Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ


თბილისი
თბილისი

ავტორი: ირინა გურული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესი, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას.

2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. მას შემდეგ სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 319-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 171 საწარმოა. როგორც გამოცემა „ფორბსი“ იუწყებოდა, ეს ჩამონათვალი არ ითვალისწინებს არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, 111 საწარმოს ფლობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები, ხოლო 63 საწარმოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სახელმწიფო ასევე ფლობს წილებს სს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით. 2014 წლის მდგომარეობით, ფონდი ფლობდა 100-პროცენტიან წილს 19 საწარმოში, ხოლო 50 პროცენტს ან უფრო ნაკლებს – სამ კომპანიაში.

სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიანობაზე წარმოდგენას 2013 წლის სტატისტიკაც ქმნის, რომლის თანახმადაც, 2013 წელს სახელმწიფოს მართვაში არსებული 373 საწარმოდან მხოლოდ 13 % იყო მომგებიანი. ეს ნიშნავს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად სახელმწიფომ ჯერჯერობით არამომგებიანი საწარმოებიც დაიტოვა საკუთრებაში.

სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს გამოაქვეყნა, წერია, რომ სახელმწიფოს მიერ საწარმოების ფლობისა და მართვის მთავარი მიზანი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება და/ან აღნიშნული საწარმოების საქმიანობიდან შემოსავლის მიღებაა. იმავე ანგარიშში, ფინანსური ანალიზის საფუძველზე, 310 სახელმწიფო საწარმო (2014 წლის მდგომარეობით) დაყოფილია ხუთ კატეგორიად, რომელთაგან მხოლოდ ორი განისაზღვრა როგორც კარგ მდგომარეობაში მყოფი, ხოლო 231 მძიმე ფინანსურ მდგომარებაში იმყოფება.

ტრადიციულად, სახელმწიფო საწარმოების მოგება არ არის შთამბეჭდავი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს 51 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 70 საწარმოს მოგება 2011 წელს 152,8 მლნ. ლარს შეადგენდა, 2012 წელს - 12,6 მლნ. ლარს, ხოლო 2013 წელს - 30,9 მლნ. ლარს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის მოგებაში უდიდესი წილი, კერძოდ, 146,7 მილიონი ლარი, ერთ საწარმოზე, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროზე, მოდის, რომელმაც აღნიშნული მოგება ქონების გაყიდვიდან მიიღო. მომდევნო წლებში მას ასეთი პრივატიზება არ განუხორციელებია, ხოლო 2013 წელი 12 მილიონ ლარზე მეტი ზარალით დაასრულა.

გარდა ცუდი ფინანსური მაჩვენებლებისა, სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით იკვეთება მთელი რიგი სხვა პრობლემებისა. ისინი ხშირად კონკურენციას უწევენ კერძო სექტორს და სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობენ. კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობაში არსებული გამჭვირვალობის ხარისხი, რასაც ხელს უწყობს დღევანდელი კანონმდებლობა. საწარმოთა მენეჯმენტი არ ინიშნება კონკურსის წესით და ა.შ. ყველაფერი ეს კარგი საფუძველია იმისათვის, რომ სახელმწიფომ იფიქროს საწარმოების პრივატიზებაზე და არა - პირიქით.

XS
SM
MD
LG