2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხის მოსახლეობამ, შესაძლოა, მერი აღარ აირჩიოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ მუნიციპალიტეტს გაუუქმდება, მათ შორის - ქალაქ ახალციხესაც. ეს საკითხი პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა მედიასთან დაადასტურა.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საზღვრების დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება ხელახლა მოხდება. იდეის თაობაზე კითხვები აქვთ ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს. ოპოზიციონერი ზურაბ სადათიერაშვილი გადაწყვეტილების მიღმა სხვა ინტერესებს ხედავს.
"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახალციხემ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ უნდა დაკარგოს. გელა დემეტრაძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მხარის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებასთან დაკავშირებით მეტ არგუმენტს ითხოვს. გია ანდღულაძე ამბობს, რომ სიახლე ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ის დეცენტრალიზებას ხელს შეუშლის.
ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ, 1 თვეში წარადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.