ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას, რომელიც 5 მაისიდან დაიწყო, შეფასებას აძლევენ. რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრები და განხილვის ფორმა დემოკრატიულია, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ცვლილებები ისე დამტკიცდება, როგორც ეს უკვე შემუშავებულია და საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ იქნება.
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 800 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში გაიმართა, სადაც მოქალაქეთა ნაწილს ფეხზე დგომაც მოუწია. დამსწრეთა შორის იყვნენ ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობას დაქვემდებარებული კომპანიების თანამშრომლები. შეხვედრისას საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ტერიტორიულ მოწყობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეხება და ამიტომ მიზანშეწონილია შეხევედრებზე საჯარო მოხელეების დასწრება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ქუთაისის თეატრში ესწრებოდნენ ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ქუთაისში გამართულ ხუთსაათიან განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. ქუთაისში იმყოფებოდნენ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ადამიანებიც.
რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტის განცხადებით, სამსახურიდან კოლეგებთან ერთად წავიდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო დარბაზში ვერ შევიდა.
იმის გამო, რომ დარბაზში ყველა მსურველის მოხვედრა შეუძლებელი იყო, მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც განხილვას ვერ დაესწრო, მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა საორგანიზაციო კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ტექსტი დაებეჭდა და გაევრცელებინა, შემდეგ კი მოქალაქეთა შენიშვნები მიეღო და შეძლებისდაგვარად გაეთვალისწინებინა.
სხვადასხვაგვარად ფიქრობენ მოქალაქეები ცვლილებების პროექტში საზოგადოების აზრის გათვალისწინების შესახებაც. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უკეთესობისკენ შეცვლის ქვეყნის მთავარ კანონს, რესპონდენტთა ნაწილი კი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ კომისია ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს და კონსტიტუციური კანონი ჩამოყალიბდება ისე, როგორც დაგეგმილია.