Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირთა საერთაშორისო დღე და საქართველო


შშმ პირთა საერთაშორისო დღე საქართველოში
შშმ პირთა საერთაშორისო დღე საქართველოში

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე აღინიშნება საქართველოშიც, თუმცა სახელმწიფოს მიერ მისი აღნიშვნის ფორმა უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. შშმ პირთა უფლებადამცველების თქმით, 3 დეკემბერი არ არის საზეიმო, შშმ პირებისათვის მთავრობისა თუ ბიზნესკომპანიების მიერ კანფეტების დარიგების დღე. ამ დღის იდეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე ლაპარაკი და, რაც მთავარია, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაა.

ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს, ბოლნისისაკენ გასწიეს. ამ გასვლის მიზანი საქართველოში მცხოვრებ შშმ პირთა პრობლემებზე ლაპარაკი და ადგილობრივი მთავრობისათვის იმ საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო, რაც შშმ პირთა მიმართ ბოლო დროს ქვეყნის კანონმდებლობაში განხორციელდა.

ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ, მიუხედავად 2012-2013 წლების შშმ პირთა წლებად გამოცხადებისა, საქართველოში ამ ადამიანთა ინტერესების დასაცავად ხელისუფლება მინიმალურ ნაბიჯებს დგამს, შედეგად კი იმ ადამიანებს, ვინც წლის ბოლოს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის, ხელში რეალურად არაფერი უჭირავს. ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად შარშან, დეკემბერში, გაეროს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირება შეიძლება დავასახელოთ, თუმცა, როგორც გია გვეუბნება, კონვენციის იმპლემენტაციისათვის საკმარისი ნაბიჯები გადადგმული არ არის:

გია ჯვარშეიშვილი
გია ჯვარშეიშვილი

„ვერ ვხედავთ ამ რეალურ ნაბიჯებს. ახალი, 2014-2016 წლების, სამოქმედო გეგმიდანაც ძალიან ცოტა რამ არის შესრულებული. ეს კი არანაირ გავლენას არ მოახდენს ცალკე აღებულ ერთ შშმ ადამიანზე“.

გია ჯვარშეიშვილის მთავარი პრეტენზია ამ სფეროში სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირდება:

„ჩვენ არ ვარიდებთ თვალს იმას, რაც კეთდება, მაგრამ, ამავე დროს, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს პროცესი არის ძალიან ნელი და არათანმიმდევრული. მაგალითად, დღეს საქართველოში ისევ არ არსებობს უსინათლოთა სარეაბილიტაციო ცენტრი, როგორც არ არსებობდა წლების წინ. და ასეთი გადაუჭრელი არაერთი პრობლემა არსებობს. ცუდი კი ის არის, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკა უფრო მეტ დანახარჯს იწვევს. ეს ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს მთავრობას“.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა აბაშიძეც მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გათვლისწინებით, საქმე საზეიმოდ არ არის. ეს დღე უფრო იმ გამოწვევებზე დაფიქრების დღეა, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები შშმ პირები დგანან. გამოწვევები დღესაც იგივე რჩება:

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

„ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ისევ რჩება, არის ამ ადამიანების განათლება, დასაქმება და ჩართულობა ყველა იმ პროგრამაში, რომელიც კი ქვეყანაში არსებობს. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციასთან, რადგან იმ პროგრამებში, რომლებიც დღეს მოქმედებს, შშმ პირები თანაბრად არ არიან ჩართული. კარგია, რომ კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით მზაობაა რაღაცის დასაწყებად. მას მერე ერთი წელი გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ“.

თუმცა, ამ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ანა აბაშიძე არც ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე გადაწყვეტილებას ივიწყებს, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს. მათ შორისაა ქვეყანაში ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მარეგულირებელი სავალდებულო წესების შემოღება, რამაც, ანას თქმით, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ანა აბაშიძე გამოყოფს ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ რამდენიმე ძალიან საჭირო საკანონმდებლო რეგულაციას. ამ გამონაკლისი ნაბიჯების მიღმა, ამბობს ანა აბაშიძე, რჩება ისეთი გამოწვევები, როგორც არის შშმ პირთათვის კარის შედუღების ფაქტები - მათი პირდაპირი დისკრიმინაცია საჯარო სივრცეში, რომლის საფუძველი საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებაა.

სამიდან თვრამეტ წლამდე ბავშვები, ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა მომსახურებას - სარეაბილიტაციო სერვისებს ვგულისხმობ - უკვე მთლიანად უფასოდ იღებენ...
მაია ბუჩუკური

განათლება, დასაქმება, რეაბილიტაცია - ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია პრობლემებისა. ანა აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში შშმ პირთა დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს რეაბილიტაციას, ვერ იღებს სათანადო განათლებას და, შედეგად, ვერ პოულობს სამსახურს. ამ კომპლექსურ პრობლემას მხოლოდ ქაღალდზე დაწერილმა სტრატეგიებმა ვერ უშველა.

როგორია სახელმწიფო პოლიტიკა შშმ პირთა მიმართ დღეს, რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი და რას უნდა ველოდოთ მომავალში? ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი მაია ბუჩუკური რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შშმ პირები საქართველოში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური ყველა პროგრამით სარგებლობენ, თუმცა მათთვის მოქმედებს ასევე სახელმწიფო პროგრამა, სახელწოდებით „ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა“:

„სამიდან თვრამეტ წლამდე ბავშვები, ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა მომსახურებას - სარეაბილიტაციო სერვისებს ვგულისხმობ - უკვე მთლიანად უფასოდ იღებენ“.

მაია ბუჩუკურის განცხადებით, შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მთავრობა შეუდგა სამოქმედო გეგმით გაწერილი მუხლების შესრულებასაც. მისი თქმით, ეს პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, ხოლო მის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს.

სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება...
ამონარიდი პრემიერის განცხადებიდან

3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გაავრცელა.

„განვითარებულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიასთან შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო შეიქმნა, რომელსაც რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. მერიაში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება: შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, სოციალურად დაუცველ 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა და სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებობების მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა. მათი ბიუჯეტი კი, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, 2 მილიონი ლარი იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG