Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო კურსი და კონსტიტუცია


საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი უკან გაიწვია, ამის მიზეზად კი დასახელდა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის დღის წესრიგი ქვეყნის საგარეო პუნქტის კონსტიტუციაში ასახვის საკითხსაც მოიცავს. უმცირესობა იმედოვნებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობათან დაკავშირებული პრინციპები კონსტიტუციაში აისახება, უმრავლესობის კომრპომისი კი ჯერჯერობით ამ პრინციპის კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვას არ სცილდება.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობასთან დაკავშირებით დეპუტატ გია ბარამიძის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად 5 თებერვლის ბიუროს სხდომაზე იყო ინიცირებული.კანონპროექტის თანახმად, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისკენ და არასდროს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც დომინანტი რუსეთია. დეპუტატ გია ბარამიძის განმარტებით, კანონპროექტი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

”პირველი, ჩვენ გვინდა და, იმედია, ეს უნდა უმრავლესობასაც, რომ საქართველოს კურსი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების არ შეიცვალოს. მეორე, ეს ეხება საქართველოს პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ დეოკუპაციის, მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკა გაგრძელდება და არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. და მესამე მიმართულება ის არის, რომ საქართველო არასდროს არ გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა დსთ, ევრაზიული კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და საბაჟო კავშირი”.
ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს, ორივე მხარეს, გარკვეული კომპრომისების გაკეთება იმისთვის, რომ შეჯერება მოხდეს ამ დოკუმენტის. საკმაოდ რთული პროცესია...
დავით საგანელიძე

კანონპროექტით ასევე იკრძალება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა. გიორგი ბარამიძის თანახმად, კანონპროექტის ინიცირების მიზანი იყო დაკანონდეს ის, რომ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება ხელისუფლების ცვლილებაზე არ იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტი უმცირესობამ გვერდზე გადადო მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებები დასრულდება. ჯერჯერობით ამ მიმართულებით თითქმის მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული მუხლების ვადაზე ადრე ამოქმედებასთან დაკავშირებით. კოალიციისთვის მნიშვნელოვანია ახალი კონსტიტუციის იმ მუხლების ამოქმედება, რომლებიც შეზღუდავს პრეზიდენტს ერთპიროვნულად განახორციელოს მთავრობის დათხოვნა-ფორმირება და ერთპიროვნულად დანიშნოს და გადააყენოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მისულან და მოლაპარაკებები გრძელდება. კონსტიტუციის ცვლილებების გარშემო მოლაპარაკებების შესახებ კი ზოგადად ცნობილია ისიც, რომ მხარეები კომპრომისებისთვის მზად არიან. ეს მედიასთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემაც დაადასტურა:

”ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს, ორივე მხარეს, გარკვეული კომპრომისების გაკეთება იმისთვის, რომ შეჯერება მოხდეს ამ დოკუმენტის. საკმაოდ რთული პროცესია. კონკრეტიკაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არის თემები, რომლებიც სანამ ბოლომდე არ მივა, მისი წინასწარ გაჟღერება შეიძლება არ იყოს კარგი, რათა გარკვეულად საფრთხე არ შეექმნას ამ დოკუმენტის არსებობას”.
არის, ჩვენი აზრით, რამდენიმე მიუღებელი პუნქტი, რომელიც მთლიანად სულისკვეთებას ცვლის. მაგალითად, ის, რომ არ უნდა იყოს გამოკვეთილი საქართველოს სტრატეგიული როლი ამ რეგიონში სხვადასხვა დაპირისპირებებს შორის...
გიგი წერეთელი

მოლაპარაკებების დასრულებამდე და მისი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის ამ დოკუმენტის, ანუ კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის შესაძლებლობის შესახებ უმრავლესობის რიგებიდან უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა. მათ რიგშია რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი:

” პრეამბულაში რომ ითქვას, კონსტიტუციის პრეამბულაში რომ ითქვას ჩვენი ევროპული კურსის ერთგულების შესახებ, ამით არაფერი არ დაშავდება”.

ქვეყნის საგარეო კურსის თობაზე მომზადებული კანონპროექტის უმცირესობის მიერ გაწვევისა და, შესაბამისად, საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგიდან ამოღების მიუხედავად, 18 თებერვალს საგარეო, ევროინტეგრაციისა და დიასპორების საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო კურსზე საუბარი ნაწილობრივ მაინც გაგრძელდა - მათ შორის, საპარლამენტო უმრავლეოსობის სახელით მომზადებულ 14 პუნქტიან დოკუმენტზე, როგორც სამომავლო ინტერფრაქციული შეთანხმების საგანზე. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე უმცირესობა დარჩა ძველ პოზიციებზე.

”არის, ჩვენი აზრით, რამდენიმე მიუღებელი პუნქტი, რომელიც მთლიანად სულისკვეთებას ცვლის. მაგალითად, ის, რომ არ უნდა იყოს გამოკვეთილი საქართველოს სტრატეგიული როლი ამ რეგიონში სხვადასხვა დაპირისპირებებს შორის - იგივე დიდ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების დროს და ასე შემდეგ. ასევე გაუგებარია, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობაში ისეთი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამან რუსეთი არ გააღიზიანოს და ასე შემდეგ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ უნდა იყოს ასეთი ტიპის დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს საგარეო კურსს ეხება“, ამბობს დეპუტატი გიგი წერეთელი.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საგარეო კურსის ურყეობის უზრუნველმყოფელი არც ინტერფრაქციული დოკუმენტი განხილულა. დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება და უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
XS
SM
MD
LG