Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სარჩელი საარჩევნო კოდექსის წინააღმდეგ


იურისტთა ერთმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა არსებული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის ავტორის, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის, განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მმართველ გუნდს მოუწევს საარჩევნო სისტემა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეცვალოს და მაჟორიტარული მანდატები იმგვარი საარჩევნო სისტემით გაანაწილოს, რომლითაც მაქსიმალურად ნაკლები საარჩევნო ხმა დაიკარგება. პარალელურად პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად სამი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება.

ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების კონსტიტუციურობის საკითხს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ამომრჩევლის ხმა მანდატებში არ აისახება. ვახუშტი მენაბდის თქმით, „არჩევნები მარტო ურნაში ბიულეტენის ჩაგდება არ არის, ეს მიცემული ხმების მიღებულ მანდატებში პროპორციული ასახვაა“:

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, სადაც შემცირდება ჰაერში გასროლილი ხმების ეფექტი
ვახუშტი მენაბდე

„ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ხმების 49 %-ს ფლანგავს, ჰაერში გაისვრის და გამოდის, რომ 49 % წარმომადგენლობის გარეშე რჩება - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-მა პროცენტმა არ უნდა წაიღოს გამარჯვების 100 პროცენტი. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, სადაც შემცირდება ჰაერში გასროლილი ხმების ეფექტი“.

ვახუშტი მენაბდის თქმით, მეორე პრობლემა, რომელიც არსებულ საარჩევნო სისტემას აქვს, ეს არის მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით მოპოვებული მანდატების დაჯამება, რაც, საბოლოოდ, იძლევა იმას, რომ 50-პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ შეიძლება მოიპოვოს 80 ან მეტპროცენტიანი მხარდაჭერა, რაც ხმათა უსამართლო განაწილებას მოწმობს და აზარალებს მცირე პარტიებს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, ის ელოდებოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან მიმართებით, მაგრამ როცა გამოჩნდა, რომ 2016 წლის არჩევნებამდე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვება ვერ ხერხდებოდა და, შესაბამისად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ მოესწრებოდა ცვლილებები, მან გადაწყვიტა სასამართლოში სარჩელი შეეტანა. და თუ საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, ვახუშტი მენაბდის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნები სულ სხვა სისტემით უნდა ჩაატაროს ხელისუფლებამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებაში და ხელისუფლებაშიც არის სურვილი და მცდელობა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და მანდატები გაცილებით სამართლიანად გადანაწილდეს. ასეთ პირობებში თუ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდება, ხმების უფრო სამართლიანი გადანაწილების საშუალება შეიძლება იყოს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი:

„და არც ის იქნებოდა ცუდი გამოსავალი, რომ ამასობაში 2020 წლისთვის მხარი დავუჭიროთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და, შესაბამისად, 2016 წლისთვისაც გარკვეულწილად გაჯანსაღდებოდა სისტემა და 2020 წლისთვისაც გვექნებოდა წინასწარ გარანტირებული, რომ სისტემა ნამდვილად შეიცვლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ახალი მოწვევის პარლამენტში რა გადანაწილება იქნება, რა რეალობის წინაშე დავდგებით და უკვე ახალ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ თუ არა იმის მექანიზმი, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები გაიტანონ“.

ე. წ. გერმანული საარჩევნო მოდელი, რომლის პრიორიტეტულობაზეც მიხეილ ბენიძე საუბრობს, პარლამენტში ორი დღის წინ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით შევიდა. ფრაქციის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის თქმით, შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მიხედვით, იქნება როგორც პროპორციული საარჩევნო სია, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები, მაგრამ რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არ უნდა მოიგოს პარტიამ, ის არ გაზრდის იმ მანდატების რაოდენობას, რაც მას სიით ეკუთვნის:

თუ ჩვენ კანონით სხვა რამეს დავაწესებთ, ეს იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში
მანანა კობახიძე

„თუკი პარტია პარლამენტის 150 მანდატიდან 15 მანდატს მიიღებს, ის 15 მანდატს მიიღებს იმ შემთხვევაში, მისი სამი მაჟორიტარი მოიგებს, 10 მაჟორიტარი თუ ვერც ერთი. სამი მაჟორიტარული მანდატის მოგების შემთხვევაში 12 კაცი იქნება სიის პირველი 12 კანდიდატი და სამი იქნება მაჟორიტარი; ხუთი მაჟორიტარული მანდატის შემთხვევაში 10 იქნება სიით და ხუთი იქნება მაჟორიტარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ დადგენილი პროპორციულობა დაცული იქნება, ხოლო პარტიებში იქნება სია, რომელშიც ცვლილებებს თავად ამომრჩეველი შეიტანს. თუკი პარტიას ისეთი მაგარი კანდიდატი ჰყავს, რომლის კანდიდატი ამა თუ იმ ოლქს მოიგებს, რა თქმა უნდა, მას მანდატი გარანტირებული ექნება და სიიდან ის გამოაგდებს პარტიის მიერ რანჟირებულ ადამიანს, რომელიც სიაში მასზე წინ ეწერა. ეს ასეა გერმანიაში“.

შეთავაზებულ მოდელს საპარლამენტო უმრავლესობა არ ემხრობა. პარლამენტის ვიცე- სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, შეთავაზებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია:

„კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ მიჯნავს 77 მანდატს პროპორციული სისტემისთვის და 73 მანდატს მაჟორიტარული სისტემისთვის. თუ ჩვენ კანონით სხვა რამეს დავაწესებთ, ეს იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში“.

გერმანული მოდელი ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული საარჩევნო მოდელია, რომელშიც შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა მანდატები პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ნაწილდება. რაც მთავარია, ამ მოდელის მისაღებად პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ სჭირდება - საჭიროა ცვლილება მხოლოდ საარჩევნო კოდექსში.

ამასთან, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც მსჯელობს. განხილვის საგანია ორი კანონპროექტი, რომელთაგან ერთი, საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული, ცვლილებების ამოქმედებას 2020 წლის არჩევნებზე ითვალისწინებს, ხოლო მეორე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ შეგროვებული 200 000 ხელმოწერით ინიცირებული, 2016 წლის არჩევნებზეა გათვლილი და პარლამენტის დაკომპლექტებას ითვალისწინებს ერთიანი პროპორციული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებით. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან. ორივე კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს და დეპუტატთა 113 ხმას საჭიროებს. პირველი მოსმენით კანონპროექტები პარლამენტმა 28 აპრილს მოისმინა, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG