20 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების უმრავლესობამ, 14-მა მოსამართლემ, ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის პოსტზე თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურას, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წარადგინა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პლენუმის წევრებმა ტუღუშისგან „მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხი“. სხდომა მედიისათვის დახურული იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოთხი ვაკანტური ადგილიდან სამი შევსებულია: პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნული გიორგი კვერენჩხილაძისა და ირინე იმერლიშვილის შემდეგ, მოსამართლის სავარძელს თეიმურაზ ტუღუში დაიკავებს. 20 სექტემბერს მან განაცხადა, რომ იცის, როგორ უნდა იმუშაოს ამ სტრუქტურაში და ხედავს საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, კანდიდატი მზად არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა სხდომას დაესწროს, მათ შორის, სხდომებს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, თუმცა თავად საქმეების ასე დაყოფა ტუღუშს მართებულად არ მიაჩნია:
„როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ეჭვი, რომ მე ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია, საკონსტიტუციოს წევრი აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში ვარ ღრმად დარწმუნებული, მიმუშავია და ვიცი, რა უნდა გაკეთდეს მომავალში“.
თეიმურაზ ტუღუშის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე რომელიმე საქმის განხილვა შეფერხდა, ამ ფაქტს აუცილებლად ექნებოდა თავისი ობიექტური მიზეზები, - ასე გამოეხმაურა ის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობასთან დაკავშირებით.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის წარდგენას პლენუმისათვის წინ არაერთი კონსულტაცია უძღოდა, თუმცა მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტუღუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, კადრია. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოება:
„თეიმურაზ ტუღუში არის ერთ-ერთი ის სერიოზული კანდიდატურა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო. ის ჩემი კანდიდატურაა და, ბუნებრივია, მის შერჩევას წინ უძღოდა კონსულტაციები, რომლის დროსაც უამრავ ადამიანს მოვუსმინეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია კანონის სრული დაცვით და ამ პროცესში ინდივიდუალურად, გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, არავინ ჩარეულა“.
ლევან მურუსიძესთან კავშირს და ნაცნობობას საერთოდ უარყოფს თავად თეიმურაზ ტუღუში, რომელიც ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის აცხადებს, რომ არავის ინტერესებს - მათ შორის, არც ლევან მურუსიძის ინტერესებს - მისი გადაწყვეტილებები არ დაექვემდებარება:
„არავის ინტერესების გატარებას არ ვაპირებ ნამდვილად - არც ბატონი ლევანის და არც სხვისი. ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებები კი ყველას მიმართ შეიძლება გაისმას, რომ ვიღაცა ვიღაცის ინტერესებს გაატარებს“.
ლევან მურუსიძის და უზენაეს სასამართლოში მისი მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის ლობირების მიზეზებზე მედიასთან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ლევან ალაფიშვილი ლაპარაკობს:
„საბოლოო მიზანი ამ დაჯგუფებისა არის დღეს მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის (რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია უფლებამოსილების ვადა) გაპირველკაცება საკონსტიტუციო სასამართლოში“.
არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის აზრით კი, ამ პროცესში მეტი გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო. ასე ფიქრობს, მაგალითად, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი, ნინო ელბაქიძე:
„უკეთესი იქნებოდა, თუ სამოქალაქო სექტორს მოგვეცემოდა საშუალება მოგვესმინა დისკუსია კონკრეტულ კანდიდატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში“.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის, ეკატერინე მიშველაძის, განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასურველია პარლამენტის მიერ დასახელებული კანდიდატი ასევე სარგებლობდეს საზოგადოებაში მაღალი ნდობით, რაც სასამართლოს მიმართ ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
აქვე გავიხსენოთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება, კანონით დადგენილი წესით კი, ერთ მოსამართლეს საკანონმდებლო ორგანო ნიშნავს, ერთს - უზენაესი სასამართლო, ორს კი - პრეზიდენტი. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში რჩება ერთი მოსამართლის თავისუფალი ადგილი და ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტმა უნდა წარადგინოს.
თეიმურაზ ტუღუში ახალ პოსტზე ცვლის ოთარ სიჭინავას. ის, მისი კოლეგების მსგავსად, ამ პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს.