Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მიწის ორი ნაკვეთი გადასცა


პოლიცია საკრებულოს შენობასთან
პოლიცია საკრებულოს შენობასთან

თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში არსებული 40 საკითხიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა რიგით მეხუთე და მეექვსე - ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის 2 ნაკვეთის გადაცემის, ანუ მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების - საკითხები. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ ეს საკითხები დღის წესრიგიდან არ ამოიღო და, ზოგადი მღელვარების ფონზე, მიწის ნაკვეთების ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

საუბარია, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 433 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შპს „თაბორი რიზორთისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით 102 000 ლარად გადაცემასა და პუშკინის ქუჩაზე “პანორამა თბილისის” პროექტის ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1 900 კვადრატული მიწის ნაკვეთის შპს "თბილისი სითისთვის" სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემაზე, რაც, ოპოზიციის ერთსულოვანი პროტესტისა და დემარშის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაამტკიცა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ მალაღურაძემ სხდომაზე განაცხადა, ადამიანები, რომლებიც აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით პრივატიზებას ეწინააღმდეგებიან, სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებენ:

“მილიარდ ორასი ათასი ლარის ინვესტიციაა, ნიშნავს პირდაპირ ქალაქის ბიუჯეტში ქონების გადასახადს 12 მილიონს, ყოველწლიურად 12 მილიონს ქონების გადასახადს. საშემოსავლოზე და დამატებით ღირებულებაზე და მოგების გადასახადზე აღარ ვლაპარაკობ“.

არ უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე ადამიანმა რა და როგორ გადაწყვიტოს და ესე მისცეს თუ ისე მისცეს. მთელ მსოფლიოში ყველაზე ცივილიზებული და დემოკრატიული რამ ეს არის აუქციონის ჩატარება...
ზაზა ვეკუა

თუ საკრებულოს უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის ტერიტორიების გადაცემის მიზანშეწონილობის დამტკიცებას ძირითადად ქალაქის შემოსავლების გაზრდისა და ბიზნესმენის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების პირობით ხსნის, ოპოზიციისთვის მიუღებელია, ერთი მხრივ, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორიების თუნდაც საინვესტიციო მიზნებით ათვისება, მეორე მხრივ კი, ამ მიზნებისთვის ეგრეთ წოდებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სპეკულირება. კიდევ ერთი შეკითხვა კი, რომელიც საკრებულოს სხდომის დარბაზში ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ, დასვა, შეხებოდა იმას, თუ რატომ არ ჩაატარა ამ ტერიტორიის გასასხვისებლად აუქციონი თბილისის მერიამ:

“არ უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე ადამიანმა რა და როგორ გადაწყვიტოს და ესე მისცეს თუ ისე მისცეს. მთელ მსოფლიოში ყველაზე ცივილიზებული და დემოკრატიული რამ ეს არის აუქციონის ჩატარება. ამიტომ სხვაგანაც რომ იყოს, მოდი რაა, ნუღარ გადაწყვეტ შენ, ამას ლარად მივცე და იმას 50 თეთრად. არ არის თქვენი გადასაწყვეტი. არის იმ შემთხევევაში, როცა ხმა გაქვთ 26 პულტი, დააჭერთ ხელს და გადაწყვეტთ“.

10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთისა და თაბორის მთაზე არსებული ნაკვეთის ბიძინა ივანიშვლთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას რამდენიმე წუთი დაუთმო, ზოგადად კი, მღელვარება ამ საკითხებზე რამდენიმე თვეა გრძელდება. მათ შორის, განსაკუთრებით მწვავე იყო საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომა, რომელმაც აღნიშნული ტერიტორიების ზონალური ცვლილებების საკითხს დაუჭირა მხარი. არანაკლები ხმაურის ფონზე ჩაიარა 10 ოქტომბერს გამართულმა სხდომამ, რომლის დაწყებამდე ორი საათით ადრე საკრებულოს წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილის კომპანიებისთვის გადაცემა გააპროტესტეს.

პარალელურად გაიმართა „ევროპული საქართველოს“ აქციაც. სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციებმა პოლიციის უპრეცედენტო მობილიზების პირობებში ჩაიარა და 8 აქტივისტის დაკავებით დამთავრდა. შესაბამისი მობილიზება იყო შენობის შიგნითაც. თავად სხდომაზე კი მხოლოდ საკრებულოს წევრები და მედიის წარმომადგენლები დაუშვეს და დასწრების უფლება არ მისცეს დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„აქ პრაქტიკულად გვიწვევენ ეხლა ჩვენ საჭიდაოდ. პოლიტიკას კლავს, ანუ ამ ადამიანების, საკრებულოში ვინც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური აზროვნება, მათი ბუნება და ასე შემდეგ განისაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ. ეს ერთი ადამიანი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კანონის უხეშ დარღვევას აქვს აქ ეხლა ადგილი, როდესაც წარმომადგენლობით ორგანოში, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოში არ უშვებენ თბილისელთა იმ ნაწილს, რომელიც აქ არის მოსული. დაკეტეს საკრებულო, როგორც გასტრონომი“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელია
ნიკა მელია

საკრებულოს სხდომა კი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ერთდროულად დატოვეს და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. განცხადების თანახმად, საკრებულოში ბრძოლის ყველა სამართლებრივი გზა ამოწურულია და პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს. საკრებულოს წევრები იმედოვნებენ, რომ რადგან სხდომა დარღვევებით ჩატარდა, თაბორის მთასა და პუშკინის ქუჩაზე მონიშნული ნაკვეთების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება არალეგიტიმურად იქნება ცნობილი. სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებზე გასხვისებული ტერიტორიების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც აპირებს.

XS
SM
MD
LG