Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა


2014 წელს წარმატებით დაგვირგვინდა საქართველოს საგარეო პოლიტური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისკენ. პროგრესია ნატოსთან დაახლოების გზაზეც და ეს საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ მინიჭებით გამოვლინდა. გასულ წელს რუსეთი კვლავაც განაგრძობდა დესტრუქციულ და აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, რაც თბილისმა „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა. და კიდევ ერთი გამოკვეთილი მოვლენა – საქართველომ რუსეთს მოუგო სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში.

წლის მთავარი მოვლენა ევროკავშირს უკავშირდება. 18 დეკემბერს სტრასბურგში (490 ხმით 76-ის წინააღმდეგ) ევროპარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა დოკუმენტისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რომელზე მუშაობაც საქართველომ 2010 წლის ივლისში დაიწყო. ისე მოხდა, რომ ევროპარლამენტში, სტუმრებისთვის განკუთვნილ აივანზე, ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, თანმხლებ პირებთან ერთად.

გიორგი მარგველაშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც დარბაზმა ტაშით დააჯილდოვა - პირველი სხდომის თავმჯდომარის, ხოლო მეორე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის წარდგინებით. მერე დიდხანს იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ არ დაუკრა ტაში მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილს, მაშინ როცა ყოფილმა მოქმედს დაუკრა; ეკადრებოდა თუ არა მოქმედ პრეზიდენტს სტუმრებისთვის განკუთვნილი აივანი და რატომ არ გამოვიდა ის სიტყვით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს და ათასნაირი სხვა მსგავსი საკინკლაო საბაბი, ცხადია, ჩრდილს ვერ აყენებს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია ვრცელი და შრომატევადი გზის გავლის შემდეგ – როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში.

18 დეკემბერს ევროპარლამენტში ბევრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოსთვის წარმოადგენს განვითარებისა და წინსვლის უნიკალურ შანსს და რომ ქვეყანამ ეს შანსი შესაბამისად უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ სამომავლოდ შესაძლოა ევროკავშირის წევრიც გახდეს. როგორც საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან ანდრეის მამიკინსმა აღნიშნა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მას სიხარული და ბედნიერება მოუტანა 18-მა დეკემბერმა, ისტორიულმა დღემ საქართველოსთვის:

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ, ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის თაობაზე და, შესაძლოა, მომავალში ვილაპარაკოთ ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრინციპია გაფართოება, საქართველო კი ევროპული ქვეყანაა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს მიულოცა და საგანგებო განცხადება გაავრცელა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. მისი თქმით, შედეგი უკვე გამოიღო ასოცირების შეთანხმების დროებით რეჟიმში ამოქმედებამ 2014 წლის სექტემბრიდან. იოჰანეს ჰანის ვიდეომიმართვაში ხაზი ესმება კონკრეტულ მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს:

„ვაჭრობის სფეროში 2014 წლის სექტემბრის მონაცემები ადასტურებს, რომ 50 პროცენტით გაიზარდა ევროკავშირში საქარველოდან იმპორტი – ძირითადად თხილისა და მინერალური პროდუქციის სახით. ცხადია, ევროკავშირთან გაზრდილ ვაჭრობას სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ვაჭრობის სფეროს რეფორმირებაში და, კერძოდ, დაეხმარება საშუალო და მცირე საწარმოებს, რათა შეძლონ ადაპტირება ბიზნესის ახლებურ პირობებთან. ამისთვის 51 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს არის კონკრეტული სარგებელი თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

იმისათვის,რომ საქართველომ მტკიცედ გააგრძელოს სვლა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ევროკომისარი მოუწოდებს მას განაგრძოს სასამართლოს სისტემის რეფორმირება და კანონის უზენაესობის განმტკიცება. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს არასაკმარის დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული აღქმა ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა 2014 წელს საერთაშორისო თანამეგობრობასთან საქართველოს ურთიერთობაში. ასე მაგალითად: 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუციაც – ანდრეის მამიკინსის იმ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც მან სექტემბერში საქართველოში სტუმრობის შემდეგ მოამზადა. თუმცა ტექსტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობის შედეგად. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, მაგრამ აქვეა შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული აქცენტები. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოასწოროს ხარვეზები, რომლებიც ასახულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მიერ მომზადებულ ანგარიშში – სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში, სადაც განხილულია ყოფილ თანამდებობის პირთა 14 საქმე.

ეუთოს ბიუროს ანგარიშში, სადაც რამდენიმე ათეული რეკომენდაციაა მოცემული, ვკითხულობთ: „მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოებრივი ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საჯარო განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და დუმილის უფლება, თავისუფლების უფლება, მხარეთა თანასწორობა, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადვოკატის ყოლის უფლება და მოწმეთა დაცვა. ზემოაღნიშნული სამართლიანი სასამართლოს უფლებების განხილვა შესაბამის თავებში შეზღუდულია სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტებით, რომელთა პრობლემურობა იქნა იდენტიფიცირებული“.

2014 წლის კიდევ ერთი მთავარი მოლოდინი ნატოს უელსის სამიტს უკავშირდებოდა. წინასწარვე ნათელი იყო, რომ საქართველო ვერ მიიღებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), მაგრამ მიიღებდა რაღაც ისეთს, რაც დაადასტურებდა მის მნიშვნელოვან წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 4-5 სექტემბერს, უელსის ქალაქ ნიუპორტში გამართულ სამიტზე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს „არსებითი პაკეტი“ შესთავაზა. უელსის სამიტის მიწურულს დამტკიცებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ”არსებითი პაკეტი” ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება და განავითარებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს.

უელსის სამიტის დასრულების შედეგ, მალევე, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დარწმუნებით განაცხადა, რომ საქართველო იქნება უფრო დაცული, რადგანაც ნიუპორტში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქვეყანას ექნება შესაძლებლობები ჰქონდეს საჰაერო და ანტისატანკო თავდაცვის საშუალებები და რომ მოლაპარაკებათა პროცესი უკვე დაწყებული იყო. უშუალოდ ალიანსის რომელი ქვეყნისგან უნდა მიეღო საქართველოს თავდაცვითი სისტემები, ეს არც უელსში და არც შემდეგ არ დაკონკრეტებულა. თუმცა ექსპერტები იმხანად ამას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან - აშშ-ისგან მოელოდნენ:

”ეს არის ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა, - საქართველოსთან ერთად, ბუნებრივია, - რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა და ამით ავამაღლოთ შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის და, ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა”.

საქართველოში ნატო საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებას რომ აპირებს, ეს ბევრჯერ გამეორდა უელსის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე - ვარაუდის დონეზე, ხოლო უელსის სამიტის შემდეგ - უკვე მტკიცე გადაწყვეტილების სახით. ასეთი გეგმის არსებობა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით დაადასტურა როგორც ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ასევე მისმა შემცვლელმა ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგმა.

3 დეკემბერს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდავეთსა და იორდანიას – ალიანსი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად დაეხმარება და რომ საქმე ძირითადად შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის წვრთნები და თავდაცვის სფეროს რეფორმირება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაზეც ილაპარაკა:

„საქართველო ნატოს პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ საწვრთნელი ცენტრის საშუალებით. ეს არის სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ალიანსთან, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა, ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს და ვერ შეაჩერებს პარტნიორობას ნატოსა და სუვერენულ ქვეყანას, საქართველოს, შორის“.

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული... და ნატოს ბოლო სამიტს გავიხსენებთ - ალბათ, იცით, რომ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ შეთავაზების წინადადება დისკუსიის დროს სწორედ გერმანიამ წამოაყენა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 9 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე და ამით შეეცადა უარეყო გავრცელებული აზრი, რომ ბერლინს ნატო-საქართველოს ურთიერთობის მიმართ „კონსერვატიული მიდგომები“ აქვს.

ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ გერმანია მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იმასაც იხსენებენ, რომ, საფრანგეთთან ერთად, სწორედ გერმანიის ძალისხმევის შედეგად, საქართველომ ბუქარესტის სამიტზე ვერ მიიღო ნანატრი MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).

2014 წელს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ ესტუმრა საქართველოს. პირველად ის თბილისს ფრანგ კოლეგასთან - ლორან ფაბიუსთან - ერთად აპრილში ეწვია, ხოლო მეორედ, როგორც უკვე ვთქვით, დეკემბერში. უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, გასული წელი სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა. მათ შორის იყვნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი, ევროკავშირის საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტიჰერმან ვან რუმპე, ევროკომისიის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ თუ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი. და თუკი ისევ ნატოს თემას დავუბრუნდებით, მნიშვნელოვანი სტუმრებისა და მოვლენების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 2-დღიანი ვიზიტი 11 თებერვალს დაიწყო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეგენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობდა.

გასულ წელს საქართველომ როგორც უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ცალკეული ლიდერების მხრიდანაც კვლავ არაერთი მადლობა მიიღო ნატოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 2015 წლიდან კი - ISAF-ის მისიის დასრულების კვალდაკვალ - ქვეყანა ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იქნება ჩართული 750-კაციანი სამხედრო კონტინგენტით. ახალ მისიაში საქართველოს მონაწილეობის შეთნხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს მოახდინა.

პარლამენტმა ასევე დეკემბერში დაუჭირა მხარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის აპრილამდე გახანგრძლივებას. ამასობაში ერთ ასეულს უკვე მეორე ჩაენაცვლა.

2014 წელს რუსეთი კვლავაც გამოირჩეოდა აგრესიული და დესტრუქციული მოქმედებებით სამეზობლოში და, მათ შორის, საქართველოს მიმართაც, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სათავეში მოსვლის დღიდან აქტიურად ცდილობდა ურთიერთობების გაუმჯობესებას მასთან. ამ კონტექსტში საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელი იყო ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან გააფორმა. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით, აბსოლუტურად არალეგიტიმურია და ის დაიგმო კიდეც როგორც საერთაშორისო სტრუქტურების, ასევე ცალკეული ლიდერების სახელით. თბილისი ამ დოკუმენტს „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს და ცდილობს, რომ უფრო მეტი ყურადღება მიიპყროს დასავლეთის მხრიდან, მით უმეტეს, რომ მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება უკვე გადაწყვეტილია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთანაც. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ – ასე მოიხსენიებენ ამ დოკუმენტს ცხინვალი და მოსკოვი. ეს ის სახელწოდებაა, რომელიც, თავის დროზე, სუვერენიტეტის შელახვის შიშით დაიწუნეს სოხუმში. ცხინვალისთვის კი ეს სახელწოდება მისაღებია და, მეტიც, ხინვალის ცალკეული ლიდერები რუსეთთან მთლად შეერთების მომხრეებადაც კი გამოდიან.

მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულება ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე იყო, როცა ამ მიზეზით გამწვავდა პროცესები პრაღის არაფორმალური მოლაპარაკებების სარბიელზეც, სადაც ერთმანეთს ხვდებიან პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. 16 ოქტომბერს, როცა ისინი ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობებისთვის დაწესებული ფორმატის ფარგლებში, აბაშიძემ პრინციპულად დასვა საკითხი საქართველოს ანექსიის საფრთხის თაობაზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას და გრიგორი კარასინს „რადიკალურად განსხვავებული ხედვები“ აქვთ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით და რომ მან გააფრთხილა თანამოსაუბრე, ასეთი მიდგომები ჩვენს საუბარს სირთულეებს შეუქმნისო. ამის მიუხედავად, თბილსმა გადაწყვიტა გაგრძლდეს პრაღის ფორმატი, როგორც საკომუნიკაციო მექანიზმი. კარასინმა თქვა, რომ შეხვედრები იანვარში გაგრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", როგორც ანექსიისკენ გადადგმული სახიფათო ნაბიჯი, განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარემოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 30-ე რაუნდზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა.

ბრალდებები და მოწოდებები რუსეთის ფედერაციისკენ იყო მიმართული და პრობლემა ამ ჭრილში განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალმა პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ, 10 დეკემბერს ჟენევაში სამუშაო დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე:

“ამ დოკუმენტის ხელმოწერა წარმოადგენს აშკარა გამოვლინებას რუსეთის მიზანმიმართული გეგმისა, წინ აღუდგეს სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ კურსს ოკუპაციისა და ანექსიის საშუალებით. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“.

10 დეკემბერს კვლავაც უშედეგოდ დასრულებული 30-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ კრემლის გაღიზიანების მთავარი მიზეზი დაასახელა. „ნატოსკენ საქართველოს თავშეუკავებელი სწრაფვის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის უელსის სამიტზე თბილისს გადაეცა „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“, დაიგეგმა ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე და განახლდა მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, საგანგებოდ აქტუალური ხდება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“, – ეს სიტყვები, სადაც საქართველოს მისამართით გაფრთხილება და ერთგვარი მუქარაც კი შეინიშნება, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, სწორედ უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გააფორმა რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან და მას არავითარი კავშირი არა აქვს „ანექსიასთან“.

2014 წლის 22 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს დეკემბრის შემაჯამებელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს საკითხი და, კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების ჭრილში. როგორც 23 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ, დახურულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა - ლიტვამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ავსტრალიამ:

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ეს არის დაგმობა იმ ხელშეკრულების და უკანონობა, რასაც სჩადის რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ეს არის საფრთხე როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და საფრთხე მთელი ევროპისთვის“.

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ასევე აღინიშნა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერა უგულებელყოფს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს და გამოითქვა შეშფოთება, რომ ანალოგიური „ხელშეკრულების" გაფორმება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც იგეგმება.

ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილებს რომ წარმოადგენენ,ეს 2014 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთხელ დადასტურდა ევროკავშირის, ნატოსა თუ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების - მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ მხარდაჭერა მტკიცე და უცვლელია. რუსეთის თანამოაზრეებად ამ მხრივ რჩება მხოლოდ 3 ქვეყანა: ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. მათ შორის იყო ტუვალუც, მაგრამ 2014 წელს ტუვალუს ახალმა მთავრობამ უკან წაიღო წინამორბედის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებააფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების თაობაზე.

გადაწყვეტილება ტუვალუმ მას შემდეგ შეცვალა, რაც სიდიდით მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა სახელმწიფოში ხელისუფლება შეიცვალა. წყნარი ოკეანის ამ პატარა სახელმწიფოს ფართობი 26 კმ²-ს არ აღემატება, ხოლო მოსახლეობას, სხვადასხვა წყაროს ცნობით, მაქსიმუმ 13 ათასი ადამიანი შეადგენს. რუსეთის თანამოაზრეთა ბანაკიდან ტუვალუს გამოთიშვას ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევენ ექსპერტები.

მიმოხილვის ბოლოს გასული წლის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გავიხსენოთ, რაც კვლავ რუსეთს უკავშირდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს უკვე მეშვიდედ დაამტკიცა საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს დევნილებისა და ლტოლვილების უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წელს მას 69 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო 2013 წელს - 63-მა.

გასულ წელს საქართველომ რუსეთს მოუგო სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში. საუბარია საქმეზე, რომელიც 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივ დაკავებასა და რუსეთიდან დეპორტაციას უკავშირდებოდა - პროცესს, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 3 ივლისის გადაწყვეტილებისა, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა. გადაწყდა, რომ დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG