Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა


2015 წელს მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო აღსავსე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრება: ქვეყანამ მიაღწია მიზანს და უკვე მიიღო თეორიული ნებართვა ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნატოსთან მიმართებითაც, თუმცა ალიანსმა წელს კიდევ ერთხელ შეგვახსენა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების აუცილებლობა. 2015 წელს რუსეთი კვლავაც განაგრძობდა, ერთი მხრივ, დესტრუქციულ და აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით და, მეორე მხრივ, ზეგავლენის მოპოვებას რბილი ძალის გამოყენებითაც ცდილობდა. საქართველო კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება. შეგახსენებთ 2015 წლის უმთავრეს მოვლენებს.

2015 წლის უმთავრესი მოვლენა ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში უნდა განვიხილოთ. წლის ბოლოს, კერძოდ კი, 18 დეკემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის დადებითი დასკვნითი ანგარიში, რომელმაც გვაუწყა, რომ „საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა“ და ე. ი. ტექნიკურად შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში. სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საფუძველზე გატარდა მთელი რიგი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციონალური რეფორმები, საუბარია, მაგალითად: მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღებასა და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაზე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებასა და განხოციელებაზე, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება-განხორციელებაზე, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღებაზე და სხვა.

ვიდრე უკრაინასთან, კოსოვოსა და საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშები გამოქვეყნდებოდა, იყო ტექნიკური შეფერხებები და დოკუმენტები, 15 დეკემბრის ნაცვლად, საბოლოოდ, 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ამას დიდად არავინ დაუფრთხია, რადგანაც ფრიად იმედისმომცემი იყო ევროკავშირის მაღალი რანგის ხელმძღვანელთა შეფასებები. მაგალითად, აშკარად ოპტიმისტურად განგვაწყო ევროკომისრის ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანის მიერ 14 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში, გაკეთებულმა კომენტარმა:

„ხვალ ჩვენ გვექნება პოზიტიური ანგარიში – რეკომენდაციები საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით... მოგვიანებით ამასვე მოველი კოსოვოსთან დაკავშირებით. საუბარია (ევროკომისიის) ანგარიშზე, რომელიც, იმედია, საბოლოო იქნება. ვაპირებთ, რომ ეს ანგარიში, რეკომენდაციებთან ერთად, წარვუდგინოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლის დასაწესებლად. ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია...
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვიდრე საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ შევა შენგენის ზონის ქვეყნებში, ევროკავშირის წიაღში კიდევ არაერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კერძოდ, ცვლილება უნდა შევიდეს შესაბამის (539/2001) რეგულაციაში, რაც უნდა დაამტკიცოს ევროპარლამენტმა და ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. ზუსტი ვადები არ არის დადგენილი, მაგრამ თუკი მოლდავეთის მაგალითით ვიმსჯელებთ, რომელმაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებიდან პირველმა მიიღო უვიზო მიმოსვლის ნებართვა, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ მოგზაურობა უკვე ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა შეძლონ. როდესაც პროცესი ბოლომდე მივა, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა, და ასევე ევროკავშირის არაწევრ იმ სახელმწიფოებშიც, რომლებიც შედიან შენგენის ზონაში, ესენია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობები დაწვრილებით არის აღწერილი ვიდეორგოლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე გაავრცელა:

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

„უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი“.

მიმდინარე წლის მიწურულს დასრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს უკავშირდებოდა. კერძოდ, 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა ევროკავშირის ერთადერთი დარჩენილი წევრი ქვეყნის - ბელგიის - პარლამენტმაც. რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების კვალდაკვალ სრულად ამოქმედდება შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. როგორც ცნობილია, 2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებით რეჟიმში ამოქმედდა დოკუმენტის ნაწილი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სეგმენტი.

ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს გააგრძელოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და გაძლიერება, რათა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მაგრამ ეს ცენტრი მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მოემსახურება...
იენს სტოლტენბერგი

თუმცა ეს სასიხარულო განცდა გამოწვევებთან არის თანაზიარი და ამას ადასტურებს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის ანგარიში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა და წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, მაგალითად, ხელშესახები პროგრესი გამოიკვეთა კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სამსახურის რეფორმირებისა თუ საპატიმროებში წამების და არასათანადო მოპყრობის აღკვეთის კუთხით, თუმცა რეალური წინსვლა არ შეინიშნება, მაგალითად, ბავშვთა უფლებების დაცვისა თუ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო არაერთხელ დასახელდა ყველაზე მოწინავედ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთხელ გაისმა მითითებები მეტი ძალისხმევის აუცილებლობაზე კანონის უზენაესობისა თუ დამოუკიდებელი სასამართლოს დამკვიდრებასთან მიმართებით. მითითებებმა საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტული დოკუმენტის სახე მიიღო, მაგალითად, 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე. საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში“, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიში დაედო საფუძვლად. დოკუმენტი საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შედეგად მომზადდა. საქართველოს შემთხვევაში დაგმობილია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

2015 წელს მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნებოდა ნატოსთან დაახლოების გზაზე და, კერძოდ, უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ მოთხოვნათა შესრულების თვალსაზრისით. 27 აგვისტოს ეროვნული სასწავლო ცენტრის, „კრწანისის“, ტერიტორიაზე ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა და ამ ისტორიულ ღონისძიებაში თავად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობდა. მას მანამდეც არაერთხელ უთქვამს და 27 აგვისტოს საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისასაც აღნიშნა, რომ ერთობლივ ცენტრს მხოლოდ საქართველოს ინტერესები არ უკავშირდება:

„ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს გააგრძელოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და გაძლიერება, რათა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მაგრამ ეს ცენტრი მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მოემსახურება – ის ზუსტად ასევე მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვისაც. და ის განავითარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედებას“.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ეს ცენტრი, შენობისა და ოფისების გარდა, „მოიცავს საწვრთნელ ტერიტორიებს და სასროლეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით“. ამასთან, ითქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ უფრო მეტად იქნება „წარმოდგენილი“და „ხილული“ საქართველოში და საქართველოც კიდევ უფრო მეტად იქნება ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში.

ნატოს ცენტრი საქართველოში
ნატოს ცენტრი საქართველოში

„არსებითი პაკეტის“ მნიშვნელობაზე საფუძვლიანად იმსჯელეს დეკემბრის დასაწყისში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე ბრიუსელში და მრავალი მადლობა გადაუხადეს საქართველოს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბრის მინისტერიალზე კვლავაც უპასუხოდ დარჩა შეკითხვა – როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. თუმცა დასკვნით დეკლარაციაში მინისტრებმა წერტილი დაუსვეს საქართველოში არსებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ კონტექსტში ანალიტიკოსების ნაწილი იხსენებდა, მაგალითად, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ცალკეულ კომენტარებს, რომლებშიც დაშვებული იყო MAP–ისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.

მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ ერთობლივ დეკლარაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ნახსენებია როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ანუ ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაპირების, აღსასრულებლად. ამასთან, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების თვალთახედვით, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად და ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს სრულად გამოიყენოს ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობები. დეკლარაციაში ასახული ეს აქცენტები თავისებურად ოპტიმისტურად აღიქვეს თბილისში. მაგალითად, როგორც ცალკეულმა თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც არის აღნიშნული, MAP–ი „ფაქტობრივად, ხდება საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ ე. წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს ე. წ. ხელშეკრულებები უკანონოა...
დონალდ ტუსკი

ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესს შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსეთი, რომელმაც, მაგალითად, ალიანსისა და საქართველოსერთობლივი ცენტრის გახსნა მოიხსენია ნატოს“ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად, რაც გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 27 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის სახელით გააფრთხილა საქართველო, რომ ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნა გახდება „სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“. ზახაროვას თქმით, სათვალავში იქნება მიღებული ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ნებისმიერი ახალი მომენტი.

იმის გარდა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიების ხელყოფასა და საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევას, 2015 წელს რუსეთმა განაგრძო პროცესი, რომელსაც თბილისმა „ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. 19 ივნისს რუსეთის დუმამ რატიფიცირება გაუკეთა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ". მსგავსი პროცესი რუსეთმა უფრო ადრე მოამთავრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან მიმართებით და ე. წ. ხელშეკრულების („მოკავშირეობისა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) რატიფიცირება დუმამ 2015 წლის 23 იანვარს მოახდინა.

თბილისი მუდმივად მოუწოდებდა დახმარებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც, ლიდერების, ორგანიზაციებისა თუ ცალკეული სტრუქტურების დონეზე, 2015 წლის განმავლობაში მრავალჯერ დაგმო რუსეთის მიერ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯები და მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებებიც შეახსენა. ასე მაგალითად, ამ პრობლემასთან დაკავშირებით 20 ივლისს თბილისში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა:

გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი
გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ ე. წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს ე. წ. ხელშეკრულებები უკანონოა. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ყველა ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და 2008 წლის სექტემბრის შეთანხმებით. ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებს იმსჯელონ მოვლენათა განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

რუსეთის დესტრუქციულ და აგრესიული ფონზე საქართველოს მხარე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში, 2015 წელსაც მოითხოვდა რუსეთისგანძალის არგამოყენების პირობის დადებას, ისევე როგორც ეს მანამდე არაერთხელ გააკეთა საქართველომ. თუმცა ჟენევის პროცესი ამ მხრივ ვერც 2015 წელს გამოვიდა ჩიხიდან. მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის დესტრუქციული პოზიციის გამო, საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში ასევე ჩიხშია მოქცეული დევნილთა საკითხის განხილვა. თუმცა, როგორც წინა წლებში, 2015 წელსაც მეტი მხარდამჭერი შემოიკრიბა გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ინიცირებულმა რეზოლუციამ, რომელიც აღიარებს დევნილთა და ლტოლვილთა უფლებებს დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს საქართველოს რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 2015 წელს კიდევ ექვსით გაიზარდა და 75 შეადგინა. სასიამოვნო სიურპრიზად მიიჩნევა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ამ რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი თურქეთმა, რომელიც მანამდე თავშეკავებულთა რიგებში გვხვდებოდა.

აგრესიის დემონსტრირების პარალელურად, მოსკოვი განაგრძობდა რბილი ძალის გამოყენებას, საქართველოზე მეტი ზეგავლენის მოპოვების მიზნით. მაგალითად, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისიც კი თქვა, რომ რუსეთი მზად არის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საქართველოსთან. თუმცა 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთმა მხოლოდ გარკვეულწილად გამარტივებული სავიზო რეჟიმი შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს და იქვე არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ პროცესი შესაძლოა ვიზების გაუქმებამდეც მივიდეს.

ანალიტიკოსების ნაწილისთვის ნათელია, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა კონკურენციის გაწევა სცადა ევროკავშირთან, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან. ანალიტიკოსების ეს ნაწილი თვლის, რომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსკოვს აშინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოსალოდნელობა და, კერძოდ, ის, რომ შესაძლოა იქ მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხიბლითა და პრაგმატული მოსაზრებებით, უარი აღარ თქვას ნეიტრალური პასპორტების აღებაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG