითარება.

რადიო თავისუფლება: გადაღების პროცესი სად და რამდენ ხანს, როგორ მიდიოდა? თავად ფილმის გმირებისთვის რამდენად ბუნებრივი ან უცხო იყო ეს პროცესი - მათ ცხოვრებაში გაჩენილი კინოკამერა?

სალომე ჯაში: ფილმის დიდი ნაწილი წალენჯიხის რაიონშია გადაღებული.ერთი წლის განმავლობაში ჩავდიოდით ხოლმე, ალბათ ოთხი თვე იქ ვცხოვრობდით. როდესაც ნიონის ფესტივალის შემდეგ ფილმის გერმანული პრემიერა შედგა, ფილმის მთავარი გმირებიც წავიყვანეთ. ძალიან ვღელავდი, როგორ მიიღებდნენ. თან მინდოდა ფილმი ენახათ არაქართულ კონტექსტში და ენახათ, როგორი რეაქცია ექნებოდა იმ მაყურებელს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს მათთან. და ძალიან კარგად ჩაიარა ამ ჩვენებამაც. გმირებიც კმაყოფილები იყვნენ და მიხვდნენ, რომ მარტო ლოკალური კონტექსტი არ არის მნიშვნელოვანი.

რადიო თავისუფლება: ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაზეც გკითხავთ - თქვენი აზრით, ის პროდუქცია, რაც დღეს საქართველოში იქმნება, რამდენად არის ხარისხიანი და საინტერესო? რა გამოარჩევს მას ან, პირიქით, რა აკლია?

სალომე ჯაში: ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინო ძალიან მაღალი დონისაა, ის გადის მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებზე, იღებს მნიშვნელოვან პრიზებს და, რაც მთავარია, ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთაშორისო ფესტივალებზე იცის ეს ფილმები და მოსწონს ისინი. მიხარია, რომ მეც ამ პროცესის ნაწილი ვარ და სულ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფოც მიხვდება, რომ რისი ექსპორტიც მას შეუძლია დღეს - ეს არის ხელოვნება. არა მხოლოდ კინო, სხვა დარგებიც. ბევრი ადამიანი მიდის საქართველოდან და სხვაგან ქმნის პროდუქციას. მინდა ვისურვო, რომ ამ სფეროს დაფინანსებაც გაიზარდოს, რადგან რა დაფინანსებაც დღეს საქართველოში აქვს მთლიანად დოკუმენტურ კინოს, ეს არის, დაახლოებით, ერთი ევროპული ფილმის ბიუჯეტის ნახევარი.

რადიო თავისუფლება: ბოლოს ისევ „დაისის მიზიდულობას“ დავუბრუნდები, საქართველოში ყველა ელის ამ ფილმს და გვაინტერესებს, როდის ექნება ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა.

სალომე ჯაში: ოქტომბერში თბილისში გაიმართება Cinedoc Tbilisi - თბილისის დოკუმენტური კინოს ფესტივალი - და იმედი მაქვს, მაყურებელს შეეძლება სწორედ იქ ნახოს „დაისის მიზიდულობა“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG