Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინფორმაციო კამპანია უვიზო რეჟიმის შესახებ


ქვემო ქართლის ქალაქებში უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია ტარდება. საუბრის თემაა რისკები როგორც სავიზო წესების დარღვევასა, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. პირველი ასეთი შეხვედრა რუსთავის მერიის შენობაში ჩატარდა.

გადმოწერა

თავშესაფრის მთხოვნელთა მზარდი რაოდენობა

  • ვიზების ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში 240 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა.
  • ათმა პროცენტმა სავიზო რეჟიმი დაარღვია.
  • მზარდია თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა.
  • არ კმაყოფილდება თავშესაფრის მთხოვნელთა 97 პროცენტი.
  • ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ შეხვედრის მონაწილეებს საგანგაშო სტატისტიკა გააცნო. აღმოჩნდა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, არასრულ ერთ წელიწადში, ევროკავშირის ქვეყნებში 240 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, მათგან ათმა პროცენტმა სავიზო რეჟიმი დაარღვია და ეს ტენდენცია მზარდია. განსაკუთრებით მზარდია თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა:

„ამჟამად თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა განსაკუთრებულად არის მომატებული, განსაკუთრებულად არის მომატებული ტრადიციულ ქვეყნებში, სადაც ქართველები აქტიურობენ ხოლმე, წასვლის თვალსაზრისით. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, საბერძნეთი. შვედეთიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, თუმცა მთხოვნელთა 97 პროცენტი არ კმაყოფილდება“.

ბოლქვაძის განმარტებით, თავშესაფარს ითხოვენ რელიგიური ან სექსუალური შევიწროების მოტივით, ასევე ავადმყოფობის გამო:

„ის სამი პროცენტი, რომელიც კმაყოფილდება, არის ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებული, როცა ადამიანს, მართლა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, თუმცა ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთი ექიმის ცნობა არ კმაყოფილდება და როცა ასეთი ადამიანი ჩადის, იქ უტარდება გამოკვლევები და იქაც უნდა დადასტურდეს და ასეთ შემთხვევაში, თუ მისი მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში, თავშესაფარს ეძიებს სხვა ქვეყანაში“.

ბოლქვაძემ აქვე განმარტა, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ. ამდენად, თავშესაფრის თხოვნა ფუჭი მცდელობაა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები

შეხვედრის მონაწილეთაგან რამდენიმემ სოციალურ ქსელებში ე.წ. ფეიკ-ნიუსების პრობლემა წამოჭრა, როცა, მათივე სიტყვებით, ბევრი თაღლითი ვიზების ლიბერალიზაციით სარგებლობს და გულუბრყვილო მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებას ჰპირდება.

ამას დაეთანხმა ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც ასევე უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მონაწილეა:

„არ იფიქროთ, რომ ამას, რასაც ხალხი ნახულობს ფეისბუკში, რასაც ისმენენ და რა ჭორებსაც ეუბნებიან, ადამიანები არ იჯერებენ. იმდენად იჯერებენ, რომ მზად არიან გადაიხადონ 1000 ევრო, 3 500 დოლარი. მაგალითად, ჩემი ბავშვის ნათლიამ გადაიხადა, ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა და ...მამაკაცმა უთხრა, მე აუცილებლად გადაგიყვანო, მე მაქვს ისეთი პასპორტი, აუცილებლად გადაგიყვანო და შენ ჩემთან ერთად წამოხვალო. ის კაცი კი გადავიდა, მაგრამ ეს ქალი დატოვეს“.

„სამუშაო პირობებიც რომ იყოს, ის სამი თვეა თუ რაღაც, უკეთესია. ახლა არალეგალურად მუშაობენ, ხომ ასეა? ისე რომ იყოს, როგორც ლატვიაა. აქ [საქართველოდან] 98 პროცენტი სამუშაოდ მიდის. თუ გაამარტივებენ პირობებს, უკეთესი იქნება...
ზურაბ ყიფიანი

ნოდარ ტანგიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროცედურა, რომელსაც მთავრობა გვარების შეცვლასთან დაკავშირებით გეგმავს, შეამცირებს სავიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობას. მაგრამ მერიის ზოგიერთ თანამშრომელს არ დაუმალავს, რომ მიგრაცია არ შემცირდება, სანამ საქართველო ეკონომიკურად არ გაჯანსაღდება, არ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ასე ფიქრობს, მაგალითად, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, რომელსაც რადიო თავისუფლება შეხვედრის შემდეგ გაესაუბრა:

„რუსთავს ყველაზე მეტად უჭირს. ბოსტანი ჩვენ არ გვაქვს და მიწა. დავრჩით ასფალტზე. ამდენი ხალხი მუშაობდა ქარხნებში და დარჩნენ უმუშევრად. ყველაზე რთული ფონი დასაქმების მხრივ ჩვენ გვაქვს“.

რას ფიქრობენ თავად რუსთაველები სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე და იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება მის შეჩერებას მოჰყვეს?
აი, რას ამბობს, მაგალითად, ლანა ქალდანი, რომელიც სამი წელი შვედეთში ცხოვრობდა:

„კონტრაქტზე ვადა გამივიდა და დავბრუნდი საქართველოში, რომ არ დამერღვია [სავიზო რეჟიმი] და მაგიტომ. კვლავ ვგეგმავ ევროპაში წასვლას, კონტრაქტით თუ არა, დასასვენებლად მაინც“.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები

სავიზო რეჟიმის დარღვევა მიუღებელია ზურაბ ყიფიანისთვისაც. ის ორიათასიან წლებში შვედეთში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის მთავრობისგან თავშესაფარს სამი წლის განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. ზურაბ ყიფიანი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ვიზის ვადა გახანგრძლივდება და საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში დროებით მუშაობის უფლება ექნება:

„სამუშაო პირობებიც რომ იყოს, ის სამი თვეა თუ რაღაც, უკეთესია. ახლა არალეგალურად მუშაობენ, ხომ ასეა? ისე რომ იყოს, როგორც ლატვიაა. აქ [საქართველოდან] 98 პროცენტი სამუშაოდ მიდის. თუ გაამარტივებენ პირობებს, უკეთესი იქნება“.

თუმცა ზურაბ ყიფიანი უკეთეს პირობებშიც კი აღარ აპირებს საქართველოს დატოვებას - შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახი შექმნა და ახლა სამი შვილი ჰყავს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG