Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავრობა - უფრო მეტი, ვიდრე მთავრობა


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიზანი, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებაა, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცვლილებით უფლებამოსილება გაეზრდება პრემიერ-მინისტრს, ხოლო მთავრობის საპარლამენტო კონტროლი შესუსტდება. რას ცვლის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა?

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 4 ივლისს, მეორე და მესამე მოსმენით კი 5 ივლისს განიხილა. 5 ივლისსვე გაიმართა კენჭისყრაც.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კანონში შეტანილი ცვლილების კომენტირებისას განაცხადა, რომ შედეგად არსებითად არაფერი იცვლება მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობაში:

„ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ მთავრობას ჰქონდეს იმის დისკრეცია თვითონ განსაზღვროს როგორ და რა წესით იმუშაოს. ამ მუშაობის შედეგზე მთავრობა პასუხს აგებს პარლამენტთან. აი, ეს არის ზედამხედველობა და ეს არის მთავარი პარლამენტსა და მთავრობას შორის დამოკიდებულებაში. პასუხს აგებენ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას დღის რომელ საათზე გააფორმებენ და რამდენი მინისტრი შეიკრიბება, ეს მათი გადასაწყვეტია.“
შემოთავაზებული კანონპროექტით, აღნიშნულს კანონი აღარ დაარეგულირებს. ამას გააკეთებს მთავრობის რეგლამენტი, რომელიც არ არის საკანონმდებლო აქტი ...
ნინა ღვინიანიძე

დავით ბაქრაძემ ეს განმარტება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად გააკეთა. კრიტიკოსთა შორის არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის წარმომადგენელი ნინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ცვლილების შედეგად, ფაქტობრივად, გაუქმდა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მთავრობა უფლებამოსილი იყო ემსჯელა განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრებოდა მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამასთან, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებდა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით:

„შემოთავაზებული კანონპროექტით, აღნიშნულს კანონი აღარ დაარეგულირებს. ამას გააკეთებს მთავრობის რეგლამენტი, რომელიც არ არის საკანონმდებლო აქტი და, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიღების წესი გადის მთლიანად პარლამენტის რეგულირების სფეროდან. იმ შემთხვევაში, თუ მას კანონი აღარ გაითვალისწინებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობას თავად შეუძლია განისაზღვროს წესი და პარლამენტის როლი და მისი ჩართულობა ამ პროცესში არის მინიმალური.“

ნინა ღვინიანიძის თქმით, ცვლილების შედეგად, პარლამენტმა დაკარგა თავისი ერთ-ერთი ფუნქციის - აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის - მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მთავრობის შეზღუდვას პროცედურული გარანტიებით. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტებს შენიშვნები ჰქონდათ მთავრობის მუშაობის ახალი რეგულაციის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებითაც. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ახალი რეგულაცია, ერთი მხრივ, სავალდებულოდ ხდის მთავრობის სხდომის ჩატარებას, სულ ცოტა, თვეში ერთხელ, მეორე მხრივ კი, მთავრობის წევრთა დასწრება სხდომაზე სავალდებულო არ არის:

მთავრობის ახალი შემადგენლობა
მთავრობის ახალი შემადგენლობა
„აქამდე იყო ასე: პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯდებოდა, მინისტრებს შემოიკრებდა გარშემო, დააყენებდა კამერებს და ლაპარაკობდა მარტო. ახლა ეს ადამიანი (ვანო მერაბიშვილი) დაჯდება, ამ მინისტრებსაც აღარ დაისვამს და იტყვის, რომ ეს არის მთავრობის სხდომა! ასე იქნება? გაუგებარია, რას ნიშნავს: სხდომა ტარდება, სულ ცოტა, თვეში ერთხელ და ამ სხდომას კი მინისტრები არ ესწრებიან.“

ლევან ვეფხვაძის გამოსვლის ადრესატი მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ, ქმედობაუნარიაონობის ამაღლების მიზნით, კანონი ითვალისწინებს მთავრობის სხდომების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას:

„აუცილებელი არ იქნება ერთკვირიანი შუალედი მთავრობის სხდომიდან მთავრობის სხდომამდე. თუ იქნება კონკრეტული პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, ამისათვის მთავრობის ერთ სივრცეში შეკრება აუცილებელი არ იქნება. საჭირო დოკუმენტები დატრიალდება უწყებებს შორის ელექტრონული ფორმით, მივიღებთ დარგობრივ დასკვნებს ... ასე რომ, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ერთი დღე, ნაცვლად ერთი კვირისა.“

პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ მთავრობის კანცელარიის შიგნით სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელოს ...
გია ხუროშვილი

გარდა ამისა, გია ხუროშვილის თქმით, ეფექტური კოორდინირებისათვის გაუქმდა შუალედური რგოლი, კანცელარიის უფროსის თანამდებობის სახით, რაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ლოგიკურად მიაჩნია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ხათუნა გოგორიშვილს:

„პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ მთავრობის კანცელარიის შიგნით სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელოს. კანონით ამის შესაძლებლობა აქამდე არ იყო. ის, რომ პრემიერ-მინისტრი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის კანცელარიის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ, ლოგიკურად მიმაჩნია!“

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება რეალურად მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG