Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფულე და პატიოსნება


სად, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე პატიოსანი ხალხი? ამერიკულმა გამოცემა „რიდერს დაიჯესტმა“ სცადა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და საამისოდ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ექსპერიმენტი საფულით.

დავუშვათ, საფულე იპოვეთ, მასში ფულით. დაიტოვებთ, თუ შეეცდებით დაუბრუნოთ პირს, ვისაც ის ეკუთვნის?

ეს შეკითხვა დაედო საფუძვლად ჟურნალ „რიდერს დაიჯესტის“ ექსპერიმენტს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 16 ქალაქში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ძირს აგდებდნენ 12 საფულეს - ტროტუარებზე, პარკებში, სავაჭრო ცენტრებთან. თითოეულ საფულეში 50 დოლარი იდო - ადგილობრივ ვალუტაში, ფოტოსურათსა და ტელეფონის ნომერთან ერთად. ამის შემდეგ ჟურნალის კორესპონდენტები შორიდან აკვირდებოდნენ, შეეცდებოდა თუ არა საფულის მპოვნელი საფულის მფლობელის მოძებნას.

გაირკვა, რომ ყველაზე მეტი პატიოსანი ადამიანი ჰელსინკიში ცხოვრობს. იქ 12 საფულიდან 11 დაუბრუნდა მფლობელს. ყველაზე მოკრძალებული მაჩვენებელი კი ლისაბონს აღმოაჩნდა: იქ ერთადერთი საფულე დააბრუნეს, ისიც ჰოლანდიელმა ტურისტებმა...

16 ქალაქის საერთო მაჩვენებელი არის 47%, რაც ნიშნავს, რომ საფულის მპოვნელთა ნახევარზე ცოტა მეტი, 53%, იტოვებდა უცხო საფულეს. თუმცა „რიდერს დაიჯესტის“ ბრიტანული გამოცემის რედაქტორი კეტრინ ჰაფნი, რომლის გუნდმაც ლონდონში ჩაატარა ექსპერიმენტი, ყურადღებას ამახვილებს 47%-ან მაჩვენებელზე, ანუ იმ ადამიანების არცთუ უმნიშვნელო რაოდენობაზე, ვინც ეთიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

გვყავდა ერთი ქალი პოლონეთიდან, რომელმაც საფულე აიღო და ვერ გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ამიტომ თავის უფროსს დაელაპარაკა - ისიც პოლონეთიდანაა. უფროსმა კი პირდაპირ უთხრა: იცი, რა უნდა გააკეთო? ამ ნომერზე უნდა დარეკო და საფულე დააბრუნო...
კეტრინ ჰაფნი
„მაშინ, როდესაც ეკონომიკა დღეს ასეთ მდგომარეობაშია ამდენ ქვეყანაში, ალბათ, ბევრს ებადება შეკითხვა, რა გავლენას ახდენს ეს ვითარება ადამიანის ეთიკურ ფასეულობებზე. ამიტომ ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამდენმა ადამიანმა დააბრუნა საფულე“, ამბობს „რიდერს დაიჯესტის“ ბრიტანული გამოცემის რედაქტორი.

ლონდონში 12-დან სულ ხუთი საფულე დაუბრუნდა მფლობელებს. კეტრინ ჰაფნი:

„გვყავდა ერთი ქალი პოლონეთიდან, რომელმაც საფულე აიღო და ვერ გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ამიტომ თავის უფროსს დაელაპარაკა - ისიც პოლონეთიდანაა. უფროსმა კი პირდაპირ უთხრა: იცი, რა უნდა გააკეთო? ამ ნომერზე უნდა დარეკო და საფულე დააბრუნო, რადგან არ იცი, ვისია ეს საფულე, არ იცი, რა გარემოებებია. იცი მარტო ის, რომ საფულე შენი არ არის და თავის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს“, - ამბობს კეტრინ ჰაფნი ლონდონში ერთ-ერთი საფულის თავგადასავალზე.

სხვათა შორის, ლონდონზე მეტი პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა მოსკოვში, სადაც საფულე 12-დან შვიდმა მპოვნელმა დააბრუნა. თბილისზე ვერაფერს გეტყვით, იქ ეს ექსპერიმენტი არ ჩაუტარებიათ.

პატიოსნებისთვის ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, „რიდერს დაიჯესტის“ ექსპერიმენტის შედეგებით. ვარშავაში შვიდივე საფულე, რომელიც არ დაუბრუნებიათ, ქალებმა - მათ შორის, ხანდაზმულებმა - წაიღეს. ნიუ-იორკში ახალგაზრდებმა დააბრუნეს საფულეები. მეორე მხრივ, ნაპოვნი ფულის მიმართ დამოკიდებულება, როგორც ჩანს, არის დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ფინეთი, რომლის დედაქალაქიც მსოფლიოში ყველაზე პატიოსანი ქალაქი აღმოჩნდა, თავს იწონებს მზარდი ეკონომიკით, - მას სულ 7%-ანი უმუშევრობა აქვს, - მაშინ როცა პორტუგალიის ეკონომიკა ზედიზედ სამი წელია დაღმასვლას განიცდის და უმუშევრობა 17%-ს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG