Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სახიფათო სანაპიროები და ნიშნულების აუცილებლობა იმერეთში


მდინარე რიონი
მდინარე რიონი

ზაფხულში, ტემპერატურის მატების პარალელურად, აქტუალურია ბანაობა მდინარეებსა და ტბებში და რაც მეტი ადამიანი მიმართავს გაგრილებისთვის ამ ხერხს, მით მეტია საფრთხე, რადგან საბანაო ადგილებს მსურველები სპონტანურად ირჩევენ და იქ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არაა დაცული. როგორც ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ს ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, ვიზიტორების სიმრავლისა და მათი მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, ქუთაისში, მის შემოგარენსა და იმერეთის მხარეში მდინარეებისა და ტბების სანაპიროების კეთილმოწყობა პრობლემად რჩება. ლაშა ბერეკაშვილისავე განცხადებით, რეგიონში, მდინარეებისა და ტბების სიმრავლის მიუხედავად, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ბანაობის მსურველებს სანაპიროებზე არც ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები ხვდებათ და არც ნებადამრთველი.

გადმოწერა

ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს გიდი ან ინსტრუქტორი აფრთხილებს, ზოგჯერ კი ხელშეკრულებასაც უფორმებს კომპანია მათივე უსაფრთხოებისთვის, ამბობს ტურისტული კომპანია „კოლხატურის“ ხელმძღვანელი არჩილ გეგენავა, რომლის ინფორმაციით, წლების წინ რამდენიმე ობიექტზე გაკეთდა შესაბამისი ნიშნულები, თუმცა მხარის ბუნებრივი რესურსების პირობებში ეს ძალიან მცირეა. არჩილ გეგენავას განცხადებით, ტურიზმის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტულად აქვს გამოცხადებული და აუცილებელია ფულადი რესურსის გამოძებნა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

გასულ წელს იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის მდინარის წყლის რესურსის გამოყენებით საცურაო და დასასვენებელი კომპლექსი გააშენა ანდრია ქარციძემ, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ აუზში წყალი სტაბილურად ერთ დონეზეა და საფრთხე მინიმალურია, ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის, დამატებით, მაშველები დაიქირავა. ანდრია ქარციძის აზრით, იმ ადგილებში, სადაც მდინარეები წყალუხვია და ზაფხულში ხშირად ბანაობენ, აუცილებელია გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმა. ამავე დროს, მას შეუძლებლად მიაჩნია საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბანაობის აკრძალვა ან ადამიანების უსაფრთხოებისთვის სანაპიროების კონტროლი.

იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, მხარის ტერიტორიაზე არის ერთი სახელმწიფო ნაკრძალი, ერთი აღკვეთილი და 18 მღვიმის ბუნებრივი ძეგლი და დაცული ტერიტორიების დიდ ნაწილზე ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნიშნულებია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ობიექტების დიდ ნაწილს ბოლო წლების განმავლობაში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ზოგიერთ მათგანზე ნიშნულებიც გაკეთდა, ქუთაისის ცენტრში არის ადგილი, რომელიც ადამიანებისთვის დღემდე სახიფათოა: ქალაქის ისტორიულ უბანში, „რუსთაველისა“ და „თეთრ“ ხიდებს შორის მდინარე რიონის კალაპოტში მოქცეულ დიდი ზომის „თეთრი ქვებზე“ წყლის მკვეთრი კლებისას ახალგაზრდები ხშირად გადადიან სურათის გადასაღებად, წყლის უეცარი მოვარდნისას კი მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და ნაპირზე მაშველების დახმარებით გამოდიან.

XS
SM
MD
LG